იტვირთება

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ facebook-გვერდზე, ჰეშთეგით „#შეადარე“, საკუთარი მიღწევების წარმოსაჩენად ვიდეორგოლი გაავრცელა. შედეგები ცალკეული სამინისტროების ქოლგის ქვეშ არის მიმოხილული და მიმდინარე მონაცემები 2012 წლის მაჩვენებლებთან არის შედარებული. „ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოფაილში მოყვანილი მტკიცებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. მასალის მოცულობიდან გამომდინარე, გადამოწმებულ ინფორმაციას მკითხველს სტატიების სერიის სახით ვთავაზობთ.

ლოგიკურია, ათწლიან პერიოდში გარკვეული გაუმჯობესება დაფიქსირდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დინამიკის მხედველობაში მიღებაც. როგორც ანალიზიდან ირკვევა, ვიდეორგოლში მოყვანილი მტკიცებების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, წარმატება გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი ან/და მანიპულაციური შედარებებია მოყვანილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მტკიცება: 2012 წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი იყო 13.3 მლნ, 2022 წლამდე არის 91.9 მლნ

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წელს პროფესიული განათლების განვითარებისთვის (კოდი 32 03) 15.9 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივმა ხარჯმა კი 18.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც მტკიცებაში მოყვანილ რიცხვს 5.1 მლნ-ით აღემატება. 2022 წელს იგივე დანიშნულებით ბიუჯეტიდან 68.8 მლნ ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის (კოდი 32.07.02) 25 მლნ-ია გათვალისწინებული. შესაბამისად, 2022 წელს პროფესიული განათლებისთვის ჯამში 93.8 მლნ ლარია გამოყოფილი.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების საბოლოო მიზანი ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის რაოდენობის და პროფესიული განათლების მქონე სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდაა. როგორც განათლების სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, დამსაქმებელთა გარკვეული რაოდენობა (15%) პროფესიულ სასწავლებლებს ჯერ კიდევ გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს და მიიჩნევს, რომ ისინი სათანადო კვალიფიკაციის კადრებს არ ამზადებენ.

ასევე კვლევების მიხედვით, შრომის ბაზრის ანალიზის სისტემა სათანადოდ არ არის განვითარებული, რაც განაპირობებს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევაში, პროფესიულ პროგრამებში არსებული მიმართულებები არ არის კონკურენტუნარიანი ბაზარზე, რაც ამ მიმართულების კურსდამთავრებულთა დაბალ დასაქმების მაჩვენებელში გამოიხატება.

აღნიშნული ვიდეორგოლი მთავრობამ საკუთარი წარმატებული საქმიანობის სადემონსტრაციოდ გაავრცელა. იქიდან გამომდინარე, რომ განცხადებაში მოყვანილი რიცხვები ზუსტი არ არის, თუმცა მართალია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო მნიშვნელოვნად გაზრდილ თანხას ხარჯავს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სრული კონტექსტის დასანახად განცხადებას მნიშვნელოვანი ცვლადები აკლია, რასაც შესაძლოა განსხვავებული შთაბეჭდილება მოეხდინა, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

მტკიცება: მეცნიერების ბიუჯეტი 2012 წელს 15. 4 მლნ იყო, 2022 წლამდე 66,6 მლნ

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნულ წელს მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის ( კოდი 32.04.03) 27.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ფაქტობრივმა ხარჯმა კი 18.5 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს იმავე დანიშნულებით 66.6 მლნ გამოიყო. ამ შემთხვევაშიც, 2012 წლის ბიუჯეტის მონაცემსა და მთავრობის ვიდეორგოლის მაჩვენებლებს შორის მცირედი უზუსტობა ფიქსირდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 9-წლიან პერიოდში ცალკეულ მიმართულებაზე გაზრდილი ბიუჯეტის არსებობა ბუნებრივია და რაიმე განსაკუთრებულ წარმატებაზე ხაზგასასმელად არ გამოდგება. შესაბამისად, მტკიცებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

მტკიცება: 2012 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 485 მლნ ლარი იყო, 2022 წელს - 1 288 მლნ

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადი განათლების მუხლში (კოდი 32 02) 379.4 მლნ ლარია გაწერილი. იგივე მონაცემმა 2022 წელს 1 157 მლნ ლარი შეადგინა. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს ზოგადი განათლებისთვის 425.1 მლნ იყო გამოყოფილი, ბიუჯეტის მონაცემები არა მარტო წინა ხელისუფლების მონაცემთან, არამედ „ქართული ოცნების“ საწყის წელთან შედარებითაც გაზრდილია, თუმცა როგორც სხვა განცხადების გადამოწმებისასაც აღვნიშნეთ, ბიუჯეტის 9-წლიან პერიოდში გაზრდა ბუნებრივი მოვლენაა და რომელიმე სფეროში წარმატების საილუსტრაციოდ, სხვა მაჩვენებლების მოყვანა უფრო მართებულია.

ზოგადად, მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის შემაფასებელი კვლევები ან რეიტინგები არ არსებობს. თუმცა ცალკეულ პარამეტრზე და კომპონენტზე კონცენტრირებული კვლევების მიხედვით, ზოგად განათლებაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა შესაძლებელია.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის მონაცემით ( 79 ქვეყნის 600 000 მოსწავლე მონაწილეობდა), საქართველომ 2018 წელს 70-ე ადგილი დაიკავა და 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში: წიგნიერება, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, მდგომარეობა გაიუარესა (იხილეთ: სტატია). ზოგად განათლებაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს აგრეთვე ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, 24-27%-ს შორის მერყეობს.

ყოველივე ზემოთქმული მიუთითებს, რომ სოლიდური და ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, ზოგადი განათლების ხარისხი სასურველი დონიდან ჯერ კიდევ შორსაა. აღნიშნულის მიუხედავად, რადგან ბოლო 2021 წლის შემაფასებელი საერთაშორისო კვლევის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, წინა წლების შედეგებს ვერდიქტზე ვერ ავსახავთ. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ მტკიცებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

მტკიცება: 2012 წელს მასწავლებელთა ხელფასი იყო 360 ლარი, 2021 წელს არის 950-1,150

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

2012 წელს მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 245 ლარი იყო (დანართი 2), 2013 წელს - 305 ლარი, 2015 წელს მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 17%-ით გაიზარდა და 357 ლარი გახდა, 2016 წლის აპრილიდან კი მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 405 ლარამდე გაიზარდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობითაც, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 405 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 2012 წლიდან საბაზო ხელფასი 65%-ით არის გაზრდილი. თუმცა 2016 წლის შემდეგ მასწავლებელთა საბაზო ხელფასი არ გაზრდილა.

რაც შეეხება მასწავლებელთა საშუალო ხელფასს, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა სახელფასო ფონდმა 628 მლნ ლარი შეადგინა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთვალეთ 2020-2021 სასწავლო წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი, რამაც 1008 ლარი შეადგინა. 2012 წელს საჯარო სკოლებში 60 509 მასწავლებელი იყო დასაქმებული, მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტში 255 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. იმავე პრინციპით, 2012 წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 351 ლარი გამოდის. აქედან გამომდინარე, 2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 657 ლარით - 187%-ით არის გაზრდილი. ეს რაც შეეხება საშუალო ნომინალურ ხელფასს, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური საშუალო ხელფასმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 706 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, გაორმაგებულია.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით, საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასი მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება.

როგორც აღვნიშნეთ, საბაზო ხელფასი, რომელიც 405 ლარს შეადგენს, 2016 წლის შემდეგ არ გაზრდილა. ყოველწლიურად იზრდება სტატუსთან მიბმული დანამატი. უსტატუსო მასწავლებლები ანუ პრაქტიკოსი, წლების განმავლობაში პედაგოგთა უმრავლესობას შეადგენდნენ, 2018 წლის ბოლოსთვის, საქართველოს საჯარო სკოლებში მომუშავე 57 944 მასწავლებლიდან, 40 924 - 70.6%, პრაქტიკოსი იყო. შესაბამისად, მათ ხელფასები არ ეზრდებოდათ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლაში 3 660 პრაქტიკოსი მასწავლებელია დარჩენილი, რაც მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის 7%-ია. ამ რაოდენობის მასწავლებლებს ხელფასების ზრდა არ ეხებათ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მასწავლებლებს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ყოველწლიურად ეძლევათ და ხელფასი არ ეზრდებათ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გამოცდებს წარუმატებლად აბარებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრიდან სტატუსთან მიბმული დანამატი 100 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, უფროსი მასწავლებლისთვის დანამატის სრული ოდენობა 570 ლარით განისაზღვრა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 950 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1250 ლარით.

განხილული მასალიდან გამომდინარე, სამთავრობო ვიდეორგოლში 2012 წელს მასწავლებელთა საშუალო ხელფასია დასახელებული, 2021 წელს კი უფროსი და მენტორი მასწავლებლის ხელფასი, პრაქტიკოს მასწავლებელთა ხელფასები, რომელთა რაოდენობა სკოლებში ჯერ კიდევ 7% და რაოდენობრივად 3 660-ია, ყურადღების მიღმა არის დატოვებული და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი 950-1150 ლარს შორის მერყეობს. თუმცა ჯერ კიდევ არიამ მასწავლებლები, რომელთა საბაზო ხელფასი 405 ლარია და სტატუსის არ ქონის გამო, სტატუსთან მიბმულ დანამატს არ იღებენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი „დამსახურებაა“. აქედან გამომდინარე, მთავრობის მტკიცება არის მეტწილად სიმართლე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მტკიცება: 2012 წელს ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი - 400 მლნ აშშ დოლარი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოდან 23 მლნ ღვინის ბოთლი იყო ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 71 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ღვინის გარდა 2012 წელს 6 მლნ ბოთლი ბრენდი იქნა ექსპორტზე გატანილი და შემოსავალმა 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე 145 000 ბოთლი ჭაჭა გავიდა ექსპორტზე და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 584 000 აშშ დოლარი იყო. სულ ჯამში, 2012 წელს ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 91.6 მლნ აშშ დოლარი იყო და არა 163 მლნ, როგორც ვიდეორგოლშია მითითებული.

რაც შეეხება 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განხორციელდა - სულ ექსპორტზე 107 მლნ ბოთლი ღვინო იქნა გატანილი და მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, 2021 წელს ქვეყნიდან 42.2 მლნ ბოთლი ბრენდი გავიდა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 78.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ასევე 1 მლნ ბოთლი ჭაჭა გავიდა ექსპორტზე, რომლის ღირებულება 2.6 მლნ აშშ დოლარი იყო. საერთო ჯამში, 2021 წელს ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა 330.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც ვხედავთ, ვიდეორგოლში მოყვანილი რიცხვები ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ალკოჰოლურ სასმელებზე 2006 წელს დაწესებული ემბარგო 2013 წლის ივნისში გააუქმა, რის შემდეგაც ქართული ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაიწყო (იხილეთ: სტატია). აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა-კლება დიდწილად რუსეთის ფაქტორით არის განპირობებული და რუსეთი კი, როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია განსახორციელებელი, რათა ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

მტკიცება: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 2012 წელს 510 მლნ აშშ დოლარი, 2021 კი -1.142 მლნ აშშ დოლარი იყო

ვერდიქტი: სიმართლე

2021 წელს, საქართველოდან 1.142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება (იხილეთ: სტატია). ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (10%) და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (5%).

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო : გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2013 წლიდან უარყოფითი სავაჭრო სალდო კლების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნული, დიდწილად რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად ექსპორტის მოცულობის ზრდით შეიძლება აიხსნას. მეორე მხრივ, ბოლო წლებში შენელებული ეკონომიკური ზრდა და ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება) იმპორტის ზრდის შეზღუდვას, ცალკეულ წლებში კი შემცირებას, ხელს უწყობს. ვინაიდან ლარის კურსის შემცირება იმპორტული საქონლის გაძვირებასთან ერთად უცხოელთათვის ქართულ პროდუქციას აიაფებს, კურსის ეფექტი ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორიცაა.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის სიმართლე.

მტკიცება: 2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო 45 200 ჰექტარი ფართობი, 2021 წლისთვის კი 138 686 ჰა

ვერდიქტი: სიმართლე

2012-2021 წლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ 385 პროექტი განხორციელდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 252.4 მლნ ლარი შეადგინა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2012 წელთან შედარებით3.5-ჯერ გაიზარდა და 158 200 ჰა შეადგინა.

გრაფიკი 2: წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი წლების მიხედვით

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შესაბამისად, მთავრობის განცხადება არის სიმართლე.

მტკიცება: დაცული ტერიტორიების ფართობი 2012 წელს იყო 519 301 ჰა, 2021 წელს არის 798 287 ჰა

ვერდიქტი: სიმართლე

2021 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 798 287 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია (იხილეთ: სტატია). საქართველოში (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 24 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი.

2021 წელს, კანონის თანახმად, 4 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდა, 1 დაცული ტერიტორია გაფართოვდა და 1 ახალი ადმინისტრაცია შეიქმნა.

2012 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 519 301 ჰა იყო. შესაბამისად, მთავრობის ვიდეორგოლში მოყვანილი მონაცემები არის სიმართლე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მტკიცება: მეხანძრე მაშველის ხელფასი თბილისში 2015 წელს იყო 930 ლარი, 2022 წლამდე 1300 ლარი, ხოლო რეგიონში 2015 წელს იყო 630 ლარი, 2022 წლამდე 1000 ლარი

ვერდიქტი: მანიპულირება

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რომ დროთა განმავლობაში, ინფლაციის შედეგად შემოსავლის მსყიდველუნარიანობა მცირდება. შესაბამისად, ხელფასის [შემოსავლების] განხილვისას რელევანტურია რეალური ხელფასის დინამიკის განხილვა, რომელიც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს.

მეხანძრე მაშველების ნომინალური ხელფასი თბილისში 39.7%-ით გაიზარდა, ხოლო რეგიონებში 58.7%-ით. 2015-2022 წლებში, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 46.5% შეადგინა. შესაბამისად, თბილისის შემთხვევაში, ნომინალური ხელფასის ზრდას ინფლაცია აჭარბებდა და რეალური ხელფასის კლებამ დაახლოებით 5% შეადგინა, ხოლო რეგიონებისთვის, რეალური ხელფასი ნომინალურზე ნაკლებად, 8%-ით გაიზარდა.

მტკიცება: პატრულ-ინსპექტორის ხელფასი 2012 წელს იყო 1040 ლარი, 2022 წლამდე 1695 ლარი, კრიმინალური პოლიციის გამომძიებლის ხელფასი 2012 წელს იყო 1155 ლარი, 2022 წლამდე 2225 ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ნომინალური თვალსაზრისით, პატრულ-ინსპექტორის ხელფასი 63%-ით გაიზარდა, ხოლო კრიმინალური პოლიციის გამომძიებლის ხელფასი 92.6%-ით. 2012-2022 წლებში, საშუალოწლიური ინფლაციის გათვალისწინებით, ფასები 54.7%-ით გაიზარდა. მოცემული პერიოდის საშუალო წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, პატრულ ინსპექტორის ხელფასის შემთხვევაში ზრდა შეადგენს მხოლოდ 5.3%-ს, ხოლო კრიმინალური პოლიციის გამომძიებლის შემთხვევაში 24.5%-ს, ანუ რეალური მაჩვენებლები ბევრად ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე ნომინალური.

მტკიცება: 112-ის ოპერატორის ხელფასი 2012 წელს იყო 955 ლარი, 2022-მდე 1250 ლარი

ვერდიქტი: მანიპულირება

როგორც აღვნიშნეთ, 2012-2021 წლებში, ინფლაციამ 54.7 % შეადგინა. 112-ის ოპერატორის ნომინალური ხელფასი 30%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ინფლაციის გათვალისწინებით, იმის მიუხედავად რომ ნომინალური ხელფასი გაიზარდა, ამ ზრდას ინფლაციამ გადააჭარბა და რეალური ხელფასი, დაახლოებით 15.4%-ით შემცირდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 112-ის ოპერატორს 2022 წელს ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენა შეუძლია 1250 ლარით, ვიდრე 2012 წელს შეეძლო 955 ლარით.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი