ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით,გია აბულაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2013 - 2017 წლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისთვის, აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან, ჯამში 37 556 200 ლარი გაიხარჯა. იმავე პერიოდში ყოველწლიურად ხორციელდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა (UNDP) „სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“. პარალელურად, 2016 წლიდან დღემდე, ავსტრიის განვითარების სააგენტო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას აფინანსებს. ამ პროგრამებისთვის გახარჯულია 1 829 736 ლარი. 2016 წელს დაიწყო პროგრამა ENPARD-2, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულდეს. მისი ბიუჯეტი 2 901 097 აშშ დოლარს, ანუ დაახლოებით 7 447 116 ლარს შეადგენს. თუ სამინისტროსთვის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 12 885 200 ლარსაც გავითვალისწინებთ, 2013-2018 წლებში სამინისტროს გახარჯული ექნება 59 718 252 ლარი.
გარდა ამისა, აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამები და ქვეპროგრამები დაფინანსდა ცენტრალური ბიუჯეტიდანაც, კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების მიერ, ჯამში 22 739 570 ლარით. აქედან გამომდინარე, დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით, რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის გახარჯული თანხის მოცულობა 82 457 822 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მოცემულ საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაჩვენებელს, კლების ტენდენცია შეინიშნება ცხოველისა და ფრინველის ხორცის, რძის, სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით. გაზრდილია კვერცხის, კაკლოვანი ხილის, თხილისა და ციტრუსის წარმოება. ამდენად, გია აბულაძის განცხადებაში დასახელებული რიცხვი გახარჯული თანხის ზუსტ რაოდენობას არ ემთხვევა, თუმცა კონტექსტი, რომ ათეულობით მილიონი ლარის დაფინანსების მიუხედავად, აჭარაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იკლებს ან რამდენიმე შემთხვევაში უმნიშვნელოდ იზრდება, სწორია.
ანალიზი
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ განაცხადა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობაში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 100 მილიონია დახარჯული და მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება თითქმის ყველა მიმართულებით იკლებს.
აჭარაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ახორციელებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ამ სამინისტროს მიერ დაფუძნებული რამდენიმე ორგანიზაცია: ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აგროპროექტების მართვის ცენტრი და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა მზარდია. 2013 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 5 747 000 ლარი აქვს ათვისებული. აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2014 წელს სამინისტროს გახარჯული თანხის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 5 937 400 ლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს - 6 736 000 ლარი. 2016 წელს უწყებამ 8 008 200 ლარი აითვისა, 2017
წელს კი 11 127 600 ლარი დახარჯა. რაც შეეხება 2018 წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 885 200 ლარია.
ცხრილი 1:აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე 2012 – 2018 (მიმდინარე წელი - საპროგნოზო) წლებში გახარჯული თანხა, ლარი
დასახელება | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა | 1 108 700 | 1 245 700 | 1 665 800 | 1 715 800 | 1 485 100 | 1 705 200 |
სამექანიზაციო საშუალებებით ფერმერთა და აგრომრეწველთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა | 630 300 | 1 179 200 | 1 523 000 | 1 294 400 | 0 | 0 |
აგაროსერვისის განვითარება რეგიონში | 2 300 800 | 1 498 800 | 1 601 300 | 2 325 000 | 1 896 200 | 2 830 000 |
ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება | 314 500 | 408 300 | 338 200 | 1 250 300 | 371 600 | 397 800 |
მემცენარეობის დარგის განვითარების ხელეწყობა | 893 700 | 1 364 200 | 858 300 | 965 800 | 0 | |
მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა | 198 000 | 241 200 | 749 400 | 456 900 | 0 | |
მემცენარეობის დარგის განვითარების მიზნით კვლევები და პრევენციული ღონისძიებები | 301 000 | 0 | ||||
აგროსექტორის მდგრადი განვითარება | 632 700 | 150 000 | ||||
სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით | 5 638 700 | 6 492 200 | ||||
მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა | 1 103 300 | 843 100 | ||||
აგრარული ექსტენციისა და პრაქტიკული სერვისების მიწოდება | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 329 900 |
მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 137 000 |
წყარო: აჭარის 2014, 2015, 2016 და 2018 წლის ბიუჯეტები
გარდა რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა, სოფლის მეურნეობაში რამდენიმე პროგრამა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა უცხოური გრანტებით განახორციელა.
ცხრილი 2:აჭარის სოფლის მეურნეობაში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ 2012 - 2018 წლებში გრანტებით განხორციელებული პროგრამები
დაფინანსების წყარო | პროგრამის დასახელება | წელი | თანხა, ლარი |
UNDP გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამა | სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2012 | 94 190 |
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2013 | 266 010 | |
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2014 | 560 645 | |
სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2015 | 375 275 | |
მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2016 | 122 800 | |
მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2017 | 181 930 | |
ავსტრიის განვითარების სააგენტო | ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში | 2016-2018 |
228 886 |
წყარო: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
2012-2018 წლებში სოფლის მეურნეობაში უცხო ქვეყნების გრანტებით განხორციელებული პროგრამების ღირებულებამ 1 829 736 ლარი შეადგინა. 2016-2018 წლებში მიმდინარეობს ENPARD-2, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2 901 097 აშშ დოლარია, საიდანაც 2 765 487 აშშ დოლარი ევროკავშირმა გამოყო. ეს პროექტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის - ENPARD-ის ნაწილია. ამდენად, საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების მიერ გახარჯული თანხა 59 718 252 ლარს შეადგენს.
აჭარაში სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროგრამა (ქვეპროგრამა) დაფინანსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციებიდანაც.
ცხრილი 3: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციები, საიდანაც აჭარაში სოფლის მეურნეობის პროგრამები დაფინანსდა
უწყების დასახელება | პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების პერიოდი | დაფინანსების რაოდენობა, ლარი |
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო | 2013-2016 | 19 207 716 |
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია | 2012-2018 | 304 633 |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო | 2015-2018 | 133 564 |
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო | 2012-2018 | 1 842 757 |
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო | 2013-2018 | 78 226 |
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (იხ. ბმულები3, 4, 5, 6, 7, 8)
ამასთან, 1 172 674 ლარი დაიხარჯა ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისის ასაშენებლად. ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებულმა დაფინანსებამ ჯამში 22 739 570 ლარი შეადგინა. მთლიანობაში, აჭარის რეგიონის სოფლის მეურნეობისთვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 82 457 822 ლარს მიაღწია.
განცხადების მეორე ნაწილი გულისხმობდა, რომ აჭარაში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა დახარჯული თანხის არაადეკვატურია. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესი სახეობის წარმოებას მართლაც კლების ტენდენციით ხასიათდება.
ცხრილი 4: აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები 2016-2017 წლების მიხედვით
პროდუქციის სახეობა | 2016 | 2017 |
სუბტროპიკული ხილი | 2 200 ტ | 2 000 ტ |
თხილი | 1 500 ტ | 2 400 ტ |
ყურძენი | 1 500 ტ | 1 600 ტ |
ციტრუსი | 39 600 ტ | 46 100 ტ |
ჩაი | 800 ტ | 400 ტ |
კაკლოვანი ხილი | 2 300 ტ | 3 500 ტ |
თესლოვანი ხილი | 3 400 ტ | 2 400 ტ |
კურკოვანი ხილი | 1 700 ტ | 1 600 ტ |
სიმინდი | 4 800 ტ | 2 000 ტ |
ლობიო | 300 ტ | 200 ტ |
კარტოფილი | 14 200 ტ | 15 300 ტ |
ბოსტნეული | 4 700 ტ | 4 100 ტ |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი | 70 300 სული | 63 900 სული |
ფური და ფურკამეჩი | 36 000 სული | 33 000 სული |
ყველა სახის ფრინველი | 86 400 ფრთა | 93 600 ფრთა |
ფუტკარი | 14 100 სკა | 14 200 სკა |
ხორცის წარმოება | 2 300 ტ | 1 900 ტ |
ფრინველის ხორცი | 200 ტ | 100 ტ |
რძე | 35 600 ლ | 32 500 ლ |
კვერცხი | 5,1 მლნ ცალი | 6,8 მლნ ცალი |
თაფლი | 100 ტ | 100 ტ |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური