სოციალურ ქსელ Facebook-ზე მილანში ამერიკის საკონსულოს ოფიციალური Twitter-ის ანგარიშზე განთავსებული პოსტის ფოტო-ანაბეჭდი ვრცელდება (1,2,3). გამოქვეყნებულ ფოტოზე უკრაინის დროშის უკან ნაცისტური გერმანიის დროშა ჩანს. პოსტს თან შემდეგი ტექსტი ახლავს: „სიმართლე ყველამ ვიცით!“. აღნიშნული ინფორმაცია რუსულენოვანი Facebook-ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1,2,3).
მილანში ამერიკის საკონსულოს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნული ფოტო მართლაც გამოჩნდა. თუმცა, რეალურად, პოსტი ჰაკერული თავდასხმის შედეგად გამოქვეყნდა და US Consulate Milan-ის ოფიციალურმა ანგარიშმა ის რამდენიმე საათში წაიშალა.
27 თებერვალს, ამერიკის საკონსულომ Twitter-ის ანგარიშზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საკონსულოს ოფიციალური გვერდი ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. განცხადების თანახმად, დამნაშავეებისა და ჰაკერული თავდასხმის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მილანში ამერიკის საკონსულო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, საკონსულოს Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე მსგავსი შინაარსის არც ერთი პოსტი არ იძებნება.
------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.