ანა ბუჩუკური: ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 183%-ით არის გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში, ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 183%-ით მეტია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველი 10-დან 9 აპლიკანტმა განაცხადი პირველად შეავსო.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო მთავარი ფაქტორი, რომელმაც ევროკავშირი+ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო დაცვისთვის მიმართვის ზრდაზე გავლენა იქონია. ანგარიშში ასევე საუბარია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და პოლიტიკურ გამოწვევებზე.

ანალიზი

6 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა: „უკანასკნელ რამდენიმე თვეში კატასტროფულად არის გაზრდილი ემიგრანტების რაოდენობა... ჩვენ ვიხილეთ ოფიციალური სტატისტიკა - ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი“.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველ 4 თვეში, ევროკავშირის წევრ და ასოცირებულ ქვეყნებში (ევროკავშირი+) თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2 885 აპლიკანტი) 183%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ყოველი 10-დან 9 აპლიკანტმა განაცხადი პირველად შეავსო. ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა და როგორც ვარაუდობენ, კვლავაც ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით.

წინა წლების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრისთვის უმეტესწილად საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას მიმართეს, განაცხადების თითქმის 4/5 ამ ქვეყნებზე მოდის. 2022 წელს გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ირლანდიასა და ბელგიაში.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო მთავარი ფაქტორი, რომელმაც ევროკავშირი+ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო დაცვისთვის მიმართვის ზრდაზე გავლენა იქონია. 2022 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირი+ ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსი 390 საქართველოს მოქალაქეს მიანიჭეს, რაც სპეციალური სტატუსია და მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ანგარიშში საუბარია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე - ცხოვრების გაძვირებაზე [ორნიშნა ინფლაციაზე] და უმუშევრობის მაღალ დონეზე. აღნიშნული საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად უნდა განვიხილოთ.

ცნობისთვის, პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში] სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რომელსაც ჰქონდა გამაღარიბებელი ეფექტი. 2022 წლის I და II კვარტლებში ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. უმუშევრობის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას“. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ემიგრაციის ხელშემწყობი ფაქტორია.

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. გასულ წელს კი, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა [ქვეყანაში შემოსულთა] რაოდენობა შემცირდა. 2021 წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა, რაც უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მიგრაციის 2022 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი