შალვა პაპუაშვილი: ღალატის მუხლის გაუქმებით უცხოელის და საქართველოს მოქალაქის დანაშაული თანაბრად ფასდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2025 წლის 25 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მან კომენტარი სისხლის სამართლის კოდექსში „ღალატის მუხლის“ დაბრუნებაზეც გააკეთა.
„რაც შეეხება ღალატის მუხლს, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა და დღეს სურთ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს დანაშაულები ისედაც ისჯება, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ისინი ცდილობენ და სინამდვილეში რატომაც გააუქმეს ეს მუხლი. ... [ღალატის მუხლის] დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ გამიჯნოს ერთმანეთისგან მოქალაქე და არამოქალაქის მხრიდან ჩადენილი დანაშაული და როდესაც ეს დანაშაული ჩადენილია მოქალაქის მხრიდან, მას ეძლევა სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სისხლის სამართალში, რომ დანაშაულს ჰქონდეს სწორი დასახელება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ დანაშაულის დროს არის კონკრეტული სანქცია სასჯელის სახით, ვთქვათ პატიმრობის სახით, ან ასე არის სანქცია, ამას გარდა სისხლის სამართლის პრინციპი არის ასევე საზოგადოებრივი გაკიცხვა, რომელიც მოსდევს დანაშაულს, ამიტომ დანაშაულის სახელწოდებაც არის ნაწილი იმ შეფასებისა, გაკიცხვისა და სანქციისა, რომელიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ გამოდის. შესაბამისად, ის, ვინც ჩაიდენს სამშობლოს ღალატს, მას უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც სხვა რიგითი დანაშაულის სახელი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა” შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.
შალვა პაპუაშვილი საკითხს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს, 2007 წელს, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სამშობლოს ღალატის მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებით, საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, გაკიცხვადობის თვალსაზრისით ამავე დანაშაულის ჩამდენ საქართველოს არამოქალაქე პირებს გაუთანაბრა.
2007 წლის 27 აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი გვთავაზობდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ჩამონათვალს და მათ ყველას სახელად „სახელმწიფო ღალატს“ არქმევდა. ამ ჩამონათვალში შედიოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა), 309-ე (ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება), 310-ე (საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა), 311-ე (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა), 312-ე (საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა), 313-ე (სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა), 314-ე (ჯაშუშობა), 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად), 318-ე (საბოტაჟი) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები.
2007 წლის 27 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ 307-ე მუხლი კოდექსიდან იქნა ამოღებული, თუმცა ის მუხლები, რომლებსაც კოდექსის 307-ე მუხლი ჩამოთვლიდა და ყველას ერთიანად ერთ სახელს - „სახელმწიფოს ღალატი“ არქმევდა, კოდექსში უცვლელად დარჩა. შესაბამისად, 2007 წლის 27 აპრილის ცვლილებების შემდგომ არცერთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ითვალისწინებდა, არ გაუქმებულა. აღნიშნული დანაშაულები დღემდე დასჯადია და მათ აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის კარი მეთერთმეტე - დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
განცხადების მე-2 ნაწილის მიხედვით, „ღალატის მუხლის“ დაბრუნება კიდევ ერთ მიზანს, საზოგადოების მხრიდან დანაშაულის ჩამდენი პირის გაკიცხვას უკავშირდება. პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებრივი გაკიცხვა, სისხლის სამართლის პრინციპია, ის მოსდევს დანაშაულს და არის სანქციის ნაწილი.
სისხლის სამართლის პრინციპებია - კანონიერების პრინციპი („არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“); კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი; ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი („არ არსებობს დანაშაული ბრალის გარეშე“), პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი (სისხლის სამართლის ყოველი სუბიექტი ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე მართლწესრიგის დაცვისთვის); პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პრინციპი; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი; სამართლიანობის პრინციპი (მაგ. ორჯერ დასჯის დაუშვებლობა) და ჰუმანიზმის პრინციპი (ადამიანის, როგორც უმაღლესი ღირებულების გათვალისწინება საზოგადოების ნებისმიერ სფეროში).
საზოგადოების მხრიდან დანაშაულის ჩამდენი პირის გაკიცხვა არა მხოლოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პრინციპს, არამედ წინააღმდეგობაშიც მოდის ჰუმანიზმის პრინციპთან, რომელთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, „სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება“.
საზოგადოებრივი გაკიცხვა ნამდვილად არსებობდა - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1960 წელს მიღებულ სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც ის რეგულირდებოდა, როგორც სასჯელის სახე. ამ კოდექსის მიხედვით, ადამიანებს დასჯიდნენ, მათ შორის, გადასახლებით, გასახლებით, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. თუმცა, თანამედროვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ეს პრაქტიკა აღარ გამოიყენება.
თანამედროვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაკიცხვა მხოლოდ ერთხელ - სწორედ საბჭოთა კანონმდებლობის კონტექსტშია ნახსენები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კანონმდებლობამ გადასახლებით, გასახლებით, საზოგადოებრივი გაკიცხვით, შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში გაგზავნით, მშობლის უფლების ჩამორთმევით დასაჯა, გაათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან ნასამართლობის მოხსნით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის გასამართლების არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს მეშვეობით პირის გაკიცხვაში მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. დასკვნა პირის დამნაშავეობის შესახებ და მით უფრო სასჯელის დანიშვნა, რომელშიც ვლინდება, რას იმსახურებს სამართალდამრღვევი პირი სასამართლოს შეფასებით, გარდაუვალად შეიცავს გაკიცხვის ელემენტს. სისხლისსამართლებრივი წარმოების კონტექსტში პირის დამნაშავედ ცნობა და ნაგულისხმევი გაკიცხვა, თავის მხრივ, ახდენს გავლენას შესაბამისი პირის რეპუტაციაზე და ამ პირის აღქმაზე საზოგადოების სხვა წევრების მიერ.[1]
ამრიგად, საზოგადოების მხრიდან პირის გაკიცხვა სისხლის სამართლის პოლიტიკის თვითმიზანი კი არა, ის თანმდევი შედეგია, რაც გარდაუვალად ახლავს თან სისხლისსამართლებრივი წარმოების კონტექსტში პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების თაობაზე დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის” სტატიები - ბმული 1; ბმული 2; ბმული 3.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლის ამოღებით არც გაკიცხვადობის და არც სასჯელის ზომის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.