რატომ არის აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?

2023 წლიდან, ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინა, რომელიც ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს, 26 წლის ასაკის ჩათვლით ქალებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. აქამდე, ვაქცინაცია მხოლოდ 10-12 წლის და 13-18 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ტარდებოდა.

„ფაქტ-მეტრი“ პაპილომავირუსზე, ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის უსაფრთხოებაზე გადამოწმებული ინფორმაციის მოწოდებას შეეცადა.

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ)?

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც კანის, ან ლორწოვანი გარსების (როგორიცაა მ.შ. პირის ღრუ, ან საშვილოსნოს ყელი) დაინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, იწვევს. აპვ კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება, ძირითადად - სქესობრივი გზით. იშვიათად, ვირუსი შეიძლება მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზე გადავიდეს.

აპვ მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული გადამდები ინფექციაა. სქესობრივად აქტიური არავაქცინირებული ქალების დაახლოებით 80% რომელიმე ასაკში ვირუსის ერთი ან მეტი შტამით ინფიცირდება. ადამიანის პაპილომა ვირუსის ინფექციას ჩვეულებრივ სიმპტომები არ ახასიათებს, შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არ იცის ინფექციის შესახებ, ვიდრე დაავადება ისეთ სტადიას არ მიაღწევს, როდესაც მკურნალობა რთული ხდება.

პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და 95% შემთხვევაში აპვ (ადამიანის პაპილომა ვირუსი) ინფექციით არის გამოწვეული. ქალების ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში მესამე ადგილს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი მეორე ადგილს იკავებს.

აპვ-ის ინფექციით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მკურნალობა არ ესაჭიროება - ორგანიზმი ინფექციას ბუნებრივად დაძლევს. თუმცა, ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის მქონე ტიპები ორგანიზმიდან ბუნებრივად არ ქრება. დროთა განმავლობაში ისინი საშვილოსნოს ყელში ცვლილებებს იწვევენ, რასაც უმეტეს შემთხვევაში კიბოს განვითარება მოჰყვება.

აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი, როგორც ვაქცინირებულ, ასევე არავაქცინირებულ ქალებისთვის, რადგან აპვ ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესი და არა ყველა შემთხვევის პრევენციას უზრუნველყოფს.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება

აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირად იწვევს (6, 11, 16 და 18).

აპვ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინაა. კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები უვითარდება იმისთვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.

აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარულ სკრინინგთან ერთად, ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან თითქმის 100%-ით იცავს. ამასთან, თითოეული ვაქცინირებული პირი ვირუსის სხვა ადამიანზე გავრცელებას ამცირებს.

მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო და 100-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით, აპვ-ით გამოწვეული ინფექციები მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში 90%-მდე შემცირდა.

აპვ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაბამისი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით არის დამტკიცებული. საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა. აპვ ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს და შესაბამისად, დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. კვლევებით დასტურდება, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს.

რატომ უნდა ავიცრათ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინით?

აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს.

აპვ მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა აპვ ინფექციით არის გამოწვეული.

ვაქცინაციით, ადამიანი არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მის პარტნიორსაც იცავს.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელს შეუწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას (აღმოფხვრას) - ეს არის მსოფლიოში პირველი სიმსივნური დაავადება, რომლის ელიმინაციის მიღწევა ვაქცინაციის გზით შესაძლებელია.

აპვ ვაქცინაცია 10-26 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 116 001


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი