2022 წლის 17 ივნისს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, ხოლო საქართველოს კონკრეტული რეკომენდაციები მისცა, არაერთი დეზინფორმაცია და პროპაგანდა გავრცელდა. პრორუსული ტელევიზია „ალტ-ინფო“ და მისი მხარდამჭერი Facebook-ანგარიშები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი მოთხოვნა „გეი-აღლუმის“ ჩატარებაა.

მსგავსად გასული წლისა, მოახლოებული თბილისი პრაიდის კვირეულის პარალელურად, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სიძულვილის ენა ამჯერადაც აქტიურდება. ძალადობრივი ჯგუფები ავრცელებენ პროპაგანდას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების/კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი „გეი აღლუმის“ ჩატარებაა. აღნიშნულ ჯგუფებს თავიანთი მტკიცების დამადასტურებლად 19 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული „მოლდოვა პრაიდი“ მოჰყავთ, რომელიც, თითქოს, 17 ივნისს მიღებული კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

სინამდვილეში, საქართველოს შესახებ შედგენილი მოხსენებითი ბარათი არ შეიცავს მოთხოვნას ან მოწოდებას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პრაიდის ჩატარებაა აუცილებელი. 2022 წლის 17 ივნისს, ევროკომისიაში, ევროკავშირის ერთ-ერთ ორგანოში, გაიმართა ბრიფინგი, სადაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე კომისიის დასკვნა გამოცხადდა, რომელიც, თავის მხრივ, რეკომენდაციაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით მისცეს, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.

რაც შეეხება კონკრეტულად რეკომენდაციებს, ის 12 პრიორიტეტული პუნქტისგან შედგება (იხილეთ თორმეტივე პუნქტი), რომელთა შორის ერთ-ერთი მოწყვლად ჯგუფებს ეხება: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით“.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი მოთხოვნა ლგბტ პრაიდის ჩატარებაა, რაც მოლდოვის მაგალითმა დაადასტურა, ტყუილია. პროპაგანდა აღნიშნულ საკითხს ევროკავშირისა და დასავლური ორიენტაციის დისკრედიტირების მიზნით მუდმივად იყენებს. სინამდვილეში, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება იყოს დაცული, ხოლო ისინი, ვინც გასულ წელს, 5 ივლისს, სიძულვილის მოტივით, თავს ესხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახალისებდნენ ძალადობას, სამართლებრივად იყვნენ დასჯილნი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ „5 ივლისის საქმეზე“ პრობლემურია სამართალდამცავთა მხრიდან მომხდარის მასობრივი ძალადობის არასრულფასოვანი გამოძიებაა. აღნიშნულზე მიუთითებს, სახალხო დამცველის და ხსენებულ საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები.

სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა, რაც თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით ჩანს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.