ირაკლი კობახიძე: ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში, ეს არის დეპოლარიზაცია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: მმართველი გუნდის კანონპროექტი არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს და ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია, რასაც ადასტურებს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები, მათ შორის, გამოხმაურებები ევროკავშირიდან. ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია როგორც ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან, ისე, ზოგადად, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მეტიც, ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მტკიცებას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი
2 მარტს, გადაცემაში „იმედი LIVE“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციითაა გათვალისწინებული.
„ერთ რამეს ვიტყოდი, საბოლოო ჯამში, რომ შევხედოთ შედეგს, რა იქნება, თუნდაც იმ დისკუსიის, რომელიც იმართება, მგონია, რომ ეს კანონპროექტი და შემდეგ კანონი, ხელს შეუწყობს პირველი პუნქტის შესრულებას, რომელზეც არის საუბარი ევროკავშირის დოკუმენტში, ეს არის დეპოლარიზაცია“, - აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს და ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია. კანონპროექტის ანალიზის გარდა, ამას ადასტურებს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები, მათ შორის, გამოხმაურებები ევროკავშირიდან.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეუთავსებელია როგორც ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან, ისე, ზოგადად, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. „ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, - აღნიშნა მან.
კანონპროექტის ინიციირებით შეშფოთებულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი. მან საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია.
კანონპროექტის ინიციირებას მწვავე შეფასებები მოჰყვა აშშ-იდანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის შეფასებით, რომელიც მან 15 თებერვალს გააკეთა, შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან.
ნედ პრაისმა აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი ეფუძნება რუსულ და უნგრული კანონებს და არა ამერიკულს.
კიდევ ერთი შეფასება ნედ პრაისმა კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე“.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამაც გამოხატა. „მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“, - ვკითხულობთ გაეროს წარმომადგენლობის განცხადებაში.
7 მარტს მმართველი პარტიის კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ამ და კიდევ არაერთი სხვა განცხადების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მმართველო გუნდის კანონპროექტი არათუ ხელს შეუწყობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან რომელიმეს შესრულებას, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის/შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამაზე ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ.
სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და მედიის თავისუფლებას ევროკავშირი დემოკრატიის საფუძვლად მიიჩნევს. ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდის კანონპროექტი მიმართულია განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისა და გარიყვისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან, ამასთან, ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ კონკრეტულ პირობებს, მისი მიღება საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი მნიშვნელოვნად შეამცირებს,
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.