ზურა მელიქიძე: ცესკოს ვებგვერდზე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია დანართი სომხურ ენაზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურა მელიქიძეს გაცხადება არის მეტწილად სიმართლე
ანალიზი
2022 წლის 9 დეკემბერს, ახალქალაქის რეგიონული საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის ძირითადი მიზანი ცესკო-ს მიერ ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების გაცნობა იყო. ახალქალაქის რეგიონული საარჩევნო კომისიის მდივანმა ზურა მიქელაძემ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „ეთნიკური უმცირესობებისთვის ცესკოს ვებ-გვერდს აქვს დანართი სომხურ ენაზე, რომელშიც მოცემულია სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ რეგიონების მიხედვით, ინფორმაცია ამომრჩეველთა რაოდენობის, კანდიდატებისა და არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ცესკოს სამუშაო განრიგის შესახებ“.
„ფაქტ მეტრმა“ გააამოწმა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს.
ცესკოს ვებგვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულია ბანერი სამ ენაზე, წარწერით „ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისათვის“, მართლაც არის განთავსებული. 2022 წლის ინფორმაციის გარდა, ყველა დანარჩენი წლების მონაცემები ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
ბანერის ბმულზე გადასვლისას მოქალაქეს შეუძლია ნახოს შემდეგი ინფორმაცია:
- ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
- ვის შეუძლია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
- როგორ ხდება სამუშაო ჯგუფში მიღება;
- ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები;
- ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ნათარგმნი ბიულეტენების მისაწვდომობა;
- ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 7 მარტს, „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობაში ყველაზე მსხვილი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების ენებზე - სომხურად და აზერბაიჯანულად ცესკოს ვებგვერდი და საარჩევნო ინფორმცია საკმარისად ხელმისაწვდომი არაა. ფაქტობრივად ინფორმაცია საიტზე არსებობს, თუმცა, ქართული ენის ფლობის გარეშე, სომხურ ან აზერბაიჯანულუნევანი მოქალაქე ვერ მიაგნებს კონკრეტულ გვერდებს. იმ მომენტისთვის ცესკოს საიტზე მსგავსი ბანერი ვერ მოვიძიეთ, თუცა შემდგომში სტატიას გამოეხმაურა ცესკო და მოგვმართა წერილით, სადაც მიუთითა, რომ საიტის ქვედა ნაწილში ხელმისაწვდომია სამენოვანი სპეციალური ბანერი, სადაც განთავსებულია ინფორმცია ეთნიკური უმცირესობებისთვის. ასევე, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ბანერი „ამომრჩეველთა სია“, სადაც შესაძლებელია საარჩევნო უბნის გადამოწმება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.
ცესკოს განმარტებით, ამჟამად საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაში შემავალი ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების შესახებ (რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები, ინფორმაცია კანდიდატებზე (სახელი, გვარი, წარმდგენი სუბიექტი), პარტიული სიები) ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ქართულ ენაზე, თუმცა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციას იღებენ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნილი საარჩევნო ბიულეტენების საშუალებით.
„დამატებით, ინფორმაციისთვის, გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად გამოიყენებს ახალ მიდგომას, რაც გულისხმობს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის აქტივობების დაგეგმვის დროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას“,-აღნიშნულია ცესკოს მიერ შეთავაზებულ ინფორმაციაში.
შესაბამისად, ზურა მელიქიძეს განცხადება, რომ ცესკოს ვებგვერდზე დანართის სახით ხელმისაწვდომია ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის, „ფაქტ მეტრის“ დასკვნით, არის მეტწილად სიმართლე. ეს ინფორმაცია საიტზე ნამდვილად არის განთავსებული, თუმცა არასრულად.