ზვიად გოგიაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ის კორონავირუსის პანდემიასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრობს. თითქმის ერთსაათიან ვიდეოში გოგიაშვილმა არაერთი ცრუ და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა. მისი ვიდეო მოგვიანებით ონლაინ მედია სააგენტო „თვალსაზრისის“ ვებგვერდზეც განთავსდა.
მტკიცება: სპაიკ ცილა ბეტა კონფორმაციისა, რომელიც ორგანიზმში შეღწევის შემდეგ საკუთარ უჯრედებს ებრძვის და ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
გოგიაშვილი ვიდეოს ვრცელ ნაწილს, კოვიდვაქცინების შემადგენლობაზე საუბარს უთმობს. მისი თქმით, იმუნური სისტემის პასუხის ასაძრავად, კოვიდვაქცინების მიერ გამომუშავებული სპაიკ ცილები ბეტა კონფორმაციისა, ბეტა კონფორმაციის ცილები კი თავისთავად ტოქსიკურია და „აქვს უნარი, ორგანიზმში არსებული ცილები გარდაქმნას, შეცვალოს მათი სტრუქტურა, კონფორმაცია და აქციოს ტოქსიკურ ცილად“. გოგიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ვაქცინით შედეგად გამომუშავებული სპაიკ ცილა ადამიანის უჯრედებს იღებს სამიზნეში და ავტოიმუნური დაავადებების განვითარებას იწვევს - „შედის ვაქცინის სახით შეყვანილი რნმ უჯრედში და იწყებს სპაიკ ცილის გამომუშავებას, მაგრამ ამ დროს სამიზნე ხდება ჩვენი საკუთარი უჯრედები და არა უცხო სხეული. ჩვენი ორგანიზმი საკუთარი უჯრედების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას რითაც ვითარდება ავტოიმუნური დაავადებები“,- ამბობს გოგიაშვილი.
რეალურად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ ცილა იგივე „წვეტოვანი ცილა“, იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელოვნურადაა ნაწარმოები, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, ვაქცინაციის დროს გაცილებით ნაკლები „წვეტოვანი ცილა“ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, ვიდრე კორონავირუსით დაავადების დროს. აქედან გამომდინარე, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი „წვეტოვანი ცილები“ რაიმე საფრთხეს რომც შეიცავდეს, მათი მცირე რაოდენობა ადამიანის ორგანიზმს მაინც ვერაფერს ავნებდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ADE (ანტისხეულებით გამოწვეული დაავადების გაძლიერების) რეაქციას და კოვიდვაქცინაციას შორის ამ დრომდე არავითარი კავშირი არ დადგენილა. ცნობისთვის, ანტისხეულებზე გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგია არის მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანის სხეულში არსებული ანტისხეულები ვირუსით გამოწვეულ ინფექციას არ ბლოკავს, არამედ უჯრედების დაინფიცირების უნარს ზრდის, რაც უფრო მძიმე დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა, კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2).
მტკიცება: ვაქცინა კუნთში არ ქრება, ის მთელ ორგანიზმს მოივლის და სპაიკ ცილების სინთეზის ადგილას განსაკუთრებული გართულებები წარმოქმნის
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ზვიად გოგიაშვილის მტკიცებით, ვაქცინაციის დროს ნივთიერებები კუნთში არ რჩება, მთელ ორგანიზმს მოივლის და მასში ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქმნის, რაც საბოლოო ჯამში სხვადასხვა სახის გართულებებში გამოიხატება. გოგიაშვილი ამბობს: „იაპონური კვლევების შემდეგ გაიგეს რომ ვაქცინა კუნთში კი არ რჩება, მოივლის მთელ ორგანიზმს... სადაც დაიწყება სპაიკ ცილების სინთეზი ამის მიხედვით გართულებებიც სხვადასხვაა, გული და ტვინი ყველაზე დიდი სამიზნეა“.
იაპონური კვლევა, რომელსაც გოგიაშვილი ახსენებს, არ ადასტურებს, რომ ი-რნმ ვაქცინები და მათ მიერ გამომუშავებული სპაიკ ცილები რაიმე ზიანის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს და ამგვარად ი-რნმ ვაქცინის ლიპიდური ნანო-ნაწილაკების კონცენტრაცია გაზომეს, და არა სისხლში სპაიკ ცილების კონცენტრაცია (როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ სისხლში ვაქცინაციის შედეგად საფრთხის შემცველი სპაიკ ცილები აღმოჩნდება, მათი მცირე რაოდენობა ადამიანის ორგანიზმს ვერაფერს ავნებდა.) მეცნიერებმა ვირთხებში მესენჯერული რნმ-ის იმაზე ბევრად დიდი დოზა შეიყვანეს, ვიდრე ეს ადამიანებისთვის განკუთვნილ ვაქცინებშია გამოყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, healthfeedback.org-ც წერდა. იაპონური კვლევა ევროპის სამედიცინო სააგენტომ ფაიზერის ვაქცინის შეფასების 2021 წლის 19 თებერვლის ანგარიშშიც ჰქონდა გამოყენებული.
ამ დრომდე არაერთგზის გავრცელებულა ინფორმაცია, რომ კოვიდვაქცინების მიერ ორგანიზმში ნაწარმოები სპაიკ ცილები ტოქსიკური ნივთიერებებია, რომელიც შემდგომში მთელ სხეულში ვრცელდება და სხვადასხვა გართულებას იწვევს. რეალურად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ ცილები ინექციის ადგილას კონცენტრირდება და სისხლის მიმოქცევის სისტემაში არ გადადის. ხოლო, ვაქცინის 1%, რომელიც შესაძლოა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადავიდეს, ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება. ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება: „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.
მტკიცება: „ბაიერის“ დირექტორმა შტეფან ერლიხმა განაცადა, რომ კოვივაქცინაცია უჯრედული და გენური თერაპიის მაგალითია
ვერდიქტი: მანიპულირება
ინტერნეტსივრცეში გერმანული ფარმაცევტული კომპანიის „ბაიერის“ აღმასრულებელი დირექტორის, შტეფან ოერლიხის გამოსვლა შეცვლილი კონტექსტით ჯერ კიდევ წინა თვეებში გავრცელდა. ოერლიხმა „მსოფლიო ჯანდაცვის სამიტზე 2021“ სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო სფეროში მიღწეულ ტექნოლოგიურ წარმატებაზე ისაუბრა, რომლის თვალსაჩინო მაგალითად ი-რნმ ვაქცინების ინოვაციას იშველიებდა და პარალელს ავლებდა გენურ და უჯრედულ თერაპიასთან. მისი თქმით, მომავალში უჯრედული და გენური თერაპია, მსგავსად ი-რნმ ტექნოლოგიისა, შესაძლოა, სამედიცინო ტექნოლოგიური წინსვლის წარმატებული მაგალითი გახდეს.
ამდენად, კოვიდვაქცინებსა, ამ შემთხვევაში ი-რნმ ვაქცინებსა და გენურ თერაპიას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. გენური თერაპია ექსპერიმენტულ ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის გენების მოდიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა საერთოდ არ აქვთ და შესაბამისად, მასში ცვლილების შეტანაც არ შეუძლიათ. უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
მტკიცება: ვაქცინირებულები უფრო ავრცელებენ ვირუსს და ომიკრონი ამის მაგალითია
ვერდიქტი: მანიპულირება
გოგიაშვილის მოსაზრებით, ვაქცინაცია ხელს უწყობს ვირუსის უფრო მეტად გავრცელებას და ამის ნათელ მაგალითს ომიკრონის გავრცელება წარმოადგენს. სხვადსხვა წრეებში აქტიურად ვრცელდება მტკიცება, რომ სწორედ ვაქცინირებული ადამიანები უფრო მეტად ინფიცირდებიან, ვიდრე არავაქცინირებულები. Politifact-ის თანახმად, ინფექციურ დაავადებათა ექსპერტები ამ დასკვნას არ იზიარებენ.
მეცნიერები ამჟამად აქტიურად მუშაობენ, დაადგინონ რამდენად ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ დღეს არსებული კოვიდვაქცინები, თუმცა ისინი თანხმდებიან იმაზეც, რომ ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში, ლეტალობის და დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან ეფექტურად იცავს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის, ამეშ ადალიას განმარტებით, ომიკრონ ვარიანტს აქვს უნარი გაარღვიოს იმუნიტეტი და შესაბამისად, მას შეუძლია სრულად აცრილი და ბუსტერ დოზა გაკეთებული ადამიანიც დააინფიციროს. „ეს არ ნიშნავს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით უფრო მეტად ინფიცირდებიან, ან „ომიკრონ“ ვარიანტს მიზანში ამოღებული მხოლოდ ვაქცინირებულები ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა, ვაქცინირებულებიც კი დააინფიციროს“- აცხადებს დოქტორი ადალია.
ბუფალოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ტომას რუსო აღნიშნავს, რომ ვირუსის „დელტა“ ვარიანტთან შედარებით, „ომიკრონი“ ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამიანის იმუნიტეტთან მიმართებაში უფრო მედეგია. „ესაა მიზეზი, რის გამოც მრავალი ვაქცინირებული ინფიცირდება, მაგრამ ასევე გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ვაქცინირებული ადამიანები უფრო მეტად არიან დაცულები. ვაქცინაცია არ ზრდის ინფიცირების შანსს, პირიქით, ვაქცინირებული უფრო მეტად არის დაცული ინფიცირებისგან, ინფექციის გართულებისა და გარდაცვალების რისკისგან“,- განმარტავს პროფესორი.
აღსანიშნავია, რომ გოგიაშვილი ვიდეოს დასაწყისში კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით კონსპირაციული თეორიის ჭრილში საუბრობს და ამბობს, რომ ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად ხელოვნურად შექმნეს, რათა ადამიანების გარდაცვალება გამოიწვიოს. ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობაზე კვლევები კიდევ მიმდინარეობს. შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ ზაფხულში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ვირუსის წარმოშობის შესახებ კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ვირუსის წარმოშობის ორი ვერსია განიხილება - ვირუსი ან ბუნებრივად წარმოიშვა, ან უჰანის ლაბორატორიებში. მიუხედავად კონკრეტული პასუხის არარსებობისა, სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ვირუსი ბიოლოგიური იარაღის დანიშნულებით ნამდვილად არავის შეუქმნია. რაც შეეხება, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, მათ მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ვირუსი „უდიდესი ალბათობით“ სველ ბაზარში, ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა. გოგიაშვილმა ვიდეოში სხვადასხვა სპორტსმენის ცუდად გახდომის ფაქტიც კოვიდვაქცინაციის უარყოფით შედეგებს დაუკავშირა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, მსგავსი ინფორმაცია არაზუსტი ან მანიპულაციურია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2).
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.