იტვირთება

ლევან დავითაშვილი: 2012 წლიდან დაცული ტერიტორიები 288 ათასი ჰექტრით გაიზარდა, რაც ქვეყნის ტერიტორიის - დაახლოებით 12%-ს შეადგენს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 793 351 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 11.38%-ია. 2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰა-ით გაიზარდა. შესაბამისად, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მაშინდელმა კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დაცული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „2012 წლიდან დაცული ტერიტორიები 288 ათასი ჰექტრით გაიზარდა და ქვეყნის ტერიტორიის 12%-ს შეადგენს“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით (დანართი), საქართველოში 5 სხვადასხვა კატეგორიის 93 დაცული ტერიტორიაა. კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 23 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი.

ამავე ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 793 351 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 11.38%-ია. 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 666 107 ჰა იყო, რაც ქვეყნის ტერიტორიის 9.56%-ს შეადგენდა. 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად - 122 374 ჰექტრით გაიზარდა, სამი ახალი დაცული ტერიტორია დაარსდა და ერთი გაფართოვდა:

• ერუშეთის ეროვნული პარკი - 11 385ჰა,

• არაგვის დაცული ლანდშაფტი - 99 802 ჰა,

• თრუსოს დაცული ლანდშაფტი - 7 007 ჰა,

• გაფართოვდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 4 180 ჰა.

2012-2020 წლებში დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰა-ით გაიზარდა.

2020 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 240 268 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 213 950 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო - 26 318 უცხოეთის მოქალაქე. უცხოელი ვიზიტორების სიმცირე კოვიდპანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა განაპირობა. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. 2020 წელს ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი რუსეთიდან (7936), გერმანიიდან (2719), ისრაელიდან (2120), პოლონეთიდან (1770) და ლატვიიდან (1600) იყო. 2019 წელს დაცულ ტერიტორიებს 511 984 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის (1 199 011) 42.7% იყო.

ასევე საინტერესოა, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წლების მიხედვით.

გრაფიკი 1: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ოდენობა 2007-2020 წლებში

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, 2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა დრამატულად შემცირდა.

2020 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა 899 076 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (9 363 447 ლარი) 90%-ით არის შემცირებული.

2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა, რამაც საერთო ჯამში 7 მლნ ლარის ინვესტიცია შეადგინა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2920 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი