ირაკლი კობახიძე: სანქციებისათვის გვერდის ასავლელად საქართველოს გამოყენებაზე გავრცელებული განცხადებები ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: მტკიცებას, რომ საქართველო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება, შესაბამისი საფუძველი სჭირდება და მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველო (პოლიტიკური განცხადებების დონეზე) სანქციებს არ შეუერთდა, ამ მძიმე ბრალდებისათვის საკმარის არგუმენტს არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული ტვირთის შედინება მართლაც ხდება, მაშინ, საერთაშორისო ტვირთბრუნვის მოცულობებიც შესაბამისად უნდა იყოს გაზრდილი. კერძოდ, ხელშესახებად (ნახტომისებურად) უნდა იყოს გაზრდილი ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი და მათი სტრუქტურა შეცვლილი, რაც გარკვეული ინდიკატორი იქნებოდა და ვარაუდს შესაძლო დარღვევებზე გაამყარებდა.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტი (მოიცავს რეექსპორტსაც) - 31.8%-ით, საქართველოდან რუსეთში კი მხოლოდ 8.9%-ით (3.5-ჯერ ნაკლებად ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან) გაიზარდა. შესაბამისად, რუსეთში ექსპორტის ცვლილება საერთო სურათიდან „ამოვარდნილი“ არ არის და რუსეთთან ვაჭრობის ინტენსიურობის არაბუნებრივ ზრდაზე არ მიანიშნებს. უშუალოდ ომის დაწყების შემდგომ პერიოდში, 2022 წლის მარტი-ნოემბერში ზრდა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 5.1%-ს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ ყურადღება არ გაამახვილა ტრანზიტზე. ამ შემთხვევაშიც, საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები სანქციების დარღვევაზე მითითების საფუძველს ასევე არ იძლევა, თუმცა ტრანზიტზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია მწირია და სრულფასოვანი შეფასებისთვის საკმარისი არ არის. ექსპორტის (რეექსპორტის) მონაცემებისაგან განსხვავებით, საქართველოს ოფიციალური უწყებები სრულფასოვან ინფორმაციას სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების შესახებ პროაქტიულად არ აქვეყნებენ [1]. შესაბამისად, ტრანზიტის მოცულობაზე მსჯელობა მხოლოდ ირიბი ინდიკატორებით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციაში შესული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა (რაც „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში არგუმენტად დასახელდა)[2]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთის მიმართულებით 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 13 ათასით ნაკლებმა - 130 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა. შესაბამისად, არც ტრანზიტული ტვირთების (საგზაო) არსებითად ზრდის ინდიკატორია სახეზე.

შესაბამისად, საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები არ მიუთითებს რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების იმ მასშტაბით ინტენსიფიკაციაზე, რომ დასაბუთებული იყოს ვარაუდი რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ასავლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევის ან სანქციებისათვის გვერდის ავლაში მონაწილეობაზე დასავლეთის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას არ მიუთითებია და რაიმე ფორმის მტკიცებულება არც სხვა წყაროებიდან ყოფილა წარმოდგენილი. პირიქით, საჯაროდ ხელმისაწვდომია აშშ ელჩის არაერთი განცხადება, სადაც სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს ინსტიტუტების ქმედებები პოზიტიურადაა შეფასებული (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ს დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ასავლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე განცხადებები ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, სიმართლეა.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ 2023 წლის 18 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა: „ეს [სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს გამოყენება] რომ ასე იყოს, ბუნებრივია, სტატისტიკაში აისახებოდა... მაშინ უნდა იყოს არსებითად გაზრდილი რუსეთში საქართველოდან ექსპორტი და არაპროპორციულად გაზრდილი...“. ექსპორტის მოცულობაზე მითითების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ექსპორტის სტრუქტურაზეც გაამახვილა ყურადღება: „[ექსპორტის] 2/3-ზე მეტი ეს არის სასმელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ეს არის ღვინო, ეს არის სპირტიანი პროდუქტები... დანარჩენი არის ფეროშენადნობები, რაც მანამდეც გადიოდა და ახლაც გადის და პრაქტიკულად ეს არის მთელი ექსპორტი“.

ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები CNN-ის ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმული კითხვის საპასუხოდ მოიყვანა. წამყვანის შეკითხვა კი თავის მხრივ New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნებოდა, რომელშიც საუბარია, თითქოს, საქართველო რუსეთისათვის სანქცირებული ტვირთების მიღების გზა გახდა.

ირაკლი კობახიძის მიერ მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებში ცალკეული უზუსტობებია, თუმცა განცხადების ძირითადი შინაარსი ისაა, რომ ფაქტობრივი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის შესაძლო გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად, არ დასტურდება. კერძოდ, რუსეთის შემთხვევაში, თუ 2022 წლის 11 თვის ექსპორტს 2021 წლის მთლიან ექსპორტს (12 თვე) შევადარებთ, როგორც ამას ირაკლი კობახიძე აკეთებს, 2%-იან კლებას მივიღებთ, ხოლო თუ 2022 წლის 11 თვეს 2021 წლის 11 თვეს შევადარებთ, რაც მართებული იქნებოდა, რუსეთში ექსპორტის 8.9%-იანი ზრდა ფიქსირდება. შესაბამისად, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი (მოიცავს რეექსპორტს) 2022 წლის 11 თვეში - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია და არა შემცირებული. თუმცა საქართველოდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდასთან შედარებით, მონაცემი 3.5-ჯერ ნაკლებია. საქართველოს ჯამური ექსპორტი 2022 წლის 11 თვეში 31.8%-ით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ექსპორტი სხვა ქვეყნებში გაცილებით ინტენსიურად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო პარტნიორიდან კი, უკრაინის გარდა, ყველგან უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე რუსეთში.

გრაფიკი 1. საქართველოდან ექსპორტის ზრდა (2022 წლის 11 თვე, 2021 წლის 11 თვესთან)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სხვა საექსპორტო პარტნიორებთან შედარების მიზანს შემდგომი გარემოების ხაზგასმა წარმოადგენს: ლოგიკურად, თუ საქართველო გახდა ქვეყანა, რომელიც რუსეთისათვის სანქცირებული საქონლის მიწოდების გზაა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაცილებით მაღალი ტემპით უნდა იზრდებოდეს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. რეალობაში კი საწინააღმდეგო სურათია სახეზე. ომის დაწყების შემდგომ პერიოდში - 2022 წლის მარტი-ნოემბრის მონაცემებით, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 5.1%-ით გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტი განსაკუთრებულად ევრაზიული კავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებში არის გაზრდილი, რაც, თეორიულად, შესაძლებელია საქონელზე რუსეთიდან გაზრდილი მოთხოვნით იყოს განპირობებული[3]. თუმცა, ერთი მხრივ, აღნიშნული ქვეყნები სანქცირებულ დანიშნულებებს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, ექსპორტის შეზღუდვის საფუძველი სახეზე არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ ამ მარშრუტზე „საბოლოოდ რუსეთისთვის განკუთვნილი“ ტვირთი მიემართება, აღნიშნული იმის დასტური იქნება, რომ სანქცირებული ტვირთის საქართველოდან რუსეთში მოხვედრის რისკი მინიმალიზებულია და დაინტერესებულ პირებს მარშრუტის „დაგრძელება“ და მესამე ქვეყნების გამოყენება უწევთ.

ირაკლი კობახიძის განცხადება ექსპორტის სტრუქტურის ნაწილშიც რეალობას შეესაბამება. საექსპორტო საქონლის უდიდესი ნაწილი ნამდვილად სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სხვადასხვა სახის სასმელზე მოდის, რაც ისტორიულადაც ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა.

ცხრილი 1. ექსპორტის სტრუქტურა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სასმელები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცალკე აღებული ტოპ 5 საექსპორტო პროდუქციის შემთხვევაში, 11 თვეში საქართველოდან რუსეთში 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 109 მლნ-ის ფეროშენადნობები, 65 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილები, 53 მლნ-ის სპირტიანი სასმელები და 47 მლნ-ის მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. სრული ჩამონათვალის ნახვა საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა შესაძლებელი.

2022 წელს ერთადერთი სიახლე საექსპორტო ტოპ ხუთეულში მსუბუქი ავტომობილებია. აღნიშნული საქონელი სანქციების ზოგადი შედეგებისა და წამყვანი მწარმოებლების მხრიდან რუსული ბაზრის დატოვების ფონზე, რუსეთში მკვეთრად დეფიციტურია. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ავტომობილების შემთხვევაში, რუსეთიდან მოთხოვნა სწორედ ამ გარემოების შედეგადაა გაზრდილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანქციები არა ნებისმიერ ავტომობილზე, არამედ მხოლოდ ფუფუნების საგნად მიჩნეულ ერთეულებზე (ღირებულება 50,000 ევროზე მეტი) ვრცელდება. ამავდროულად, ავტომობილების შემთხვევაში - საზღვრის მკვეთი ერთეულის ტექნიკური მახასიათებლები (მარკა, მოდელი და ა.შ), დანარჩენ საქონელთან შედარებით, გაცილებით მარტივად იდენტიფიცირებადია და პირდაპირ რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტის/რეექსპორტის შეთხვევაში, სანქციების დარღვევის ფაქტის დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია მეორადი მოხმარების შედარებით დაბალი ღირებულების მქონე სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტზე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება ერთეულზე 14,000 აშშ დოლარს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ექსპორტი სრულ სურათს არ იძლევა. საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქცია რუსეთში შესაძლოა, ტრანზიტის გზითაც მოხვდეს, რაც ქვეყნის ირიბი, მაგრამ მაინც პასუხისმგებლობაა. თუმცა, ტრანზიტის შემთხვევაშიც, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია რუსეთის მიმართულებით ტრანზიტის (ჯამური) რაიმე არაბუნებრივ ზრდაზე არ მიუთითებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი საქართველოს მხრიდან 143 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, 2022 წელს კი 13 ათასით ნაკლებმა - 130 ათასმა სატვირთო ავტომობილმა. ბუნებრივია, მხოლოდ სატვირთო ავტომობილების რაოდენობა გადაჭრით რაიმეს მტკიცების საშუალებას არ იძლევა (მათ შორის ტვირთის მოცულობაზე), თუმცა, შეზღუდული ინფორმაციის პირობებში მასშტაბების შეფასებისას აღნიშნული მონაცემი გარკვეულ ინდიკატორს წარმოადგენს. ამავდროულად, ალოგიკურია ქვეყანა სანქცირებული ტვირთის ექსპორტიდან, სადაც თეორიული სარგებელი მაღალია, სარგებელს არ იღებდეს და შეგნებულად უშვებდეს სანქცირებული ტვირთის ტრანზიტს, სადაც სარგებელი გაცილებით ნაკლებია. ეს კი იმ პირობებში, როცა სანქციის დარღვევის ფასი იდენტურია, როგორც ექსპორტის, ასევე ტრანზიტის შემთხვევაში.

თეორიულად რუსეთის (ან თუნდაც სხვა ქვეყნის) მიმართულებით მოძრავი ცალკეული სატრანსპორტო საშუალება შეიძლება მართლაც იყოს დატვირთული აკრძალული პროდუქციით და მხოლოდ ჯამური მაჩვენებლების არაბუნებრივი ზრდის არარსებობა საკმარისი არგუმენტი ვერ იქნება დარღვევების არარსებობის გადაჭრით მტკიცებისათვის. თუმცა, ფაქტია, რომ დღემდე სანქცირებული ტვირთის საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში მოხვედრის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრალდება დასავლეთის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურას არ გაუჟღერებია და შესაბამისად, არც რაიმე ფორმის მტკიცებულების წარდგენაზე ყოფილა საუბარი. გაუგებრობა საქართველოში ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკას 30 ნოემბრის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში არსებითად გაზრდილი იმპორტის ნაწილის რუსეთში შესაძლო მოხვედრას ეხებოდა. თუმცა, მან მალევე განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელდა. ელჩის განცხადებას შემოსავლების სამსახურმაც უპასუხა. უწყების ცნობით, იმპორტის ზრდა მეტწილად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებს უკავშირდებოდა და იმპორტირებული საქონელი რუსეთის ფედერაციისათვის არ იყო განკუთვნილი.

თავის მხრივ, სანქციების გვერდის ავლის მცდელობების არდაშვების მიმართულებით გაწეული მუშაობის თვალსაზრისით, 23 იანვარს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საბაჟოს თანამშრომლებმა 24 თებერვლის შემდეგ, სანქციების შესაძლო დარღვევის 1000-ზე მეტი შემთხვევა აღკვეთეს. მისი განმარტებით, მცდელობები როგორც ექსპორტსა და რეექსპორტს, ასევე ტრანზიტს შეეხებოდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საუბარი არა სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთებს, რომლის ნებართვის გაცემაზეც მთავრობაა პასუხისმგებელი და მას არ გასცემს, არამედ სანქციების სიაში მოხვედრილ საყოფაცხოვრებო ნივთებს ეხებოდა. სანქციების აღსრულების კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაცია უწყებამ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსაც (IDFI) მიაწოდა.

სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ქვეყანა ოფიციალურად არ უერთდება დაწესებულ სანქციებს და თავად არ უწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთს[4], თუმცა, „განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბრალდებებისა, დღემდე საქართველოდან რუსეთში არც ექსპორტის, არც რეექსპორტისა და არც ტრანზიტის გზით სანქცირებული ტვირთის მოხვედრის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. საერთაშორისო ტვირთბრუნვის სტატისტიკა კი არ მიუთითებს რუსეთთან ტვირთბრუნვის იმ მასშტაბით ინტენსიფიკაციაზე, რაც სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს როლზე საკმარის არგუმენტად გამოდგებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისათვის გვერდის ასავლელად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე განცხადებები ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, სიმართლეა.



[1] აღრიცხვისა და კონტროლის თავისებურებებიდან გამომდინარე, ტრანზიტის შემთხვევაში ხარისხობრივად მსგავსი ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება როგორც ექსპორტისა და იმპორტის შემთხვევაში ხდება, ტექნიკურად შეუძლებელია. თუმცა არ ხდება არც იმ ხარისხის ინფორმაციის გამოქვეყნება (ტვირთების მოცულობა), რაც შესაძლებელია დამუშავდეს.

[2] ამ რაოდენობაში შედის ის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებმაც საქართველოდან ექსპორტზე გასული ტვირთი შეიტანეს რუსეთის ფედერაციაში, თუმცა, ვინაიდან ექსპორტი არ შემცირებულა, სატრანსპორტო საშუალებების სტრუქტურა სავარაუდოდ, ვერ შეიცვლებოდა ტრანზიტული ტვირთის გადამაადგილებელი ერთეულების რაოდენობის არსებითი ზრდის მიმართულებით.

[3] „ფაქტ-მეტრს“ არ გააჩნია აღნიშნულის მტკიცების ფაქტობრივი საფუძველი და განხილულია მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობა.

[4] პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებიდან მეორე დღესვე 25 თებერვალს დააფიქსირა პოზიცია: „მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ საქნციებში [რუსეთის წინააღმდეგ], ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“. აღნიშნულის ფონზე, საქართველო ფინანსურ სანქციებს ირიბად მაინც შეუერთდა. კერძოდ, რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები საქართველოშიც დაიბლოკა, VTB ბანკი კი იძულებული გახდა, პორტფელის უდიდესი ნაწილი ბაზის ბანკსა და ლიბერთი ბანკზე გაესხვისებინა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი