2022 წლის 10 მაისს გადაცემში „ალტერნატიული ხედვა“ წამყვანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. „5 ივლისის საქმეზე“ 30-ზე მეტი პირი აშშ-ის ელჩის „დირექტივისა და ახირების“ გამო, უსაფუძვლო ბრალდებით არის დაკავებული.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ განსახილველი მტკიცების ის ნაწილი, რომელიც ძალადობაში მხილებული პირების დაკავებას აშშ-ის ელჩთან აკავშირებს, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და რეალურად საქართველოს დასავლელი პარტნიორების დისკრეტიტაციას ისახავს მიზანად.

რაც შეეხება უშუალოდ დაკავებული პირების ბრალეულობის საკითხს, 2021 წლის 5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური, ჯგუფების მიერ დაანონსებული და ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს. ამავე დღეს, ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტ ადამიანს), რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „სირცხვილია“ ოფისები.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირია დაკავებული. ამ დროისთვის, სასამართლომ 20-მდე პირი ძალადობაში და/ან ჯგუფურ ძალადობაში უკვე ცნო დამნაშავედ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც ალტ-ინფოს და არც სხვა დაჯგუფებას, რომელთაც 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გაუწიეს ორგანიზება, ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ კონკრეტული არგუმენტები, რომელიც მსჯავრდებული პირების უდანაშაულობას დაამტკიცებდა. როგორც წესი, სტატიაში განხილული მტკიცების მსგავსად, ისინი ცდილობენ ანტიდასავლური გზავნილებით, სიძულვილის ენითა და ფსევდო პატრიოტული განწყობებით, შექმნან ილუზია, რომ დანაშაული არ მომხდარა. რეალურად, კი როგორც ზემოთ აღინიშნა, 5 ივლისის მოვლენების დროს 50-ზე მეტმა ადამიანი გახდა ძალადობის ობიექტი და ფიზიკური დაზიანება მიიღო.

მეტიც, ე.წ „5 ივლისის საქმეზე“ პრობლემური არა დაკავებულთა მიმართ მტკიცებულებების არარსებობაა, არამედ პირიქით, სამართალდამაცავთა მხრიდან მომხდარის მასობრივი ძალადობის არასრულფასოვანი გამოძიებაა. აღნიშნულზე მიუთითებს, სახალხო დამცველის და ხსენებულ საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობს ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ ღიად, მიკროფონში მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილის გარდა, ძალადობრივ აქციაზე სხვა სასულიერო პირებიც აქტიურობდნენ. 27 ივლისს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა კვლევა „მღვდლები ძალადობრივ აქციაზე”და იმ სასულიერო პირების სია, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით, ძალადობრივ შეკრებას.

ჯერ კიდევ 24 ივნისს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ რუსთაველის გამზირის „აღება“, გაკონტროლება და „ღირსების მარშის“ ჩაშლა დააანონსა. მახარაძე 5 ივლისსაც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს და აორგანიზებდა ასეთივე მოვლენებს. მეტიც, მან და „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებმა 5 ივლისის შემდეგაც განაგრძეს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ მოწოდებები, რომ მომავალშიც მოხდებოდა მათზე ანგარიშსწორება. მიუხედავად ამისა, გამოძიება მხოლოდ გამოკითხვითა და ფალავანდიშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით შემოიფარგლა. 16 ივლისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებიც და ძალადობრივი აქციის ლიდერები: რამაზ გაგნიძე, გურამ ფალავანდიშვილი და კონსტანტინე მორგოშია, თუმცა პოლიციამ ისინიც მალევე გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ზურა მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა, რაც თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით ჩანს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება.

5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

კოალიციის შეფასებით, სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი 5 ივლისის დილის განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების აგრესია. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა და მათ თავადაც არაერთხელ დაადასტურეს 5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი