ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 000 ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ ივლისში შექმნილი მარცვლეულის საერთაშორისო დერეფნიდან გადიოდა, რამაც ექსპერტებში გააჩინა მოლოდინი, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ ხორბალზე ფასები გაიზრდებოდა, რაც ასეც მოხდა. (მოგვიანებით, ისევ რუსეთის განცხადების ფონზე, ხორბალზე ფასებმა დაიწია)
როგორც დარგის სპეციალისტებთან გავარკვიეთ, ხორბალზე ფასი რომც გაიზარდოს, ქვეყანაში არსებული ხორბლის გარდამავალი მარაგების არსებობის გამო, უახლოეს ორ თვეში პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, რაზეც მინისტრი განცხადებაში ასევე საუბრობს, აგვისტოში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით კვლავ კლებაა, თუმცა წინა პერიოდის იმპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. ოქტომბრის თვის მონაცემები გასაჯაროებული არ არის, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. თანაც კონტექსტი, რომ ხორბლის იმპორტის დრამატული კლების (თითქმის განახევრების) შემდეგ ზრდაა, სიმართლეა. ასევ აგვისტო-სექტემბრის საშუალო მონაცემი 25 000 ტონის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, მუშაობა მხოლოდ მცირე და საშუალო კომპანიებმა აღადგინეს და არა ყველა წისქვილკომბინატმა, როგორც მინისტრი აცხადებს.
განხილულ მასალაზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პურის ფასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა: „ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 000 ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“.
როგორც ცნობილი გახდა, 29 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს. ამასთან, ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წყლებში მყოფი უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში ე.წ. სტამბულის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაერომ, რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. შეთანხმებით რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.
რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის დატოვების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებში გააჩინა მოლოდინი, რომ აღნიშნული ხორბლის ფასებზე აისახებოდა და თავისთავად, პურის ფასზეც მოახდენდა გავლენას. ექსპერტების მოლოდინები გამართლდა და რუსეთის განცხადების შემდეგ ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალზე ფასი თითქმის 6%-ით გაძვირდა და ბუშელ ხორბალზე (ბუშელი - საზომი ერთეული, რომელიც 27,2 კგ-ის ექვივალენტია) 8.78 აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად, ერთ ტონაზე - 322 აშშ დოლარი. სწორედ ამ ფონზე გაკეთდა მინისტრის განცხადებაც.
თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას უბრუნდება, რადგან უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო, რომ უკრაინა „მარცვლეულის დერეფანს“ რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების საწარმოებლად არ გამოიყენებს. აღნიშნულმა მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასის დაწევა გამოიწვია და ის ფასის ნამატი, რაც მანამდე რუსეთის აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა, დარეგულირდა და 4 ნოემბრისთვის ფასმა ბუშელ ხორბალზე 8.5 აშშ დოლარი - ტონაზე 313 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება უშუალოდ პურის ფასს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, მიმდინარე წელს პურის ფასი ყველაზე მაღალი აპრილ-მაისში იყო, ყველაზე დაბალი ფასი სექტემბერში დაფიქსირდა - წინა თვესთან შედარებით კლებამ 2.85 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ხორბლის ფქვილის ფასი ყველაზე მაღალი მარტის თვეში იყო, აგვისტოდან კლების ტენდენციაა, სექტემბერში ფასი წინა თვესთან შედარებით 0.46 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. პურის და ფქვილის ფასების ცვლილება მიმდინარე წელს თვეების მიხედვით ცხრილ 2-შია მოცემული.
ცხრილი 1: ხორბლის ფქვილის და პურის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წინა თვე=100)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.8 პროცენტული ფუნქტით გაიზარდა, უშუალოდ პურზე და პურპროდუქტეულზე - 26.1 პროცენტული მუხლით.
რა მდგომარეობაა ხორბლის მარაგების მხრივ საქართველოში და მოსალოდნელია, თუ - არა, პურის გაძვირება „ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხის გარკვევას დარგის სპეციალისტებთან შეეცადა.
ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან სილაგავას განცხადებით, „ძალიან სწრაფად იცვლება მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზე. რუსეთის განცხადებამ, რომ გადის მარცვლეულის დერეფნიდან, მაშინვე ასახვა პოვა მსოფლიო ბირჟებზე და ხორბლის ფასის ზრდა გამოიწვია. თუმცა გუშინ 4-მა უკრაინულმა გემმა გამოიარა დერეფანი მშვიდობიანად, თურქეთის და მსოფლიოს დაინტერესება ამ საკითხით იმდენად დიდია, რომ მოსალოდნელია, რომ აღნიშნული დერეფანი რუსეთის გარეშეც შენარჩუნებული იქნება. შესაბამისად, ეს ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს“.
საკითხზე, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ხორბლის მარაგებთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე საქართველოში არსებობს გარდამავალი მარაგები (რის საშუალებას წისქვილკომბინატებს რუსეთში ხორბლის დიდმა მოსავალმა მისცა, რის შედეგადაც ხორბალზე ფასმა, ივლისის თვიდან მოყოლებული, დაიწია), აქედან გამომდინარე, ხორბალი გაზრდილი ფასით რომც შემოვიდეს, მაინც საშუალო შეწონილი ფასით დაბალანსდება. ერთი თვის შემდეგაც თუ ხორბალი გაძვირებული ფასით შემოვა, აღნიშნულმა შეიძლება ფქვილის დაახლოებით 2 ლარით გაძვირება გამოიწვიოს, თუმცა ეს არ იქნება იმ დონის გაძვირება, რომ პურის ფასზე ზეგავლენა მოახდინოს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, თუ რამე კატასტროფული არ მოხდა, არც ფქვილზე და შესაბამისად, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის“.
პურისმცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც ადასტურებს, რომ ახალ წლამდე პურზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „უნდა აღინიშნოს, რომ შემოტანილი ფქვილის და ადგილობრივი ფქვილის ფასი ერთმანეთს გაუტოლდა და ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარია, გარდა ამისა, ფქვილის ორთვიანი მარაგი დაახლოებით 80 00 ტონა, ქვეყანაში არის. საქართველოში პურის ფასი, თუ სხვა პროდუქტებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას რომ სტაბილურია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პურს დაახლოებით 2500 იურიდიული პირი აცხობს და ფასში 5-10 თეთრის სხვაობა ყოველთვის არის. ამ ეტაპზე ხორბლის მაქსიმალური ფასი 300-350 დოლარია, რაც იმის წინა პირობაა, რომ ფასების ამ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში და იმის საფუძველზეც, რომ ორთვიანი მარაგი ქვეყანაში არის, პურის ფასის ზრდა უახლოეს ორ თვეში მოსალოდნელი არ არის“.
როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე, პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში არსებობს გამოცდილება, რომ გასულ წელს ხორბალზე ფასის დრამატული ზრდის გამო, სახელმწიფომ ხორბლის ფქვილის ფასი დაასუბსიდირა (დაწვრილებით იხილეთ სტატია), რამაც განაპირობა ის, რომ სოციალურ - ფართო მოხმარების პურზე, ფასი შენარჩუნებულ იქნა. როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის, თუმცა მინისტრის განცხადება იმის წინაპირობაა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ფქვილის ფასს ისევ დაასუბსიდირებს.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, როგორც გვახსოვს, 2021 წლის სექტემბრიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მექანიზმი აამოქმედა, რამაც საქართველოში ხორბლის იმპორტიორებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა, რადგან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით მცირე ფასის გამო, კონკურენციას ვერ გაუწევდა. აღნიშნულმა ხორბლის იმპორტი შეამცირა და შესაბამისად, ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებაც განაპირობა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის იმპორტის 50%-ით იყო შემცირებული (დაწვრილებით იხილეთ სტატია).
რა მდგომარეობა გვაქვს ამჟამად? საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამში 38 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 105,012 ტონა ხორბალი შემოვიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 67.8 მლნ აშშ დოლარის 289,006
ტონა ხორბალი იქნა შემოტანილი. შესაბამისად, მიმდინარე წლის 9-თვიან პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, ხორბლის იმპორტი 43.7%-ით არის შემცირებული.
როგორც აღვნიშნეთ საგარეო ვაჭრობის პორტალზე ბოლო მონაცემები სექტემბრის თვისაა. თვეების მიხედვით კი მიმდინარე წლის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 2: ხორბლის იმპორტი თვეების მიხედვით ( მლნ აშშ დოლარი, ტონა)
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, აგვისტოს თვეში ხორბლის იმპორტი საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ისევ კლებაა. თუმცა კონტექსტი, რომ ბოლო პერიოდში, იმპორტის დრამატული შემცირების შემდეგ, ზრდა ფიქსირდება, სიმართლეა. რაც შეეხება ოქტომბრის თვის მონაცემს, რომელზეც მინისტრი საუბრობს, ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს ხორბლის იმპორტი ტრადიციულად ძირითადად ისევ რუსეთიდან განხორციელდა ( 93. 5% - 35.7 მლნ აშშ დოლარის), მცირე რაოდენობით ხორბალი სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან იქნა შემოტანილი.
რაც შეეხება წისქვილკომბინატების მუშაობის აღდგენას, ხორბლის იმპორტის ზრდამ წისქვილკომბინატების მუშაობა თავისთავად განაპირობა, თუმცა როგორც ლევან სილაგავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მუშაობა ძირითადად საშუალო სიმძლავრის წისქვილკომბინატებმა განაახლეს, რადგან დიდ წისქვილკომბინატებს ასამუშავებლად უფრო მეტი სტაბილურობის განცდა, ანუ ხორბლის იმპორტის ძველ ნიშნულამდე დაბრუნება, ესაჭიროებათ. შესაბამისად, ყველა წისქვილკომბინატს მუშაობა არ აღუდგენია, როგორც მინისტრი აცხადებს.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის, რისი გარანტიაც ქვეყანაში ორთვიანი მარაგების არსებობაა, ასევე ხორბალზე ფასის შედარებით დაწევის და სტაბილურობის გამო, ხორბლის იმპორტიც ბილო ორი თვის განმავლობაში - წინა პერიოდთან შედარებით, მზარდია. ოქტომბრის მონაცემი ჯერ გასაჯაროებული არ არის, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბრის თვის იმპორტის ზუსტი მონაცემი არ ვიცით და წისქვილკომბინატების მუშაობაც სრულად არ აღმდგარა, მინისტრის განცხადებას ვაფასებთ, როგორც მეტწილად სიმართლე.