ლევან დავითაშვილი: 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის გამოშვება ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1.6 მილიარდით არის გაზრდილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება
რეზიუმე: საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის პროდუქციის გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 5 040.7 მლნ ლარი შეადგინა. იგივე მონაცემი 2018 წელს 4 884.7 მლნ ლარი იყო. 2012 წელს კი აგრარული სექტორის მთლიანმა გამოშვებამ (მიმდინარე ფასებში) 3 019 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება (მიმდინარე ფასებში) 2 მილიარდზე მეტით არის გაზრდილი. განცხადებაში დასახელებული რიცხვები თითქმის რეალობას შეესაბამება, თუმცა სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მონაცემი არ არის და ნომინალური მაჩვენებლების გამოყენება დროით ჭრილში ანალიზისთვის მანიპულაციას წარმოადგენს.
სოფლის მეურნეობაში წინსვლის შესაფასებლად, მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ინფლაციის ეფექტის გარეშე) და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში (ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში). 2019 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 0.65% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამოშვება წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ (ეკონომიკა ჯამში გაიზარდა 7.7-ჯერ სწრაფად ვიდრე სოფლის მეურნეობის სექტორი) გაიზარდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობა მხოლოდ 2013 (13.3 %) და 2018 წლებში (13.8%) გაიზარდა, დანარჩენ წლებში გამოკვეთილი კლების ტენდენცია იყო. 2012 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა -5% იყო (2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ 9% შეადგინა). 8 წლის მანძილზე, 2012-2019 წლებში კი, სოფლის მეურნეობის სექტორი ჯამურად მხოლოდ 15.31%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ამავე პერიოდში მთლიანად ეკონომიკა 2-ჯერ უფრო სწრაფად 32.4%-ით არის გაზრდილი. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ სექტორმა მოცემულ ზრდას 2013 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში დახარჯული 2 მლრდ ლარის პირობებში მიაღწია.
სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2019 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.4 % შეადგინა (2012 წელს 9.2% იყო), რაც ასევე იმის დასტურია, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.
ანალიზი
საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა: „2012-დან 2019 წლამდე გაზრდილია გამოშვება სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში. პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. 2019 წლის მაჩვენებელი იყო 5.4 მილიარდი ლარი“.
საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის პროდუქციის გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 5 040.7 მლნ ლარი შეადგინა. იგივე მონაცემი 2018 წელს 4 884.7 მლნ ლარი იყო. 2012 წელს აგრარული სექტორის მთლიანმა გამოშვებამ მიმდინარე ფასებში 3 019 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემი 2012 წელთან შედარებით 2 მილიარდზე მეტით არის გაზრდილი.
თუმცა, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს. 2019 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ 0.65% შეადგინა. იგივე მონაცემი 2012 წელს -5% იყო, ანუ 2012 წელს, წინა წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა 5%-ით იყო შემცირებული. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, სოფლის მეურნეობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს 13.8 % დაფიქსირდა, 2019 წელს კი, როგორც აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობა მხოლოდ 0.65%-ით გაიზარდა.
ცხრილი1: აგრარული სექტორის გამოშვება (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი), რეალური ზრდა და მშპ-ში წილი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2014 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება და 2019 წელს მშპ-ს 7.4% შეადგინა. 2012 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული და მისი დაფინანსება 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია, მთლიან შიდა პროდუქტში წილის შემცირება იმას ნიშნავს, რომ საქარველოს ეკონომიკის ზრდაზე სოფლის მეურნეობა სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 690.2 მლნ კაცი შეადგინა, საიდანაც დაქირავებით დასაქმებული 849.3 ათასი კაცია, თვითდასაქმებული კი - 840.4 ათასი. დასაქმების მაჩვენებელში თვითდასაქმებულთა წილი 49.7%-ია. ის პირები, რომლებიც საქსტატის მიერ თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხება, ძირითადად სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები. შესაბამისად, საქართველოში დასაქმებულთა თითქმის ნახევრის მიერ წარმოებული პროდუქცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ს შეადგენს, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის არაპროდუქტიულობას და დაბალ შემოსავლიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აღნიშნული კი ცხოვრების დონეზე უარყოფით გავლენას ახდენს.
აღსანიშნავია ასევე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 2013-2020 წლებში დაახლოებით 2 მლრდ ლარი დაიხარჯა და აღნიშნულ პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო, როცა მისმა წილმა მთლიან გადასახდელებში 2.9% შეადგინა (2011 წელს 1.1% იყო). 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოდ 3%-ს შეადგენდა. 2018 წელს - 1.9%, 2019 - 2.2%, 2020 - 2.7%. საკვლევ პერიოდში, გაზრდილი დაფინანსების პირობებში, სოფლის მეურნეობა წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2013 და 2018 წლებში გაიზარდა, დანარჩენ წლებში კლება ფიქსირდება.
განხილულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები თითქმის სიმართლეა, სოფლის მეურნეობის პროგრესის შესაფასებლად დასახელებული მონაცემი რელევანტური არ არის. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის” დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.