ელგუჯა ბაგრატიონი: [აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე] აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ციტრუსი იქნება თუ რძის პროდუქტები, კლებაა...
ვერდიქტი: ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2021 წელს არაერთ პროდუქტზე წარმოება შემცირებულია, თუმცა ეს რძესა და ციტრუსს არ ეხება. კერძოდ: 2020 წელს ციტრუსის წარმოების მაჩვენებელმა 37.6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო რძის წარმოებამ - 29.0 ათასი ტონა. 2021 წელს კი აღნიშნული პარამეტრები, შესაბამისად, 49.7 ათას ტონასა და 31.8 ათას ტონას შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ამ ორი პროდუქტის წარმოება გაზრდილია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ციტრუსის წარმოება 2019 წელს 50.0 ათასი ტონა იყო. აქედან გამომდინარე, შარშანდელი მაჩვენებელი 2019 წლის პარამეტრს ჯერ კიდევ ვერ გაუტოლდა. რაც შეეხება რძის პროდუქტის წარმოებას, ცალკე რეგიონული სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა აჭარაში ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობის სტატისტიკა, 2018-2021 წლებში, მზარდია. უმნიშვნელოდ გაზრდილია თაფლის წარმოების მაჩვენებელიც და თუ 2020 წელს 0.2 ათას ტონას შეადგენდა, შარშან მეფუტკრეებმა, ჯამში, 0.5 ათასი ტონა თაფლი აწარმოეს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების მიმართულებით კლებაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თანაც, ელგუჯა ბაგრატიონი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის შესახებ სვამს კითხვას და სავარაუდოდ, 2021 წლის მაჩვენებლებს აფასებს და მათ შორის, რძეს და ციტრუსს გამოყოფს. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, რძის და ციტრუსის წარმოება გაზრდილია. 2020 წელს შემცირება მართლაც გვაქვს, მაგრამ, როგორც ვიცით, 2020 წელი პანდემიური წელი იყო და პანდემიიდან გამომდინარე, კლება მოსალოდნელი იყო. შესაბამისად, განცხადების შეფასებისას პანდემიის კონტექსტს მიღმა დატოვება, არამართებულია. თანაც, 2021 წელს თითქმის ყველა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის წარმოება, 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია (შემცირებულია ბოსტნეულის, თესლოვანი და კურკოვანი ხილის წარმოება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება) და პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება.
აქედან გამომდინარე, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი
აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენის დროს, უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა: „[აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე] აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ციტრუსი იქნება თუ რძის პროდუქტები, კლებაა“...
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის ძირითადი საქმიანობებია ციტრუსის, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, ასევე - მეცხოველეობა. ტრადიციულ საქმიანობებად მევენახეობა, მარცვლეულის წარმოება და მეფუტკრეობა ითვლება.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადება გამომდინარეობდა იმ გარემოებიდან, რომ აჭარის რეგიონში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბოლო რამდენიმე წელია, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. „ფაქტ-მეტრმა“ 2018 წელს, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, დათვალა, რომ 2013-2017 წლებში განხორციელებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე 82 მილიონ ლარზე მეტი იყო დახარჯული, თუმცა ცხოველისა და ფრინველის ხორცის, რძის, სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. საკითხზე მუშაობის პერიოდში, გაზრდილი იყო კაკლოვანი ხილის, თხილისა და ციტრუსის წარმოება.
გარდა იმისა, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მზარდია, რეგიონში ხორციელდება არაერთი პროგრამა უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელთა შორისაა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD). პოლიტიკოსი გულისხმობდა, რომ პროდუქციის წარმოება გახარჯული თანხის ადეკვატური არ არის.
აჭარაში სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტის წარმოება მართლაც შემცირებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ზრდა უმნიშვნელოა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით შეისწავლა. საანგარიშოდ 2018-2021 წლები ავიღეთ.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ვხედავთ, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მნიშვნელოვნად იზრდება ციტრუსისა და რძის წარმოება. აჭარაში რძის პროდუქტების წარმოების ცალკე სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა რეგიონში გაზრდილია ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში იყო, შესაბამისად, 1 189,0; 1 236,0; 1 292,0 და 1 460,0 ლიტრი წელიწადში. უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება თაფლის, სუბტროპიკული ხილის, კაკლოვანი ხილის, თხილის, ყურძნისა და ყველა სახის ფრინველის ხორცის წარმოების მიმართულებით.
რაც შეეხება კვერცხის წარმოებას, ის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კლების ტენდენციით ხასიათდება და 2020-2021 წლებში სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს იყო. შემცირებულია ასევე ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლებსაც, ფაქტობრივად, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებად ყოველდღიურად იყენებს. ესენია: ბოსტნეული, კარტოფილი, ლობიო და სიმინდი. ასევე, 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, თანდათან მოიკლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოებამ. კლება ფიქსირდება აჭარაში კაკლის წარმოების მიმართულებითაც.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი პანდემიური წელი ოყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების შესაფასებლად დასახელებული წელი არ გამოდგება. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ 2021 წელს თითქმის ყველა პროდუქტის წარმოება გაზრდილია და პანდემიამდელ მონაცემებს უბრუნდება (2019 წელს). შესაბამისად, განცხადების შეფასებისას პანდემიის კონტექსტს მიღმა დატოვება არამართებულია. აქედან გამომდინარე, ელგუჯ ბაგრატიონის განცხადება არის მცდარი.