სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები საშიშ სპაიკ ცილებს აწარმოებენ და ავრცელებენ, რასაც „ძნელად სახადი გრიპების“ გამომწვევ მიზეზად ასახელებენ.

პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში, COVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა (მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება) გრიპისა და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელება ასევე მნიშვნელოვნად შეაფერხა. პრევენციული შეზღუდვების მოხსნას, 2022 წლის სეზონზე, სეზონური ვირუსების გააქტიურება მოჰყვა.

სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები, რომელიც მიმდინარე სეზონზე ცირკულირებს, იმ ვირუსების ტიპებისგან, რომლებიც გასულ წლებშიც - პანდემიამდე პერიოდში, ცირკულირებდა ქვეყანაში, არ განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება შედარებით ადრე (ნოემბრის შუა რიცხვებში) დაწყებული სეზონია. მიმდინარე სეზონზე, ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, A ტიპის გრიპის ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვა. ამ თემაზე იხილეთ სპეციალისტების განმარტებები (ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება, თითქოს სეზონური გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელიც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს, რამე კავშირშია COVID-19-ის ვაქცინასთან ან აცრილ ადამიანებთან, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და აბსურდულია. ასევე, ყალბია მტკიცება, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები „საშიშ“ სპაიკ ცილებს აწარმოებენ.

ანტივაქსერები მუდმივად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილები ტოქსიკური ნივთიერებებია, რომელიც შემდგომში მთელ სხეულში ვრცელდება და სახიფათოა. რეალურად, ი-რნმ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს გადასცემს ინფორმაციას როგორ წარმოქმნას COVID-19-ის ვირუსის მსგავსი სპაიკ ცილა. აცრის შემდეგ, როდესაც გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმი მის გასანეიტრალებლად ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი ყალიბდება (ვაქცინების მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით, იხილეთ დეტალური ინფორმაცია).

ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი წვეტოვანი ცილა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელოვნურადაა ნაწარმოები, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროს ადამიანის ორგანიზმში გაცილებით ნაკლები „წვეტოვანი ცილა“ წარმოიქმნება, ვიდრე კორონავირუსით დაავადების დროს. ამასთან ერთად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილები“ ინექციის ადგილას კონცენტრირდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ გადადის. ხოლო, ვაქცინის 1%, რომელიც შესაძლოა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადავიდეს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია N1; სტატია 2).

შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. სპაიკ ცილა, ადამიანის ორგანიზმისთვის, მით უმეტეს გარშემომყოფებისთვის, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5075 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
9%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი