თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით (SMP220003399), კომპანია „თი დი სის“ დაუკვეთა. შესყიდვის ღირებულება 13.7 მლნ ლარია.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიხედვით (მუხლი 101), გამარტივებული შესყიდვა შემდეგ შემთხვევებში ხორციელდება:

შესყიდვის ობიექტი მიწოდება ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს;

არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა;

მიმწოდებლისგან შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ან შესყიდვის ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისგან;

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები.

კონკრეტულ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საფუძველი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება გახდა. თუ სხვა ტიპის ტენდერი გამოცხადდებოდა, გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად, დამატებით - მაქსიმუმ, ორი თვე იქნებოდა საჭირო ( წინადადებების მიღება - მაქსიმუმ ერთი თვე, ხელშეკრულების დადება - მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში). სამაგიეროდ, სხვა ტიპის ტენდერი კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს და ასევე, თანხების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. თანაც, ორი თვის დაზოგვა პროექტზე, რომელიც სხვადასხვა პერიოდულობით, 5 წელია მიმდინარეობს და ვერა და ვერ დასრულდა, ცოტა გაუგებარია.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ აქამდეც არაერთი სტატია მოამზადა ( სტატია 1, სტატია2).

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტრო „ვარკეთილის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი (SPA160025748) 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერის საწყისი ღირებულება 396 600 ლარი იყო. ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ყვარელრემმშენმა“ მიიღო მონაწილეობა. სამრაუნდიანი ვაჭრობის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ყვარელრემმშენს“ შორის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 347 852 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 220 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. საბოლოოდ, მეტროსადგური მერიამ ისე ჩაიბარა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი შემოწმებული არ იყო. შესაბამისმა საექსპერტო კომპანიებმა - „რეალექსპერტმა“ და შპს „სამშენებლო საექსპერტო ბიურომ“, საექსპერტო დასკვნა ისე გასცეს, რომ სამუშაოების მხოლოდ მოცულობა შეამოწმეს და არა ხარისხი (დაწვრილებით იხილეთ სტატია). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „ყვარელრემმშენი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წელს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი.

შედეგად მივიღეთ ის, რომ 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი სამ პირს წაუყენა. მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

2019 წლის მაისში სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული ტენდერი (CMR190092151) გამოცხადდა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურების - „გურამიშვილის, ავლაბრის“ და „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთებისთვის აუცილებელი საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო კვლევითი სამუშაოები შეიძინა, ტენდერის ღირებულება 138 000 ლარი იყო.

იმავე 2019 წელს სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთი გამარტივებული შესყიდვით (CMR190092796), ამჯერად მეტროსადგურების („გურამიშვილი, „ავლაბარი“, „ვარკეთილი“) რეაბილიტაციის და კაპიტალური შეკეთების საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის აუცილებელი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევითი სამუშაოები შპს „აბსოლუტ სერვისისგან“ 120 000 ლარად შეისყიდა.

უკვე 2020 წელს სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი (NAT200008744) გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინპროექტის შესყიდვა განხორციელდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 190 000 ლარი იყო. ამ შემთხვევაში, ტენდერს სამი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, შპს „TRIA Group“-მა გაიმარჯვა, რომელმაც სატრანსპორტო კომპანიას ყველაზე დაბალი ფასი - 88 888 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულების მიხედვით, „TRIA Group“-ს ესკიზური პროექტი 20 დღის ვადაში უნდა წარმოედგინა. თუმცა, 2020 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის 29 დეკემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მხარეთა შორის ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებზე შეუთანხმებლობა დასახელდა.

შემდგომი ტენდერი ვარკეთილის მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2022 წლის იანვარში გამოაცხადა (NAT220001038). სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარი იყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მეტროსადგურის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელება იყო დაგეგმილი, რაც როგორც ქვედა, ასევე ზედა ვესტიბიულის სრულ რეაბილიტაციას (ჭერი, კედლები, იატაკი, დახრილი გვირაბი და ა.შ.) გულისხმობდა. საბოლოოდ, ტენდერი არ შედგა.

2022 წლის მარტში სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა (NAT220005178), რომლის ერთადერთ მონაწილე კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 12.7 მლნ ლარი იყო და სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. გასული წლის ნოემბერში კომპანია „მამისონს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა დასახელდა. მერიის განმარტებით, ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის გასვლის მიუხედავად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულიც არ იყო და მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, ცხადი გახდა, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას პირდაპირი შესყიდვით, კომპანია „თი დი სი“ განახორციელებს.

ფაქტ-მეტრივარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგს ტრადიციულად გააგრძელებს და ამ თემას სიახლეებისთანავე დაუბრუნდება.