ჩვენ ვთქვით, რომ გამჭვირვალე გახადეთ, საიდან ფინანსდებით

დავით გაბაიძე:თქვენი განცხადება, რომ ჩვენ [„ქართულმა ოცნებამ“] ავუკრძალეთ ვინმეს ფინანსების მიღება, არ არის სიმართლე. ჩვენ ვთქვით, რომ გამჭვირვალე გახადეთ, საიდან ფინანსდებით.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით გაბაიძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ რეგიონულმა ლიდერმა დავით გაბაიძემ „აჭარა თაიმსის“ კითხვებს უპასუხა, რა დროსაც მან თქვა: „თქვენი განცხადება, რომ ჩვენ [„ქართულმა ოცნებამ“] ავუკრძალეთ ვინმეს ფინანსების მიღება, არ არის სიმართლე. ჩვენ ვთქვით, რომ გამჭვირვალე გახადეთ, საიდან ფინანსდებით“.

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 14 მაისს მიიღო, ხოლო 28 მაისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის შემდეგ, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით კანონი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. აღნიშნული კანონის მიღება „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლით ადრეც სცადა. მაშინ კანონპროექტში გამოყენებული იყო ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“. ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონის მიღებაზე მაშინ უარი თქვა და დაპირება გასცა, რომ კანონპროექტს აღარ დააბრუნებდა.

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა არა მხოლოდ ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, არამედ ის საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ინსტიტუტებმაც გააკრიტიკეს. 21 მაისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად გამოცხადება „ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მის საქმიანობას“. ასევე „ზღუდავს სტიგმატიზებული ჯგუფებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებს და ამასთან, სერიოზულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს გამოიწვევს, რაც, „უდავოდ, გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ამ ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებას. ამავე მოსაზრების თანახმად, „სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზაციის გამომწვევი დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის“. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონი სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და საბოლოო გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიებსაც, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. განსაკუთრებით ეს ეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებს, რომელთა გაქრობაც უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სენსიტიურია ორგანიზაციების დოკუმენტების საჯაროობის ნაწილიც, რადგან ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას, მაგალითად, კორუფციის გაშუქებაზე კონცენტრირებული ორგანიზაციების არსებობას, რადგან მათი იდენტიფიცირება მათ სტიგმასა და შევიწროებას ახალისებს. ასევე აკრიტიკებს სანქციებთან დაკავშირებულ ჩანაწერს, მიუთითებს, რომ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციებია გათვალისწინებული იმ სუბიექტისთვის, რომელიც არღვევს კანონით ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო, ბოლო ცვლილებებმა კიდევ დააწესა ჯარიმები 5000 ლარის ოდენობით, „პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობაზე“. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ სანქციები, რომლებსაც შეუძლია შეაჩეროს ორგანიზაციების ეფექტური მუშაობა, განსაკუთრებული ხასიათისაა და ისინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა სერიოზულ, ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ან ცალკეული ჯგუფების უსაფრთხოებას ან დემოკრატიულ პრინციპებს.

აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებს ეუთო/ოდირი თავის დასკვნაშიც, რომელიც გასული წლის 30 მაისს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებს და არ ეხებოდეს კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას. ეუთო/ოდირის დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ კანონი ავტომატურად აკავშირებს შემოსავლის უცხოურ ან საერთაშორისო წყაროს „უცხო სახელმწიფოს“ ინტერესებთან, რაც გაუმართლებელია. „ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას კონკრეტული არაქართული სუბიექტისგან, თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს, რომ იგი ახორციელებს ამ ერთეულის ინტერესებს (ან რომელიმე უცხოურ ინტერესს), ან რომ ორგანიზაცია გარკვეულ ინტერესებს ატარებს მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამო... შესაბამისად, კანონი აწესებს შეზღუდვებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია უცხოური და საერთაშორისო წყაროებიდან დაფინანსებისა და სხვა რესურსების მიღებასთან, რაც დაცულია გაერთიანების თავისუფლების უფლებით“, - წერია დოკუმენტში და იქვე აღნიშნულია, რომ დაფინანსების მხოლოდ უცხოური წარმოშობა, თავისთავად, დიფერენცირებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზეზს არ წარმოადგენს.

2024 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი ე. წ., რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით. დეკემბერში კი, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა სასამართლოს საოქმო ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: „(მედია)ორგანიზაციების არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათ მიმართ არსებობდეს ნდობა, როგორც საზოგადოების/მაყურებლის, ისე უშუალოდ ბენეფიციართა და დონორთა მხრიდან. ამ ორგანიზაციებისათვის მასტიგმატიზირებელი იარლიყის მინიჭება და მათთვის მინდობილი ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების ან ამ ინფორმაციაზე თუნდაც მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ ხელმისაწვდომობის რისკის გაჩენა, სრულიად ანადგურებს ამ ნდობას, რაც (მედია)ორგანიზაციის ფუნქციონირებას და მათი მიზნების მიღწევას ხდის შეუძლებელს. ისინი კარგავენ როგორც ბენეფიციარებს და ინფორმაციის მომწოდებელ წყაროებს, ისე დონორებს და, ხშირად, უალტერნატივო უცხოურ დაფინანსებას“. ამავე ოქმში ვკითხულობთ: „მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ჟურნალისტურ გამოძიებას და ამზადებენ კრიტიკული შინაარსის სიუჟეტებს, ძირითადად, აფინანსებენ უცხოური დონორები, ვინაიდან ქართველ ბიზნესმენებს არ უნდათ მსგავს ორგანიზაციებთან აფილირება. ამ ორგანიზაციებს ინფორმაციის მომწოდებელ წყაროებთან დადებული აქვთ ანონიმურობის დაცვისა და გაუთქმელობის პირობა. თუ ეს ორგანიზაციები სადავო კანონს დაემორჩილებიან, მათ მოუწევთ სახელმწიფოსათვის ისეთი დოკუმენტების გადაცემა, რითაც წყაროებთან კანონის ამოქმედებამდე დადებული კონფიდენციალურობის დაცვის პირობა დაირღვევა. მსგავსი პრეცედენტების არსებობის შემთხვევაში, ამ მედიაორგანიზაციებთან აღარავინ ითანამშრომლებს. მეორე მხრივ, თუ მსგავსი ტიპის მედიაორგანიზაციები არ ითანამშრომლებენ სახელმწიფოსთან და არ დაემორჩილებიან რეგისტრაციის, საფინანსო ანგარიშგების წარდგენისა და მონიტორინგის პროცედურებს, სახელმწიფო მათ დააკისრებს დიდი ოდენობის ჯარიმებს, რომელთა დაფარვას, დონორებისგან გამოყოფილი მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ორგანიზაცია ვერ შეძლებს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყებას და, საბოლოოდ, ამ ორგანიზაციებს მიიყვანს გაკოტრებამდე ან თვითლიკვიდაციამდე“.

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოშობს ისეთ შემზღუდავ გარემოებათა ერთობლიობას, რომელთა ჯამური შედეგიც, მათ შორის მედიაორგანიზაციებისთვის, ჯერ - ფინანსური პრობლემების წარმოქმნას, შემდგომ კი დახურვას გამოიწვევს.

ამდენად, დავით გაბაიძის განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ დაფინანსების მიღება ორგანიზაციებისთვის არ აუკრძალავს, შეცდომაში შემყვანია და მას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.