ირაკლი კობახიძე: ქართული კანონპროექტი, რომელიც არის ინიციირებული „ხალხის ძალის“ მიერ, არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტები ცხადყოფს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს საფრთხეს უქმნის. იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ კანონპროექტზეც, რომელიც ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია. ამას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების (ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ) ბოლოდროინდელი განცხადებებიც მოწმობს, სადაც ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ინიციირებული კანონპროექტი რუსულია და ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ის არ შეესაბამება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მთლიანად შესაბამისობაშია, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, არის ტყუილი.
ანალიზი
14 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, „ხალხის ძალამ“, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. კანონპროექტს მხარი „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, კანონპროექტის ამერიკული ანალოგი ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მთლიანად შეუსაბამოა და ის რუსული კანონის მსგავსია: „ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებათა სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით“. მისივე თქმით, „ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ადამიანის უფლებებთან მთლიანად შესაბამისობაშია“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
რა წერია კანონპროექტში
კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება და ის ასეა განმარტებული:
ა) ისეთი ა(ა)იპ, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტული ფედერაცია… რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) ტელევიზიები, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოში მოქმედ ბეჭდურ საშუალებას ან ინტერნეტგამოცემას და რომლის შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
რაც შეეხება უცხოურ ძალას,კანონპროექტისთანახმად, ასეთად ჩაითვლება:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
სუბიექტი, რომელიც უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ვალდებული იქნება, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირდეს. მასვე ექნება ვალდებულება, განაცხადში ასახოს ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია წინა წლის განმავლობაში მიღებული/დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებული იქნება, იანვრის თვეშისააგენტოსსაფინანსო დეკლარაცია ელექტრონულად წარუდგინოს. აღსანიშნავია, რომ უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერ დროს განახორციელოს.
უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯარო იქნება.
კანონპროექტი შესაბამისი პირობების (მაგ. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა) ადმინისტრაციული სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს - კერძოდ, ფულად ჯარიმას სხვადასხვა მოცულობით, ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა - 25 000 ლარს შეადგენს.
ჯდება, თუ - არა ქართული კანონპროექტი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებში
ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის რუსულმა და უნგრულმა მოდელებმა ევროპული სტრუქტურების მხრიდან - კანონის ფორმულირებიდან, მიზნებიდან და თანმდევი შედეგებიდან გამომდინარე (ამავე თემაზე, იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში), მწვავე შეფასებები დაიმსახურა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ კანონებსა და კანონპროექტის ქართულ ვერსიას შორის არაერთი მსგავსებაა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად შეიძლება ეს კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტსაც მიემართოს.
ტერმინი „უცხოეთის აგენტი“
როგორც აღვნიშნეთ, კანონპროექტის ქართული ვერსიით განისაზღვრება „უცხოურიგავლენისაგენტის“ ცნება. მსგავს ტერმინს („უცხოეთის აგენტი“), ითვალისწინებს რუსული კანონი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ევროპული სტრუქტურების მიერ უარყოფითად არის შეფასებული.
ვენეციის კომისიის 2014 წლის მოსაზრებით (რუსულ კანონთან დაკავშირებით), უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად” რეგისტრაცია, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომა არ არის. კომისიის შეფასებით, მხოლოდ ფაქტი, რომ ორგანიზაცია უცხოურ დაფინანსებას იღებს, ამ ორგანიზაციისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ვერ ამართლებს.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონი, რომელიც უდავოდ ნეგატიური კონოტაციის ტერმინის, „უცხოეთის აგენტის“ მინიჭებას ითვალისწინებს, საზოგადოებაში ეჭვსა და უნდობლობას იწვევს, არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას ახდენს და მათ საქმიანობაზე მსუსხავი ეფექტი აქვს.
ტერმინ „უცხოეთის აგენტთან“ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც (ECHR) იმსჯელა, კერძოდ, გადაწყვეტილებაში, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსეთის კანონს ეხება.
სასამართლოს შეფასებით, „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრაციამ ორგანიზაციებს საჯარო ცხოვრებაში ჩართულობა და საქმიანობის განხორციელება შეუზღუდა. გადაწყვეტილებაში, ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის შექმნა დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი არ იყო და ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა სათანადო და საკმარისი მიზეზები მის შესაქმნელად, ასევე, ვერ აჩვენა, რომ ამით გამჭვირვალობის გაზრდას ხელი შეუწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის“ (და სხვა, მსგავსი შინაარსის ტერმინების) სტატუსის მინიჭების მასტიგმატიზებელ ეფექტს ხაზს, ასევე, უსვამს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR), საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International და იურისტთა საერთაშორისო კომისია (ICJ).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტის” სტატუსს ანიჭებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი, სულ მცირე, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ გამო, ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილ სტანდარტებთან მოდის წინააღმდეგობაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონების მთავარი პრობლემა მხოლოდ ტერმინი „უცხოელი აგენტი“ ან „უცხოური გავლენის აგენტი“ არაა, ისევე, როგორც განსახილველი კანონპროექტის შემთხვევაში. მაგალითად, უნგრული მოდელი „აგენტის“ ნაცვლად იყენებდა ტერმინს „უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“. მიუხედავად შედარებით შერბილებული ტერმინისა, ვენეციის კომისიამ ეს უკანასკნელიც მასტიგმატიზებლად ჩათვალა. საბოლოოდ, ამ და სხვა მიზეზების გამო, საერთაშორისო წნეხის შემდეგ, უნგრეთი იძულებული გახდა სამოქალაქო სექტორის მასტიგმატიზებელი კანონი გაეუქმებინა.
დისკრიმინაციული მოპყრობა
„უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის“ უნგრულ კანონთან მიმართებით, 2020 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა: „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის, დეკლარაციისა და გამოქვეყნების ვალდებულებების დაკისრებით, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იღებენ დადგენილ ზღვარზე მეტ ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთიდან და ითვალისწინებს ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ ასრულებენ ამ ვალდებულებებს, უნგრეთმა შემოიღო დისკრიმინაციული და გაუმართლებელი შეზღუდვები როგორც ამ ორგანიზაციებთან, ასევე იმ პირებთან მიმართებით, რომელნიც მათ დახმარებას უწევენ“.
სასამართლომ კანონი დისკრიმინაციულად მიიჩნია, რამდენადაც ის კონკრეტული, დისკრიმინაციული ნიშნით განასხვავებდა და ზღუდავდა კერძო სექტორში მოქმედ, იდენტური მანდატისა და საქმიანობის ორგანიზაციებს.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებას – კაპიტალის თავისუფალ მიმოქცევას [1]. სასამართლოს განმარტებით, კანონი განსხვავებულ მოპყრობას ითვალისწინებდა ქვეყნის შიგნით მიმოქცევაში მყოფ და უცხო ქვეყნიდან შემავალი კაპიტალის მიმართ, რამდენადაც ის კერძოდ, ექსკლუზიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა მხოლოდ იმ ასოციაციებსა და ფონდებზე, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას უცხო ქვეყნიდან იღებენ.
თანაბარ, ერთნაირ სიტუაციაში დისკრიმინაციულ მოპყრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც კრძალავს, რომელთა ხელმომწერი ქვეყანა საქართველოცაა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში [2] განმარტებული აქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური წარმომავლობა განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზეზი არ უნდა გახდეს. ვენეციის კომისიის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა უცხოურ დაფინანსებასაც ეხება.
ევროპული სასამართლოების მიერ განვითარებული ზემოაღნიშნული მსჯელობა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, „უცხოელი აგენტების“ შესახებ ქართულ კანონპროექტსაც მიემართება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტების თანახმად, „ქართული ოცნების“ კანონპროექტიც დისკრიმინაციულია.
გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რომლის დარღვევის რისკსაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონი ატარებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლებაა.
აღნიშნული უფლების დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონთან დაკავშირებით უკვე დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული ზომების კომბინაციამ: ინსპექტირების დაწესებამ, რეგისტრაციისთვის გათვალისწინებულმა მოთხოვნებმა, სანქციებმა და სხვა შეზღუდვებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ქმედებებზე პირდაპირ იმოქმედა, რის გამოც ზოგიერთმა ორგანიზაციამ არსებობაც კი შეწყვიტა.
გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევა უნგრულ კანონთან მიმართებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომაც დაადგინა და აღნიშნა, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები „ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის“ მე-12 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ შემზღუდავი ზომების მსგავს კომბინაციას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანონპროექტიც ითვალისწინებს: კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას, დაუგეგმავ ინსპექტირებას, სანქციებს და ა.შ. , შეიძლება ითქვას, რომ ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლების უფლებას „ქართული ოცნების“ კანონპროექტიც ეწინააღმდეგება.
პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოების და პირადი ცხოვრების უფლება
„უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის“ უნგრულ კანონთან მიმართებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრული კანონით გათვალისწინებული დეკლარაციის გასაჯაროების ვალდებულება ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ უფლებებს ზღუდავდა, რამდენადაც ის პერსონალური მონაცემების საჯაროდ განთავსებას ითვალისწინებდა.
როგორც ცნობილია, აგენტად დარეგისტრირებული სუბიექტების პერსონალური მონაცემების საჯაროობას „ოცნების“ კანონპროექტიც ითვალისწინებს; ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა (უცნობია, რა მოცულობით) და დამუშავების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს ამ თვალსაზრისითაც ეწინააღმდეგება. კერძოდ კი, პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოებისა და პირადი ცხოვრების უფლებას.
კანონპროექტის მიღების პროცედურული ნაწილი
ვენეციის კომისიამ თავის მოსაზრებაში, რომელიც უნგრეთის კანონპროექტს ეხებოდა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღებამდე საჭირო იყო მასზე საჯარო კონსულტაციების გამართვა. კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ასეთ კონსულტაციებში უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, ორგანიზაციები, რომლებსაც კანონი ამოქმედების შემთხვევაში შეიძლება შეეხოს.
აღნიშნული რეკომენდაციის საპირისპიროდ, საქართველოში არათუ კონსულტაციები იმართება, „ქართული ოცნების“ კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციებისა და პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. კანონპროექტის ინიციირებას სტრატეგიული პარტნიორების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
პარლამენტთან გამართულ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 2 მარტს 36 პირი დააკავეს, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები.
კანონპროექტის მიღების კონტექსტი
გარდა კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემებისა, მნიშვნელოვანია იმ ვითარების გათვალისწინება, რომელშიც ცვლილებების ინიციირება მოხდა.
ვენეციის კომისიამ თავის მოსაზრებაში, რომელიც უნგრეთის კანონპროექტს ეხებოდა, აღნიშნა, რომ კანონის გარკვეული დებულებები შესაძლოა, სტანდარტებთან შესაბამისი იყოს, თუმცა „კანონის მიღების გარშემო არსებული კონტექსტი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვირუსული კამპანიის წარმოება სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, და მათი წარმოჩენა, თითქოს ისინი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, კანონპროექტის დებულებებს პრობლემურს ხდის და ბადებს ეჭვებს, ხომ არ ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით“.
„ქართული ოცნება“ და მისგან ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატები დიდი ხანია არ მალავენ არასამთავრობო სექტორით უკმაყოფილებას, მეტიც, უკანასკნელ წლებში უკვე დაუფარავად ახდენენ მის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული კანონპროექტი სინამდვილეში არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია და არა კანონპროექტით დეკლარირებული მიზნის მიღწევას, არამედ ხელისუფლებისთვის მიუღებელი აზრის ჩახშობას ემსახურება.
დასკვნა
ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტები გვიჩვენებს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს საფრთხეს უქმნის. იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების“ კანონპროექტზეც, რომელიც ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია. ამასვე მოწმობს კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული არაერთი შეფასებაც.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. „მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, ინიციირებული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
კანონპროექტის ინიციირებით შეშფოთებულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელიც. მან საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსული კანონი უწოდა. მისი თქმით, ეს ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის შესახებ, ვინაიდან საქართველოში მოქმედ დონორებს აქვთ ანგარიშგების ძალიან დეტალური სისტემა. „ ეს კანონი ასევე არ არის აშშ-ის კანონი. აშშ-ის კანონი გამიზნულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულია უცხოური მთავრობების მიერ, რათა ამ უცხოური მთავრობების ინტერესები წარადგინონ“, - აღნიშნა დეგნანმა.
28 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა შეშფოთება გამოხატა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი რუსული ტიპის კანონპროექტის თაობაზე და განაცხადა, რომ მისი მიღების შემთხვევაში, კანონს „სერიოზული მსუსხავი ეფექტი“ ექნება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე.
„კანონპროექტი, როგორც ჩანს, ცალკე სამართლებრივ რეჟიმს უწესებს ასეთ სუბიექტებს, რის შედეგადაც, ისინი ანგარიშგების დამატებით მოთხოვნებს, ინსპექტირებასა და სანქციებს ექვემდებარებიან. შეშფოთებული ვარ იმით, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა რიგ პრობლემებს უქმნის ადამიანის უფლებებს, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომისრის წერილში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[1] „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების” 63-ე მუხლი.
[2] CASE OF THE MOSCOW BRANCH OF THE SALVATION ARMY v. RUSSIA, 2007.
რედაქტორის შენიშვნა: თავდაპირველ ვერსიაში ირაკლი კობახიძის განცხადება შეფასებული იყო ვერდიქტით მცდარი. სტატიის ხელახალი ანალიზის შედეგად ვერდიქტი შეიცვალა და განცხადება ვერდიქტით - ტყუილი, შეფასდა. არსებითი ცვლილება სტატიის შინაარსს არ შეხებია. სტატია დამატებითი წყაროებით განახლდა.