იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 245-ზე მეტი ახალი საწარმო და გაფართოვდა 1000-ზე მეტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2013-2021 წლებში პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 225 ახალი საწარმო გაიხსნა და 1,030 გაძლიერდა (გაფართოვდა/გადაიარაღდა). პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობამ კი 23,507 ადამიანი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში სულ 3,454 080,884 ლარის ოდენობის 52,181 ერთეული სესხი და 44,363,677 ლარის ოდენობის ლიზინგი გაიცა. აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 487,449,613 ლარი მოხმარდა, ხოლო პროექტის ბენეფიციარების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ზრდამ - 2012 წელთან შედარებით (პროექტის დაწყებამდე პერიოდთან), ჯამში 396,573,883 ლარი შეადგინა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარების სესხის მომსახურებისთვის სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხა, მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნამატს (2012 წელთან მიმართებით) 90,875,730 ლარით აღემატება. ე.ი. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, საგადასახადო სარგებელს აღემატება.

გარდა ამისა, პროექტი ძირითადად ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენის მიერ წამოწყებული ახალი საქმე ფინანსდება.

პრემიერმა აღნიშნული მონაცემები მთავრობის წარმატებული საქმიანობის დასტურად მოიყვანა. რადგან საწარმოები სოფლის მეურნეობის დარგში შეიქმნა, პროექტის წარმატებულობის გასაზომად, მართებულია, საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა შევაფასოთ. 2013-2021 წლებში დარგის საშუალო ზრდის ტემპი 2.6% იყო. 2021 წლის წინასწარი მონაცემით, კი სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ - 1.4% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობა 1.4%-ით შემცირდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, 2014 წლიდან მოყოლებული თითქმის სულ მცირდება (გამონაკლისი იყო 2018, 2020 წლები). გასული წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1.3% პუნქტით (2020 წელს 8.3% იყო) შემცირდა.

განხილულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები თითქმის სიმართლეა, დასახელებული მონაცემი პროექტის, მით უმეტეს - მთავრობის წარმატებული მუშაობის შესაფასებლად, რელევანტური არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის” დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გახსნილ საწარმოების რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 245-ზე მეტი ახალი საწარმო და გაფართოვდა 1,000-ზე მეტი და ჯამში შეიქმნა 20,000 სამუშაო ადგილი“.

„ქართული ოცნების“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება საწარმოების შექმნა იყო. კოალიციის მაშინდელი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა: „ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური ... ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდეს“ (იხ: სტატია).

აღნიშნული დაპირების განსახორციელებლად 2013 წლის მარტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ამოქმედდა. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან აგროკრედიტს და აგროლიზინგს იღებენ. სოფლის განვითარების სააგენტო კი სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის საფასურის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის საპროცენტო განაკვეთი მისი მოცულობისა და მიზნობრიობის მიხედვით იცვლება.

ოფიციალური მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013-2021 წლებში, 225 ახალი საწარმო გაიხსნა (პდფ1) და 1,030 გაძლიერდა (პდფ2) (გაფართოვდა/გადაიარაღდა). საანგარიშო პერიოდში პროექტის ბიუჯეტმა ჯამში 450 მლნ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ოფიციალური მონაცემებით, პროექტის ფარგლებში 23,507 ადამიანი დასაქმდა.

საწარმოები „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებშიც გაიხსნა. აღნიშნული პროგრამით, რომელიც 2014 წელს ამოქმედდა, 2014-2021 წლებში 68 გადამამუშავებელი და 94 შემნახველი საწარმო გაიხსნა. ამ პერიოდში 68 გადამამუშავებელ საწარმოში 97,472,755 ლარია ინვესტირებული, საიდანაც სახელმწიფოს წილმა 34.8% შეადგინა (33,942,132 ლარი). პროგრამის ფარგლებში 1,733 ადამიანი დასაქმდა.

პრემიერის მიერ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის სტატისტიკურ მონაცემებს ასახავს, აქედან გამომდინარე, აქცენტს სწორედ დასახელებულ პროექტზე გავაკეთებთ.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 2013-2021 წლებში 3,454,080,884 ლარის ოდენობის 52,181 ერთეული სესხი და 44,363,677ლარის ოდენობის ლიზინგი გაიცა. აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 487,449,613 ლარი მოხმარდა, ხოლო პროექტის ბენეფიციარების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ზრდამ - 2012 წელთან შედარებით (პროექტის დაწყებამდე პერიოდთან), ჯამში 396,573,883 ლარი შეადგინა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯი უფრო მეტია, ვიდრე ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღნიშნულ წლებში გადახდილი გადასახადების ნამატი (პროგრამის ამოქმედებამდე, 2012 წელს გადახდილ გადასახადებთან მიმართებით). უფრო მარტივად, სახელმწიფოს მხრიდან 487,449,613 ლარის დახარჯვის შედეგად სარგებელი, გადასახადის სახით, 396,573,883 ლარი მივიღეთ, დახარჯულ თანხაზე 90,875,730 ლარით ნაკლები.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსება ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა მიიღეს, როგორიც არის: „ ბაგრატიონი 1882“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“, „ასკანელი ძმები“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ბადაგონი“, „თელიანი ველი“, „კაპა“ და სხვა (იხ: სტატია). როგორც აღნიშნული მაგალითებიდან გამოიკვეთა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი ძირითადად ბენეფიციართა გარკვეული კატეგორიისთვის არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩასართავად პოტენციური ბენეფიციარი განსაზღვრულ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. სასესხო უზრუნველყოფისთვის მათ მოქმედი ბიზნესი ან შესაბამისი ქონება უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული კრიტერიუმები კი მცირე ბიზნესისთვის პროექტში ჩასართავად ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენის მიერ წამოწყებული ახალი საქმე (რაც ასევე start up-ად მიიჩნევა) ფინანსდება, ან გამოყოფილი კრედიტი მათ უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას ხმარდება. ასეთი პროექტების წამოსაწყებად ფინანსების მოპოვება მოქმედ ბიზნესმენებს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, პროექტში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარება „იაფი ფული“ უფროა, ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში უმეტესად ფინანსურად ისედაც ძლიერი სუბიექტები იღებენ კრედიტს. მათი უპირობო მხარდაჭერა კი კონკურენციას აუარესებს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ქმნის.

შეჯამების სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობით ნამდვილად გაიხსნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინები გააჩინეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 60 ახალი ქარხანა (დიდი საწარმო) გაიხსნებოდა და ამით მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა.

როგორც ვნახეთ, რეალურად გახსნილი საწარმოების სესხის თანადაფინანსებაზე დახარჯული თანხები უფრო მეტია, ვიდრე აღნიშნული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადების ნამატი 2012 წელთან მიმართებით.

რადგან საწარმოები სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის გახსნილი, იმასაც აღვნიშნავთ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სოლიდური ინვესტიციის მიუხედავად (მათ შორის - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი), საანგარიშო პერიოდში დარგის საშუალო ზრდის ტემპი 2.6% იყო, 2021 წლის წინასწარი მონაცემით, კი სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ - 1.4% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობა 1.4%-ით შემცირდა (წინა წლების მიმოხილვა იხილეთ აქ).

განხილულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები თითქმის სიმართლეა, დასახელებული მონაცემი პროექტის, მით უმეტეს - მთავრობის წარმატებული მუშაობის შესაფასებლად, არ გამოდგება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის” დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი