ირაკლი ღარიბაშვილი: დასაქმებულთა რაოდენობა 55 ათასით გაიზარდა - ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში შეიქმნა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 55.3 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა. ამავე პერიოდში, უმუშევრობის დონე, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის II კვარტალში ქვეყანაში სამუშაო ძალის პარამეტრები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით - გაუარესებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის.
შესაბამისად, პრემიერის ინტერპრეტაცია, თითქოს ქვეყანაში რამდენიმე თვეში 55 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა არის მანიპულირება.
ანალიზი
29 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების მაჩვენებლებზე. მისი განცხადებით: „4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე და 18.1% შეადგინა. აქვე, სიხარულით მინდა აღვნიშნო, დასაქმებულთა რაოდენობა 55 ათასით გაიზარდა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში“.
პანდემიის პერიოდში [2020-2021 წლებში] სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. 2022 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.
2022 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. ამავე პერიოდში, დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით, 42.2%-მდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 55.3 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა და 1269.9 შეადგინა. აქედან, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%-ით) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 63 ათასით (18.3%) შემცირდა და 281.6 ათასი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის ანალოგიური კვარტალი) მაჩვენებელს უმუშევრობის დონე 0.8 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობა, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელზე 45.8 ათასით ნაკლებია.
ამრიგად, 2022 წლის II კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. რაც თავის მხრივ დადებითი მოვლენაა, თუმცა არა „რამდენიმე თვეში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები“, როგორც ეს პრემირ-მინისტრმა გვამცნო.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური