ირაკლი ღარიბაშვილი: რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელი პარტნიორების, რომ ჩვენ დაგვენიშნა ეს მოსამართლეები სამუდამოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის კონსტიტუციაში ასახვას ვენეციის კომისია ჯერ კიდევ 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს მიესალმა. უვადო დანიშვნის იდეას 2013 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებშიც, როგორც ვენეციის კომისია, ისე ადგილობრივო არასამთავრობო ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის შესაბამისი სისტემის არსებობის პირობებში.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა სათანადო სისტემა (და არც მომავალში გამოუჩენია ხელისუფლებას ასეთის შექმნის ნება) არასამთავრობო სექტორმა თავის დროზე უვადო დანიშვნების წესის ამოქმედების გადავადება ითხოვა, თუმცა - უშედეგოდ. ხელისუფლებამ მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა დაიწყო.

მას შემდეგ, ნაცვლად სასამართლოს გაჯანსაღებისა, მმართველმა გუნდმა გავლენიან მოსამართლეებთან ერთგვარი „გარიგების“ პროცესი დაიწყო. სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიამ, მოსამართლეთა დანიშვნების ბუნდოვანმა და გაუმჭვირვალე პროცესებმა, მათ შორის, ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მიერ უპრინციპოდ შერაცხილი მოსამართლეების ხელახლა დანიშვნებმა, ცხადყო, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების რეალური პოლიტიკური ნება არ ჰქონია.

შედეგად, მართლმსაჯულების სისტემაში დაინიშნნენ და დღემდე რჩებიან მოსამართლეები, რომელთა სახელებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს უსამართლო გადაწყვეტილებებთან და ხელისუფლებისადმი მორჩილებასთან ასოცირდებოდა.

ანალიზი

2022 წლის 21 მაისს, ქალაქ გორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლია:

„როცა იძახიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ., თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 300 [1] მოსამართლეს ვინ მართავს? მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს?! ეს არის აბსურდი. ეს 300 მოსამართლე რომ ავიღოთ, დანიშნული არიან ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ მოსამართლეების სამუდამო დანიშვნა. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გადაამოწმა.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც 2013 წლიდან მოსამართლეების (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებდა. ამასთან, ცვლილება უვადო განმწესებამდე მოსამართლისთვის 3 წლამდე გამოსაცდელი ვადის დაწესების შესაძლებლობას იძლეოდა.

იმ დროისთვის აღნიშნულ სიახლეს მხარი საკონსტიტუციო კომისიის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. ცვლილება მისაღებად მიიჩნია ვენეციის კომისიამაც, თუმცა, ამასთანავე უარყოფითად შეაფასა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნის საკითხი და ის ფაქტი, რომ უვადოდ დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არ შეეხებოდა.

ზოგადად, ვენეციის კომისიას ხაზგასმული აქვს, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა „გამოსაცდელი ვადების განსაზღვრამ შეიძლება მოსამართლეების დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას, ვინაიდან ისინი შეიძლება წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ“. საქართველოსთან მიმართებით, კომისიის პირდაპირი რეკომენდაცია იყო, უვადოდ დანიშვნის ნორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზეც გავრცელებულიყო, ასევე, უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადის დაწესების ნორმა გაუქმებულიყო, მაგრამ რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წელს, დღის წესრიგში კონსტიტუციაში 2010 წელს შესული ზემოაღნიშნული დებულებების ამოქმედებისა და მათი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ასახვის საკითხი დადგა, რამაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობას სურდა, მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ჩადებული ნორმა შეეცვალა. მათ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის, რომ თუ მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ დაინიშნებოდნენ, მაშინ თაობები ათწლეულების განმავლობაში დაკარგავდნენ შანსს, გამხდარიყვნენ მოსამართლეები. შესაბამისად, მოსამართლეთა კორპუსის განახლებაც არ მოხდებოდა.

თუმცა, მოგვიანებით, იმ დროისთვის - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ, კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, ასევე, მოსამართლეთა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმებსა და წესს, რის საფუძველზეც, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო.

საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. მათი წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების უვადოდ განმწესება/უვადოდ გადანიშნვა ყოველგვარი გამოსაცდელი ვადისა და კონკურსის გარეშე უნდა მომხდარიყო.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, მათ არც შალვა შავგულიძის და არც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია გაიზიარეს. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არაერთი განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსამართლეთა 3 წლიანი ვადით დანიშვნა და გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის ყოველწლიურად მონიტორინგის შესაძლებლობა უარყოფითად შეფასდა.

