Facebook-მომხმარებელი Tamriko Meskhi სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მოსახლეობის შემცირების მიზნით გამოიყენება. კერძოდ, Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მამამ, სტენლი ჯონსონმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „ვირუსი“ იმის შესახებ, რომ მთავრობამ მოსახლეობაში ვირუსი ხელოვნურად გაავრცელა, რათა იძულებითი ვაქცინაციის მეშვეობით მოსახლეობის რაოდენობა გაეკონტროლებინა: „1982 წელს სტენლი ჯონსონმა, რომელიც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის - ბორის ჯონსონის მამაა, დაწერა ნოველა სახელწოდებით “ვირუსი”, იმის შესახებ თუ როგორ გაუშვა მთავრობამ მოსახლეობაში ვირუსი, როგორც ნიღაბი(საბაბი) იძულებითი ვაქცინაციის საშუალებით მოსახლეობის გასაკონტროლებლად”. იდენტური პოსტი 8 ივლისს Facebook-გვერდზე „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გამოქვეყნდა აღწერით: „როდის დაიჭერთ მუშკეტერებს, მანამ საქართველოში ჯანმრთელი აღარ გვეყოლება?????”.

დეზინფორმაცია ვაქცინაციის შედეგად მოსახლეობის მასობრივი შემცირების შესახებ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას წარმოადგენს და პანდემიის დროს სხვადასხვა ფორმით არაერთხელ გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს და სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მამის, სტენლი ჯონსონის წიგნი სახელწოდებით „მარბურგის ვირუსი“ 1984 წელს მართლაც გამოქვეყნდა, 2020 წლის ზაფხულში კი ხელმეორედ გამოიცა. თუმცა, მტკიცება, რომ წიგნში კორონავირუსის მოსახლეობის შემცირების მიზნით ხელოვნურად გავრცელებაზეა საუბარი, ყალბია. როგორც AFP FactCheck-ი წერს, სტენლი ჯონსონის „მარბურგის ვირუსის“ წაკითხვის შემდეგ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ წიგნში მსგავსი ინფორმაცია კორონავირუსის ან ვაქცინაციის შესახებ არ იძებნება.

სტენლი ჯონსონის რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟი, ეპიდემიოლოგი ლოუელ კაპლანია, რომელიც ინფექციური და მომაკვდინებელი მარბურგის ვირუსის გავრცელების წყაროს დადგენას მას შემდეგ ცდილობს, რაც აღნიშნული პათოგენისგან ნიუ-იორკში ქალი გარდაიცვლება. წიგნში მოქმედება ცივი ომის დროს, შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული დაპირისპირებების ფონზე ვითარდება. როდესაც წიგნის პერსონაჟი, კაპლანი, ეპიდემიის გავრცელების წყაროს ეძებს, შეერთებულ შტატებში ვითარება უარესდება, რის შედეგადაც ორმოცდაათი ათასი საეჭვო კონტაქტის იზოლაცია ხდება. წიგნის დასასრულს კაპლანი და კიდევ ერთი პერსონაჟი, სახელად სტეფანი ვერუსიო ვაქცინის შექმნისთვის საჭირო დოკუმენტების მოპოვებას ახერხებენ. წიგნში ვკითხულობთ, რომ 200 მილიონი ამერიკელი იღებს ვაქცინის დოზას, თუმცა რომანში არსად არის საუბარი იძულებითი ვაქცინაციის პროგრამაზე. ამასთან, Facebook-მომხმარებლის მტკიცების მიუხედავად, ირკვევა, რომ სტენლი ჯონსონის წიგნში არსად წერია მოსახლეობის კონტროლის მიზნით ვირუსის ხელოვნურად გავრცელების შესახებ. ამავდროულად, როგორც წიგნის დასასრულს ვკითხულობთ, აშშ-ში ვირუსის გავრცელება მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

ბრიტანელი მწერალი წიგნის ახალი გამოცემის ბოლოსიტყვაობაში Covid-19-ის დასამარცხებლად ვაქცინაციის შექმნის აუცილებლობაზე წერს: „იქნება თუ არა ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ ისეთივე წარმატებული, როგორიც ჩემი გამოგონილი გმირი იყო მარბურგის ვირუსთან ბრძოლაში? ... ჩემს წიგნზე და მის ბედნიერ დასასრულზე რომ ვფიქრობ, მგონია, რომ მსოფლიოს მთავრობები, მათ შორის ჩვენიც, ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ვაქცინის შექმნაზე. მართალია, შემაკავებელი, პრევენციული ზომები მნიშვნელოვანია, თუმცა, მასობრივი იმუნიზაცია აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ფაქტორი Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ან შემდგომი გავრცელების, მაგალითად, „მეორე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად”.

აღსანიშნავია, რომ „მარბურგის ვირუსი“ გერმანიასა და სერბეთში 1967 წელს მარბურგის ვირუსის გავრცელების რეალურ ისტორიას ეფუძნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსის თავდაპირველი აფეთქება აფრიკული მწვანე მაიმუნების გამოყენებით ჩატარებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის შემცირების მიზნით კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მტკიცება სამეცნიერო კვლევებით არ დასტურდება. აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსს ხელოვნური წარმოშობა არ გააჩნია. ამასთან, ათობით მეცნიერის მიერ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა. აშშ-ის „ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის“ დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ლაბორატორიაში წარმოქმნის შესახებ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. ამავეს აცხადებენ, „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ და ამერიკის „გალვესტონის ეროვნული ლაბორატორიის“ წამყვანი მკვლევრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც ვრცელდებოდა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი