იტვირთება

ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის მერმა დაპირებები არ შეასრულა. პოსტში მერის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალია.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია ამ ჩამონათვალიდან რეალურად, მერის რომელი დაპირება შესრულდა და რომელი - არა.

დიღმის მიმართულებით მიწის ზედა მეტროს მშენებლობის შესახებ

2017 წლის აპრილში კახი კალაძე აცხადებდა, რომ ჩატარდება კვლევა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმ რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა: „შეიძლება ეს იყოს ტრამვაი ან მეტრო“. მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში დაიწყებოდა კვლევითი ღონისძიებები და უახლოეს მომავალში თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდებოდა.

რეალურად, დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ან მეტროს მშენებლობის არც პროექტი არსებობს და საერთოდაც, ამ პროექტების განხორციელება არც განიხილება.

შესაბამისად, აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის შესახებ

2019 წლის 4 სექტემბერს თბილისის მერი აცხადებდა, რომ ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი კვანძის მშენებლობა იწყებოდა და შესაბამისი ტენდერი ცხადდებოდა.

მისი თქმით, „ეს იქნება ერთ კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და ის დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას. აღნიშნული პროექტის მეორე ნაწილი იქნება ლისიდან ჩამოსასვლელი გზა, რომელზეც მუშაობა დაწყებულია. მესამე ნაწილი კი, სამომავლოდ ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდოდ, სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე დამაკავშირებელი ხიდი. ამ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა“,-ამბობდა კახა კალაძე.

2020 წლის ზაფხულში კახა კალაძე ამბობდა, რომ აღნიშნული პროექტი ჯერჯერობით არ განხორციელდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პროექტი არ განხორციელდებოდა, უბრალოდ დროში გადაიწევდა.

ამ განცხადებიდან ორ წელზე მეტია გასული და აქამდე აღნიშნული პროექტი არ დაწყებულა და მისი განხორციელება არც 2023 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, ეს დაპირებაც არ შესრულდა.

ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის შესახებ

მიწისზედა მეტროს პროექტი მოქმედმა მერმა 2018 წელს წარადგინა. მაშინ კალაძე აცხადებდა, რომ მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა და ეტაპობრივად, 2020-2021 წლებში, დასრულდებოდა. დღეის მდგომარეობით, პროექტის მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაა ჩატარებული და მისი შემდგომი ბედი, გაურკვეველია. კახა კალაძე პროექტის განუხორციელებლობას კოვიდპანდემიით ხსნის. დაპირების მიხედვით, მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, მაშინ, როდესაც კორონავირუსი ჯერ კიდევ არ არსებობდა (დაწვრილებით იხილეთ სტატია). შესაბამისად, კახა კალაძის დაპირება მიწისზედა მეტროსთან დაკავშირებით, არ შესრულდა.

12 ლოკაციაზე მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ

2016 წელს თბილისის მერია 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის განხორციელებას მართლაც გეგმავდა. თუმცა არც ეს პროექტი განხორციელებულა.

შესაბამისად, დაპირება არ შესრულდა.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის შესახებ

2021 წლის ნოემბერში კახა კალაძე აცხადებდა, რომ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა. პროექტის განხორციელება 50 მილიონი ლარი ჯდებოდა და ის თითქმის 9 წლის წინ დაიწყო, თუმცა მისი მშენებლობა განსაკუთრებულად ნელი ტემპებით წარიმართა. აღნიშნული პროექტის მშენებლობა დღესაც გრძელდება და როგორც კახა კალაძე აცხადებს, მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. აქედან გამომდინარე, მართალია აღნიშნული დაპირება დაანონსებულ დროში ვერ შესრულდა, მაგრამ პროექტი მიმდინარეა. შესაბამისად, ამ დაპირებას შეუსრულებლად ვერ ჩავთვლით.

მეტროსადგურების: გურამიშვილის, ვარკეთილის, სადგურის მოედნის, გოცირიძის რეაბილიტაციის შესახებ

აღნიშნული პროექტებიდან, მხოლოდ გოცირიძის რეაბილიტაცია არის მიმდინარე, რომელიც დროში გაიწელა და მეტროს ექსპლუატაციაში მიღება დღემდე ვერ ხერხდება და შესაბამისად, მეტროსადგური უკვე 2.5 წელზე მეტია არ ფუნქციონირებს (დაწვრილებით იხილეთ სტატია).

რაც შეეხება დანარჩენ მეტროსადგურებს, მათ შორის ვარკეთილის მეტროს, რომლის ჭერი 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები არც დაწყებულა.

შესაბამისად, მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაპირება არ შესრულდა.

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის და შუქნიშნების მოწყობის შესახებ

თბილისის მერი კახა კალაძე 2020 წელს ამბობდა, რომ დედაქალაქის გზებზე საცობების შემცირების მიზნით, გონიერი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა იგეგმებოდა და ამ მიზნით გამოცხადებული იყო შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდებოდა. თუმა დღემდე აღნიშნული სისტემა არ დანერგილა. მიმდინარე წლის სექტემბერში კახა კალაძემ დასახელებული პროექტის დაწყება კვლავ დააანონსა და განაცხადა: „საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყება ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელება, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო კონსულტანტის და დარგის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება“. შესაბამისად, აღნიშნული დაპირების განხორციელება დაგვიანებით, მაგრამ იწყება. შესაბამისად, ეს დაპირება შეუსრულებლად ვერ ჩაითვლება.

სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი თემქა და სამება-მახათას მთაზე საბაგიროს მოწყობის შესახებ

2019 წელს თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ კვლევების მიხედვით გამოიკვეთა სამი საბაგირო მიმართულება. დეტალური ანალიზის შემდეგ, 5 თვეში უნდა გადაწყვეტილიყო რომელი იქნებოდა უფრო მომგებიანი.

ამ სამ ვარიანტს შორისაა საბაგირო გზები: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა. თუმცა დღემდე არცერთი საბაგირო გზის მშენებლობა-პროექტირება არ დაწყებულა.

შესაბამისად, აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

ტრამვაის ხაზის აღდგენა

ტრამვაის პროექტს თბილისის მერია დავით ნარმანიას დროს განიხილავდა, თუმცა დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ხაზის გაყვანა კახა კალაძის დროსაც მოიაზრებოდა. შესაბამისად, ეს დაპირებაც შეუსრულებელია.

10 სატრანსპორტო გამჭოლი საავტობუსო დერეფნის მოწყობის და 200 თვრამეტმეტრიანი ელექტრო ავტობუსების შეძენის შესახებ

აღნიშნული დაპირება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. როგორც ვიცით, რეფორმა დაწყებულია. თუმცა გაუთავებელი საცობები თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცა. მერიის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება სწრაფი და კომფორტული. მოცემულობა კი სრულიად საპირისპიროა - იმ ქუჩებზეც კი, სადაც ე.წ. „ბასლაინების“ დახაზვა და ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც საცობში იჭედება, აღარაფერს ვამბობთ კერძო ავტომობილებზე. არავინ დავობს, რომ თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ჰყავდეს, თუმცა მანამდე - დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და გადაადგილების პრობლემა, მოსახლეობაში რეფორმისადმი არსებულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის (დაწვრილებით იხილეთ სტატია). შესაბამისად, რადგან რეფორმა მიმდინარეა და მერიის თქმით, 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს, აღნიშნულ დაპირებას შეუსრულებელ სტატუსს ვერ მივანიჭებთ.

შტადლერის მატარებლის წარმოების დაწყება

რაც შეეხება შტადლერის მატარებლის წარმოების დაწყების შესახებ დაპირებას, აღნიშნული უფრო ქარხნის აშენების შესაძლებლობის განხილვა იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და „შტადლერს“ შორის თანამშრომლობას შეეხო. განიხილეს მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფდა. აღინიშნა, რომ ამ ინვესტიციის განხორციელებას მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს.

ამ ინფორმაციის გამო, ჩვენ აღნიშნული პროექტი მთავრობის დაპირებად ჩავთვალეთ. თუმცა მკითხველმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისის მერიასა და "შტადლერს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მანამდე, 2018 წლის ზაფხულში გაფორმდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ ვერდიქტი შევცვალეთ და ეს დაპირებაც კახა კალაძის შეუსრულებელ დაპირებებს მივაკუთვნეთ.

სიქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივების და მისი სათადარიგო ნაწილების ქარხნის მშენებლობა

აღნიშნულიც ცენტრალურ ხელისუფლებას უკავშირდება. ჯერ კიდევ 2015 წელს დაანონსდა, რომ საქართველოში ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდებოდა, დალიანში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. ამ მიმართულებითაც ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. თუმცა ამ პროექტსსაც კახა კალაძეს ვერ მივაწერთ.


მსგავსი სიახლეები

4786 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი