სოციალურ ქსელ Facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული პოსტები ვრცელდება (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3). დეზინფორმაციული მესიჯები, ასევე, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ამერიკულ ვარიანტზეც (FARA) ვრცელდება.

მტკიცება 1: ევროპარლამენტი ანალოგიურ კანონს იღებს. კანონპროექტი ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ - EPP-იმ წარადგინა

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ინიციირების უფლება მხოლოდ ევროკომისიას აქვს. ევროპულ პარლამენტს შეუძლია, ხმათა უმრავლესობით კონკრეტული საკითხის გადაჭრის შესახებ საკანონმდებლო წინადადების შემუშავების თხოვნით კომისიას მიმართოს. კომისიის მიერ კანონპროექტის დაინიციირების შემდეგ პარლამენტში განხილვის პირველი ეტაპი იწყება.

ანალოგიური, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის, არც დაინიციირებას და არც განხილვას ევროპარლამენტში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტი ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პარტიამ - EPP-იმ დააინიციირა.

მიმდინარე წლის თებერვალში, საპარლამენტო დებატებისას „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში FARA-ს ანალოგიური კანონის შექმნის ინიციატივით მართლაც გამოვიდა. დებატებისას პარტიის წევრმა, მონიკა ჰოლმეიერმა განაცხადა: „კორუფციის სკანდალი, სადაც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კაილი მონაწილეობდა, აჩვენებს რომ NGO-ები შესაძლოა მესამე ქვეყნებმა გამოიყენონ მათი ინტერესებისა და კრიმინალური მცდელობებისთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება NGO-ების დაფინანსებისა და აქტივობების გამჭვირვალობა. ჩვენ გვჭირდება ამერიკული FARA-ს ევროპული ეკვივალენტი. არ უნდა მოხდეს, რომ მესამე ქვეყნებმა და კრიმინალებმა შეძლონ NGO-ების გამოყენებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა, მოსყიდვა და ევროკავშირის თანხების მოპარვა...

NGO-ების ფინანსური და არაფინანსური ბრუნვა ცნობილი უნდა გახდეს შესაბამისად... ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო სიაში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ ისინი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი აუდიტორებისა და ორგანიზაციებისთვის.

ასევე, ხარჯები უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თანხები იხარჯება ისე, როგორც გათვლილი იყო.

მესამე, დემოკრატიული ანგარიშვალდებულება ჩემთვის ევროპული ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. NGO-ებმა ევროკავშირის ღირებულებებს პატივი უნდა სცენ და ეს უნდა იყო ასახული მათ ორგანიზაციულ სტრუქტურაში. ამას ველით ევროკომისიისგან, რომ ისინი სისტემურად აკვირდებიან“.

აღნიშნული თემის წამოწევა ე.წ. კატარგეიტის კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომელშიც ყოფილი და ამჟამინდელი ევროპარლამენტარები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გაეხვა. როგორც ცნობილია, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის კატარი, სკანდალში გახვეულ ბრალდებულებს ფულსა და საჩუქრებს უგზავნიდა, სანაცვლოდ კი კონკრეტული ქვეყნის სასარგებლოდ, ევროპარლამენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ითხოვდა. ამ ყველაფრისთვის ბრალდებულები არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივამ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. გერმანელმა სოციალისტმა, უდო ბულმანმა განაცხადა: „არ მგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე „კუდიანებზე ნადირობა“ უნდა გამოვაცხადოთ“. მწვანეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული კორუფციის და არა NGO - სკანდალია.

„კატარგეიტთან“ საპასუხოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მიერ შემუშავებულ რეფორმების საპასუხო პაკეტში FARA-ს მსგავსი ინსტრუმენტის შექმნა არ შედის.

ზემოთ ხსენებული დებატების შემდეგ, პარლამენტმა 16 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტი ევროპული ინსტიტუტების სანდოობის გასაძლიერებლად მექანიზმებს მოიცავს. რეზოლუციის თანახმად გათვალისწინებულია შემდეგი:

• ევროპარლამენტის ეთიკის კოდექსის უკეთესი იმპლემენტაცია;

• თანხმობის პროცედურა მესამე ქვეყნების მიერ დაფინანსებულ ვიზიტებზე და დამატებითი შემოწმება ევროპარლამენტარების ასისტენტებისა და პარლამენტის მომუშავეთათვის, რომლებიც ისეთ სენსიტიურ სფეროებში მუშაობენ, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა;

• წევრთა კოდექსის მრჩეველთა კომიტეტის რეფორმირება, რათა მან იმუშაოს სანამ ევროკავშირის დამოუკიდებელი ეთიკის ორგანო შეიქმნება;

• ანგარიშების დეკლარირება ევროპარლამენტარების მხრიდან თითოეული მანდატის დაწყებისას და დასრულებისას.

• გამჭვირვალობის რეესტრისთვის ადეკვატური რესურსები და დეპუტატთა, ასევე მათთან მომუშავე პირების და პარლამენტის თანამშრომლების ვალდებულება დეკლარირება გაუკეთონ ისეთ შეხვედრებს მესამე ქვეყნის დიპლომატებთან, რომელთან ექნება „აქტიური როლი და ცალსახა და დაუყოვნებლივი გავლენა“ პარლამენტარების საქმიანობაზე. აღნიშნული არ ეხება იმ გამონაკლისს, როდესაც მსგავსი დეკლარირებით უსაფრთხოების რისკი ჩნდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს იღებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამჭვირვალობა ევროკავშირისთვის, მართლაც, საკვანძო საკითხია და ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, მით უფრო, კორუფციული სკანდალის შემდეგ. თუმცა გაერთიანების მასშტაბით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დისკრიმინაციულ შეზღუდვებს მხოლოდ იმ საფუძვლით უწესებს, რომ ისინი უცხო ქვეყნიდან ფინანსდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ტიპის კანონები, რაც საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიციირა, ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ევროპარლამენტმა ანალოგიური კანონის მიღება დაუშვას.

მტკიცება 2: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს/ევროინტეგრაციას/კანდიდატის სტატუსის მიღებას

ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით ერთ-ერთ დეზინფორმაციული გზავნილის თანახმად, ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-სა და ევროპაში. გზავნილის ავტორების მტკიცებით, სწორედ ამის გამო, უმრავლესობის კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ, არ შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროინტეგრაციასთან და ევროკავშირის სტანდარტებს.

როგორც უკვე განვმარტეთ, აშშ-ში მოქმედი FARA მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობის მიერ საქართველოს პარლამენტში დაინიციირებულ და უკვე ჩაგდებულ კანონპროექტისგან. რაც შეეხება ევროპულ სახელმწიფოებს, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ტელევიზიებს უცხოეთის აგენტად რეგისტრირებას მხოლოდ იმის გამო ავალდებულებს, რომ მათი შემოსავლის წყაროს გარკვეული ნაწილი უცხო ქვეყნიდანაა. აქედან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ უმრავლესობის მიერ დაინიციირებული კანონპროექტის ანალოგიური კანონები აშშ-სა და ევროპაში მოქმედებს.

გარდა ამისა, ფაქტს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ უმრავლესობის კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებსა და საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები ადასტურებს. ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელი იყო როგორც ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან, ისე, ზოგადად, ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მათივე შეფასებით, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დაუჭერდა მხარს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე იქნებოდა პასუხისმგებელი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ უმრავლესობის კანონპროექტი არ ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირს/ევროინტეგრაციას, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება 3: უმრავლესობის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკულია

მტკიცება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკულია, ან/და მას ეფუძნება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

აშშ-მა FARA (Foreign Agents Registration Act) 1938 წელს მიიღო უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ, რომელიც განსაკუთრებით ნაცისტური წყაროებიდან და საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. დღეისთვის, FARA, ძირითადად, ისეთი ქვეყნებისკენაა მიმართული, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და რომლებიც მტრულ სახელმწიფოებად მოიაზრება.

ცივი ომის დასრულების შემდეგ FARA-ს გამოყენების საჭიროება ძალიან იშვიათად დგებოდა, თანაც ძირითადი შემთხვევები პოლიტიკური ლობირების ფაქტებსა და ტერორისტული საქმიანობების დაფინანსების პრევენციას ეხებოდა. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესში რუსეთისა და ჩინეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების გავრცელებასთან ერთად, FARA კვლავ აქტუალური გახდა. ამ ფაქტს, თავის მხრივ, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უკანონო საქმიანობის გამოვლენა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის არაერთი შემთხვევა მოჰყვა.

მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი და უკვე ჩაგდებულიკანონპროექტისგან:

• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.

• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას. მაგალითად, ტელეკომპანია BBC, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელია, FARA-ს მიხედვით არაა დარეგისტრირებული, მაშინ როდესაც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებულ Russia Today დარეგისტრირება მოუწია, რადგან ამ უკანასკნელის სახელმწიფო დაფინანსების გარდა, რუსეთის სახელმწიფო მის სარედაქციო კონტროლსაც ახორციელებს.

• აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია. FARA-ს შესაბამისად შექმნილ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა რეესტრში, ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად არ იძებნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება, რომ უმრავლესობის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ან მასზე დაფუძნებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, FARA უმრავლესობის კანონპროექტისგან, რომელიც კონკრეტულად ა(ა)იპ-ებისა და მედიის შეზღუდვის მიზნითაა შექმნილი, ფუნდამენტურად განსხვავდება.


მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია