ირაკლი კობახიძე: რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

20 თებერვალს, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს… მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე, შემცირდა.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო (ანუ წინა 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში). იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა (სიღარიბე, უმუშევრობა, არასათანადო ანაზღაურება და ა.შ.). 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელი იყო, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო გამოწვეული. 2021 წელს კი, როდესაც საზღვრები კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2021 წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, სურათი კიდევ უფრო მძიმეა - 2021 წელს 40 800-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.

2018-2021 წლებში მიგრაციული სალდო ჯამში - 29,260 იყო, ანუ ამ პერიოდში 29,260 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. ამავე წლებში 73,490-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვე ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. უარყოფითი სალდო მიგრაციაში საქართველოსთვის დამახასიათებელი იყო იმ პერიოდშიც, როდესაც საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არ ჰქონდა. შესაბამისად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიგრაციის გამომწვევ ფაქტორად განხილვა, მანიპულაციურია. აღნიშნულს წინა პერიოდის მონაცემებიც ცხადყოფს. 2013-2017 წლებში ქვეყანაში მიგრაციული სალდო ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ პერიოდში 22,906 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, ჯამში 93,945-ით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა. ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მომდევნო 4 წელიწადში ქვეყანას საშუალოდ ყოველწლიურად დაახლოებით 18,372 საქართველოს მოქალაქით მეტი ტოვებდა, ვიდრე ბრუნდებოდა, ხოლო ვიზალიბერალიზაციამდე ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად დაახლოებით 18,789 იყო.

ირაკლი კობახიძე განცხადებისას, მიგრაციული სალდოს მაჩვენებლებს წინა ხელისუფლების პერიოდის მაჩვენებლებს ადარებს. მსგავსი შედარება მანიპულაციურია, რადგან 2012 წლამდე პერიოდში, შესაბამისი სისტემის არ არსებობის გამო, მიგრაციული ნაკადების ზუსტად აღრიცხვა ვერ ხდებოდა და მანამდე პერიოდის მაჩვენებლები ძირითადად შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლამდე მიგრაციის კონკრეტული წლების მაჩვენებლები სადავოა და მისი შემდგომ პერიოდთან შედარება, დამახინჯებულ სურათს ქმნის. დაზუსტებით (სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით) მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.

გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო, საქართველო

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ირაკლი კობახიძეს იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი ოპტიმალურია, ლიეტუვას და ლატვიის მაგალითი მოჰყავს. ლიეტუვას მოსახლეობა 2004-2022 წლებში 3,398.9 ათასიდან 2,806.0 ათასამდე შემცირდა. ლატვიის მოსახლეობა 2000 წლის მონაცემებით, 2,381.7 მლნ იყო, 2022 წლის მონაცემებით კი 1,875.7 ათასს შეადგენს. ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვები სწორია, თუმცა მსგავსი შედარება არამართებულია. პირველ რიგში, ლიეტუვას და ლატვიის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, მხოლოდ უარყოფით მიგრაციული სალდოს არ უკავშირდება და ნაწილობრივ ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებლითაა განპირობებული (როდესაც სიკვილიანობის მაჩვენებელი აჭარბების შობადობის მაჩვენებელს). თუ მხოლოდ მიგრაციის მაჩვენებელს გავაანალიზებთ, მიგრაცია აღნიშნული ქვეყნების გამოწვევა იყო ევროკავშირში გაწევრიანებამდეც და შემდგომ წლებშიც. ბუნებრივია, ევროკავშირში გაწევრიანებამ ლიეტუვიდან და ლატვიიდან შედარებით მაღალ განვითარებულ ქვეყნებში მიგრაცია გაამარტივა. თუმცა ბოლო წლების დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ფაქტია, რომ 2019-2021 წლებში ლიეტუვაში მიგრაციული სალდო დადებითი იყო, ხოლო ლატვიაში უარყოფითი მიგრაციული სალდო მინიმუმამდე შემცირდა. რაც სწორედ, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მისი თანმხლები ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის შედეგია. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ევროკავშირის წევრობა გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასთან ერთად, მიგრაციის პრობლემის მოგვარებასაც უწყობს ხელს.

გრაფიკი 2: მიგრაციული სალდო, ლიეტუვა, ლატვია

წყარო: ლიეტუვას სტატისტიკის სამსახური ; ლატვიის სტატისტიკის სამსახური

დასკვნა

ირაკლი კობახიძის მტკიცება, თითქოს უარყოფითი მიგრაციული სალდო ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება, მცდარია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო 2013-2017 წლებშიც. რეალურად, საქართველოდან მაღალი ემიგრაციული ნაკადები დიდწილად გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით - როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობის მაღალი დონე, არასათანადო ანაზღაურება, სამომხმარებლო ფასების ზრდა, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, უიმედობის განცდა და ა.შ.

ირაკლი კობახიძის განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის მიხედვით უნდა შეფასდეს. მიგრაციული სალდოს მაჩვენებლის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება მანიპულაციურია, რადგან 2012 წლამდე პერიოდში მიგრაციის მაჩვენებლები შეფასებით მონაცემებს წარმოადგენს.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებელს შევხედავთ - 2013-2021 წელებში საქართველო 167 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. საბაზო ეფექტის გათვალისწინებით და მოცემული რიცხვის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობასთან შედარებით კი ცხადი ხდება, რომ ამ მიმართულებით რაიმე დადებით ტენდენციაზე საუბარი, მცდარია.

ირაკლი კობახიძე განცხადებაში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ლიეტუვისა და ლატვიის მოსახლეობის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მიგრაცია აღნიშნული ქვეყნების გამოწვევა იყო ევროკავშირში გაწევრიანებამდეც. ბუნებრივია, ევროკავშირში გაწევრიანებამ ლიეტუვიდან და ლატვიიდან შედარებით მაღალ განვითარებულ ქვეყნებში მიგრაცია გაამარტივა. თუმცა ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, რომ ლიეტუვაში მიგრაციული სალდო დადებითია, ხოლო ლატვიაში უარყოფითი მიგრაციული სალდო მინიმუმამდე შემცირდა. ეს სწორედ, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მისი თანმხლები ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის შედეგია.

ირაკლი კობახიძე განცხადებაში უარყოფით მიგრაციული სალდოს ჯამურ მაჩვენებელზე (- 29 ათასი) საუბრობს. ეს რიცხვი ტექნიკურად სწორია, თუმცა თუ საქართველოს მოქალაქეების გადინებაზე ვისაუბრებთ, უარყოფითი მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი 2.5-ჯერ მეტია. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის გავლენას მიგრაციაზე, ბუნებრივია, თუ საზღვრები გახსნილია, მიგრაცია მარტივდება. თუმცა საზღვრების გახსნა მიგრაციის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება. ჩვენ მიერ მოყვანილი რიცხვები კი იმას ამტკიცებს, რომ მიგრაციის უარყოფითი სალდო ვიზალიბერალიზაციამდეც ფიქსირდებოდა. მეტიც, თუ საშუალო მაჩვენებლებს შევადარებთ, იმდენად ახლო რიცხვს მივიღებთ, რომ ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციაში წასვლის ტემპზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი