საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობები მთლიანი მოსახლეობის 13,2%-ს შეადგენენ. აქედან ორი ყველაზე მსხვილი ჯგუფიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომპაქტურად დასახლებულია ქვემო ქართლსა და კახეთის ნაწილში, ხოლო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა - სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ახალი კვლევა - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზია (გარიყვა)“ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს ქართულ სიტყვებს. ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია 60%-ს, ხოლო ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება - 84%-ს.
„ცესკოს ვებგვერდზე ეთნიკური უმცირესობებისთვის არის აპლიკაცია სომხურ ენაზე, სადაც მოცემულია სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ რეგიონების მიხედვით, ამომრჩეველთა რაოდენობისა და კანდიდატების შესახებ და ცესკოს მუშაობის გრაფიკის თაობაზე“,- განაცხადა ახალქალაქის რაიონული საარჩევნო კომისიის მდივანმა ზურა მელიქიძემ 2022 წლის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის - აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით - ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზეც უნდა განთავსდეს.
ახალქალაქის რაიონული საარჩევნო კომისიის მდივან ზურა მელიქიძის სიტყვით, ცესკო ყველაფერს აკეთებს, რათა საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად მოერგოს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებას. „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდი ეთნიკური უმცირესობებისთვის და რამდენად მარტივია ზემოაღნიშნული „აპლიკაციის“ მიგნება.
აქვე ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცესკოს ვებგვერდი ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ფიზიკური პირის პირადი მონაცემებისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში საარჩევნო უბნის გადამოწმებისთვის განკუთვნილი ლინკი მხოლოდ ქართულენოვანია. ამასთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელ სოფიო სიჭინავას, რომელმაც განმარტა, რომ თუ შევიყვანთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ან სოფელში დარეგისტრირებული პირის მონაცემებს, ინფორმაცია სომხურ ენაზე გაიხსნება.
აღნიშნულ ვებგვერდზე შევიყვანეთ თბილისში, ახალქალაქსა და ქვემო ქართლის რეგიონში დარეგისტრირებული ფიზიკური პირების მონაცემები. თბილისის შემთხვევაში, მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი) აისახა მხოლოდ ქართულ ენაზე, ახალქალაქისა და ქვემო ქართლის შემთხვევაში - ქართულ და სომხურ ენებზე.
როგორ უნდა იპოვოს აღნიშნული საიტი სამცხე-ჯავახეთის ან ქვემო ქართლის რომელიმე სოფლის მაცხოვრებელმა? კითხვაზე სიჭინავამ უპასუხა, რომ ცესკო ამაზე ზრუნავს, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ავრცელებს ფლაერებს, ასევე მოსახლეობას ინსტრუქციები ადგილობრივი მედიის მეშვეობით მიეწოდება. თუმცა, თუ კონკრეტულმა მოქალაქემ ინფორმაცია მედიითა და ფლაერებით ვერ მიიღო, არც voters.cec.gov.ge ქართულენოვანი ვებგვერდის არსებობა იცის და საარჩევნო კანდიდატებზე, პროცესებზე ინფორმაციის გაგებას cesko.ge-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ეცდება, ნახავს, რომ მონაცემები სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ხელმისაწვდომი არაა.
ცესკოს ვებგვერდზე არსებობს ცალკე გვერდები ეთნიკური უმცირესობებისთვის, თუმცა ვნახოთ, რამდენად მარტივია ეთნიკური უმცირესობებისთვის მათი მიგნება: პირველ რიგში, ამომრჩევლების კატეგორიაში ვპოულობთ ქვეკატეგორია „ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის“ (ქართულ ენაზე)
აქედან გადავდივართ ქვეკატეგორიაში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ქართულ ენაზე უნდა იპოვონ მათთვის საინტერესო წელი და მონაცემები.
პირობითად, ამ სიაში 2021 წლის არჩევნების მონაცემების არჩევით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საბოლოოდ მიაგნებს საინტერესო ინფორმაციას და მას უკვე მშობლიურ ენაზე წაიკითხავს.
რაც შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, ის აქ არ იძებნება. ვებგვერდის ამ ნაწილში შეტანილია მხოლოდ შემდეგი მონაცემები:
· ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი;
· ვის შეუძლია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
· როგორ ხდება სამუშაო ჯგუფში მიღება;
· ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები;
· ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ნათარგმნი ბიულეტენების მისაწვდომობა;
· ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირება და სხვა.
ცესკოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირება ხორციელდება შემდეგი წესით:
„ცესკო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისთვის სერვისების შესახებ ვიდეორგოლის მომზადებას;
ყველა ვიდეორგოლი ნათარგმნია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და განთავსებულია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივ მედიასაშუალებებში.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეუძლიათ.
ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის (2 51 00 51) საშუალებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩევლებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
ეთნიკური უმცირესობების ენებზე გადათარგმნილი ცესკოს გეგმის ნაწილიც არის ხელმისაწვდომი ჰიპერლინკის სახით,- აღნიშნულია ვებგვერდზე.
სოფო სიჭინავას თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას უკეთ ფლობენ, ვიდრე, მაგალითად, 2012 წელს, ამიტომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული სტრატეგია განსხვავებული უნდა იყოს. შესაბამისად, სამომავლოდ იგეგმება ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც ეთნიკური უმცირესობების ცალკე გამოყოფა აუცილებელი აღარ იქნება.