„მართალია, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი მიზანი - უზრუნველყოს მოსამართლეთა კორპუსის სათანადო კვალიფიკაციითა და ეთიკური პრინციპების ერთგული კადრებით დაკომპლექტება - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შერჩეული მოსამართლეები უვადოდ დარჩებიან თანამდებობაზე. მიუხედავად ამისა, გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტი შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, რომელთა იგნორირება გაუმართლებელი იქნებოდა. საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით კი, ეს რისკები კიდევ უფრო სერიოზულია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პატივისცემის მყარი და მრავალწლოვანი ტრადიცია“, - ვკითხულობთ კოალიციის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რაც შეეხება უვადოდ დანიშვნის წესს, კოალიციამ მიიჩნია, რომ იმ ეტაპისთვის, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დადგენას, ჯობდა უვადოდ დანიშვნის კონსტიტუციის წესის ამოქმედება გადადებულიყო. აღნიშნული პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმით ახსნეს, რომ მოსამართლეთა შერჩევის სათანადო სისტემა არ არსებობდა.

„სწორედ შერჩევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენებით და კანონის უზენაესობის პრინციპების სრული დაცვით, უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სათანადო კადრებით დაკომპლექტება და იმათი ჩამოცილება სისტემიდან, რომლებიც ვერ გაამართლებენ შერჩევისას მათ მიმართ გამოხატულ ნდობას და არა იმგვარი მეთოდებით, რომელიც შეასუსტებს და რისკის ქვეშ დააყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის იდეას ემხრობოდა, თუმცა აღნიშნავდა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იმ ეტაპზე მსგავსი სიახლისთვის მზად არ იყო.

„ჩემი აზრით, ქართული სასამართლო სისტემა არ არის მზად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემაზე გადასასვლელად და ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველა მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა არ იქნება სწორი, სანამ კიდევ ერთხელ არ გაანალიზდება ის პრობლემები, რაც სასამართლო სისტემაში არსებობს“, - აღნიშნავდა ის 2013 წელს „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მიუხედავად ვენეციის კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, პარლამენტმა მაინც მიიღო კანონი, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები ყოველი წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეეფასებინა, ისინი უვადოდ განმწესებას რამდენად იმსახურებდნენ.

მოგვიანებით, კოალიციამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან იმ პირობებში, როდესაც ცნობილი არ იყო მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის წესი და პრინციპები, თავი შეეკავებინა. თუმცა, საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა დაიწყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და არც უცხოელი პარტნიორების რეკომენდაცია არ ყოფილა ის, რომ კონკრეტული მოსამართლე ან მოსამართლეთა ჯგუფი უვადოდ დანიშნულიყო თანამდებობაზე.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის იდეას (მსგავსად ვენეციის კომისიისა) ემხრობოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლეთა შერჩევის სათანადო სისტემის არსებობის პირობებში. კერძოდ, მათი პოზიციით, სასამართლო უნდა დაკომპლექტებულიყო მოსამართლეთა შერჩევის სისტემით, რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე, ობიექტურ კრიტერიუმებსა და დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა სათანადო სისტემა (და არც მომავალში გამოუჩენია ხელისუფლებას ასეთის შექმნის ნება), არასამთავრობო სექტორმა თავის დროზე უვადო დანიშვნების წესის ამოქმედების გადავადება ითხოვა, თუმცა - უშედეგოდ. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა (რაც გამოსაცდელი ვადის დაწესების გაუქმებას ეხებოდა) და არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ტყუილი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში ახალმოსულ პოლიტიკურ გუნდს თავდაპირველად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სასამართლოსთან. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც სასამართლოს პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება იყო. არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღესვე, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დავის წამოწყებას გეგმავდა იმ მოსამართლის წინააღმდეგ, „რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ ერთ დღეში 60 უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“. ამავე პერიოდში სასამართლომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვა დაიწყო. ამ საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეს ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამდა.

მიუხედავად სასამართლოსადმი თავდაპირველად არსებული დამოკიდებულებისა, ხელისუფლებამ რიტორიკა მალევე შეცვალა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 1 წლის თავზე „აღმოაჩინა“, რომ „სასამართლოში არის ძალიან ბევრი ჯანსაღი, პროგრესული კადრი“. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული (იმ საქმის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულებაში) „გირგვლიანის მკვლელობის საქმის” განმხილველ მოსამართლეში, ლევან მურუსიძეში, რომელიც იმ დროისთვის ახალი არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს „გარანტი“ დაინახა.

2015 წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თვითნებურად შეაჩერა იუსტიციის სკოლაში მსმენელების მიღება, რითაც ხელოვნურად შეუშალა ხელი სისტემაში ახალი კადრების შედინებას (შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მმართველი გუნდი უვადო დანიშვნებს იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა სისტემაში ახალი კადრების შედინებას და მოსამართლეთა კორპუსის განახლებას). სანაცვლოდ, დაიწყო იმ მოსამართლეების გადანიშვნა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას 10-წლიანი ვადა 2015-2017 წლებში ეწურებოდა. მათ შორის იყო კლანის ერთ-ერთი ლიდერი ლევან მურუსიძეც (რომელსაც 2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების „სისტემის მსხვერპლი“ უწოდა). ეს და კიდევ არაერთი სხვა ფაქტი, მიუთითებდა იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში არსებულ გავლენიან მოსამართლეებთან გარიგების პროცესი დაიწყო.

საბოლოოდ, იმ დროიდან დღემდე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიამ, მოსამართლეთა დანიშვნების ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესებმა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ უპრინციპოდ შერაცხილი მოსამართლეების ხელახლა დანიშვნებმა, ცხადყო, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების რეალური პოლიტიკური ნება არ ჰქონია. დროთა განმავლობაში, ნაცვლად სასამართლოს გაჯანსაღებისა, მმართველმა გუნდმა გავლენიან მოსამართლეებთან ერთგვარი გარიგების პოლიტიკა აირჩია. შედეგად, მართლმსაჯულების სისტემაში დაინიშნნენ და დღემდე რჩებიან მოსამართლეები, რომელთა სახელებიც წინა ხელისუფლების დროს უსამართლო გადაწყვეტილებებთან და ხელისუფლებისადმი მორჩილებასთან ასოცირდებოდა.

სასამართლოში არსებულ კრიზისის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს დაკომპლექტების წესი 2018 წლიდანვე ხარვეზიანად დაიწყო, როცა იუსტიციის საბჭომ, პროცედურების დარღვევით შეარჩია და პარლამენტს უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10-კაციანი სია გადაუგზავნა. თუმცა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, პროცესი შეჩერდა.

2019 წლის მაისში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის ხელახალი პროცესი დაიწყო. არსებული ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებში შესაძლებელი გახდა ისეთი სიის ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

საბოლოოდ, ხარვეზიანი პროცესის შედეგად თანამდებობაზე უვადოდ ის 14 მოსამართლე გამწესდა, რომელთაც იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია. მათ შორის, იმ დროისთვის მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.

ეუთო/ODIHR-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესზე მომზადებულ საბოლოო ანგარიშში აღნიშნა, რომ პარლამენტმა კანდიდატები არა მათი დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ, პოლიტიკური განწყობების მიხედვით დაამტკიცა.

საერთაშორისო პარტნიორებისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესს გასულ წელსაც, როცა არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეჩერებულიყო უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დანიშვნები, პროცესი მაინც გაგრძელდა და 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

შეგახსენებთ, გასული წლის 19 აპრილს გაფორმებული „შარლ მიშელის“ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ დამტკიცება იყო. შეთანხმება, სხვა პირობებთან ერთად, მოიცავდა უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას და განცხადებების ხელახლა მიღებას, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას. მმართველმა გუნდმა დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლოსთან დაკავშირებული პირობები ჯერ დაარღვია, შემდეგ კი შეთანხმება დატოვა.

დღეისთვის, სასამართლოების სისტემაში არსებულ კრიზისსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის უცხოელი პარტნიორები (ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პირობადაა განსაზღვრული საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად). თუმცა, მმართველი გუნდი, უცხოელი პარტნიორების მოწოდებებსა და კრიტიკას, ტრადიციულად, კრიტიკითვე პასუხობს ან უყურადღებოდ ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი