დღეს ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა : „მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ გახსნილა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია - კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის“.
ლაშა ფარულავას პასუხად თბილისის მერმა კახა კალაძემ შემდეგი განაცხადა: „კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი, მაშინვე გაიხსნება“.
„ფაქტ-მეტრი“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე უკვე წერდა (დაწვრილებით იხილეთ სტატია).
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად პირველი ტენდერი 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ ტენდერი კიდევ 9-ჯერ გამოცხადდა. საერთო ჯამში, მეტროსადგურ გოცირიძის კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად 2018-2020 წლების შუალედში 10 ტენდერი გამოცხადდა.
საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი (NAT200006756) შედგა. ტენდერში გამარჯვებულად საქართველოში უცხოური საწარმოს შპს „კაიზენის“ ფილიალი გამოცხადდა, ხელშეკრულების ღირებულება 1 010 851 აშშ დოლარი იყო და 210 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო ( 2021 წლის 1 აპრილს). თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, რომელთაგან 6 სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივებას უკავშირდებოდა, კომპანიამ დათქმულ ვადაში სამუშაოები მაინც ვერ დაასრულა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
ხელახალ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ მამისონმა“ გაიმარჯვა, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 705 166 ლარად, 210 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა - 2022 წლის 7 სექტემბერს. 2022 წლის სექტემბერში კომპანია „მამისონმა“ ხელშეკრულების დასრულების ვადის 67 დღით გახანგრძლივება ითხოვა, რის საფუძვლადაც უამინდობა დაასახელა. საბოლოო გადაწყვეტილებით, კომპანია „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასასრულებლად დამატებით 36 დღე მიეცა. შესაბამისად, სამუშაოები 2022 წლის 13 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა კომპანია ვერც დასახელებულ დროში ჩაეტია. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გადადება კვლავ მოითხოვა, ამ ეტაპზე ხელშეკრულება 1 ნოემბრამდე გაგრძელდა. წერილის მიხედვით, მეტროსადგურში ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, თუმცა დარჩენილი იყო ბაქნის, სადგურის ვესტიბიულის, კიბის უჯრედის შეღებვა, შშმ პირებისთვის დახრილი ლიფტის მოწყობა და სხვა.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ამბავი არც აქ დასრულებულა. 27 ოქტომბერს შპს „მამისონმა“ კიდევ ერთი წერილით ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება კვლავ მოითხოვა, ამჯერად 20 ნოემბრამდე.
ჩვენ არ შევალთ განხილვაში, თუ რამდენად უკავშირდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ ვერ დასრულება კორუფციას. თუმცა მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტზე დაკვირვება სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ცხადყოფს, რომ პროექტებს ხშირად არაკომპეტენტური კომპანიები იგებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ან ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ ასრულებენ. ამის დასტურად მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 2.5 წელი გაჭიანურება, რეაბილიტაციის პროცესში კომპანიის ცვლილება, ხელშეკრულების დასრულების თარიღის არაერთი ცვლილება და პროექტისთვის თავდაპირველად განსაზღვრული თანხის ცვლილებაც გამოდგება.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ 2.5-წლიანი რეაბილიტაციის პროცესი ამჯერად მაინც დასრულდება.