იტვირთება

მიმდინარე გამოცემის თემები:

•ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინაში- მუდმივი რუსული ნარატივი

•კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

•პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

•პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ

•დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

•უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

•პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

•არა ევროპას, გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები - ამბობენ პრორუსული აქტორები

•ლუგარის ლაბორატორია - რუსეთის გამოგონილი საფრთხეები

•ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 6 - 12 ივნისი

ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინაში- მუდმივი რუსული ნარატივი

რუსული პროპაგანდა უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრის გამართლებას, ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით განაგრძობს, რაც სათავეს „დიდი სამამულო ომის“ დროიდან იღებს. გასაკვირი არ იყო, რომ რუსული პროპაგანდისტული რუპორები საქართველოში უკრაინის მთავრობისა და სამხედროების ნაცისტობისა და ფაშისტობის შესახებ დაუსრულებელ საუბარს კვლავ აქტიურად განაგრძობდნენ:

• სხვადასხვა მედია საშუალებამ და Facebook-ჯგუფმა დატყვევებული უკრაინელი „ფაშისტი და ჯალათი“ ჯარისკაცისა და რუსი მსხვერპლის შეხვედრის ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოს თანახმად, რუსი ტყვე, რომელიც უკრაინელმა ფაშისტმა სასიკვდილოდ დაჩეხა, სასწაულებრივად გადარჩა. შეხვედრის ვიდეოში კი უკრაინელი ჯარისკაცი რუს ჯარისკაცს შენდობას სთხოვდა.

• რუსული ჯარის მოქმედებასა და პროპაგანდის მანქანის მუშაობას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს- მარიუპოლის დაცემის შემდგომ, აზოვის ბატალიონი რუსული ჯარის მთავარ სამიზნე ობიექტს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ის აღარც რუსული დეზინფორმაციის პირველადი სამიზნეა. მიუხედავად ამისა, დეზინფორმატორებმა კვლავ განაგრძეს ნარატივის გამეორება, რომ თითქოს აზოვის ბატალიონი ნაცისტურ დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელიც პოროშენკომ და ამერიკელმა სენატორებმა რუსეთზე თავდასხმისთვის მოამზადეს. აღნიშნული გზავნილი კი გულისხმობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ის იძულებული გახდა პრევენციული ომი წამოეწყო.

• პროკრემლისტური გამოცემა „საქინფორმის“ რედაქტორმა, არნო ხიდირბეგიშვილმა გააჟღერა რუსული პროპაგანდის მუდმივად განმეორებადი გზავნილი, რომ რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და მის მოსახლეობას ათავისუფლებს. ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ პუტინმა უკრაინის გასათავისუფლებლად „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰუმანიტარული მიზნით წამოიწყო - მოსახლეობას „გათავისუფლებულ“ რაიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.

• სპუტნიკ-საქართველომ ასევე აღნიშნა, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე რუსების გათავისუფლების შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ, უფრო მეტიც, მათ რუსეთთან ინტეგრაციის ახალ დონესაც მიაღწიეს. იმავე სპუტნიკის თანახმად, მაშინ როდესაც უკრაინის მთავრობა უკრაინისა და მისი ეკონომიკის განადგურებას განაგრძობს, რუსეთი მის რესურსებს გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენასა და განვითარებას ახმარს.

• პრორუსულმა ვებგვერდმა Isari.ge-მ განაცხადა, რომ რუსი მოსახლეობა უკრაინული და ბალტიის რეგიონის მთავრობებისგან შევიწროვებას განიცდის - ისინი მოკლებული არიან რუსული ენის გამოყენების უფლებას, ეზღუდებათ რუსული ტელევიზიის ყურება და რუსული ონლაინ მედიის გამოყენება. სტატიის მიხედვით, ე.წ. ტოლერანტი ბრიუსელი აღნიშნულ დარღვევებზე თვალს ხუჭავს. ჰამლეტ ჭიპაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინელები ფაშისტები არიან და უფრო მეტიც, ამ ფაქტის დასამტკიცებლად, მან გერმანელი პოეტის, ჰაინრიხ ჰაინეს ციტატაც - „ხალხი, რომელიც წიგნებს წვავს, ადამიანებსაც დაწვავს“ მოიხმო და ის ოდესაში „ნეოფაშისტი უკრაინელების“ ქმედებასთან დააკავშირა.

კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

დონბასში რუსეთის წინსვლით გაძლიერებული კრემლის პროპაგანდა ტრიუმფალური ტონით ტრაბახობს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა რეჟიმის შეცვლა, კიევის და სხვა დიდი ქალაქების აღება და თავდაპირველად რამდენიმედღიან „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ დაგეგმილი ომის 100-ზე მეტი დღის განმავლობაში დონბასელების „გათავისუფლება“ ვერ შეძლო.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ აღნიშნა, რომ დასავლელი სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთს დონბასში გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აკლია. „სპუტნიკის“ ცნობით, მოსკოვი უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაჩქარებას რუსული სამხედრო შენაერთების მობილურობისა და თავდასხმის იარაღის მნიშვნელოვნად გაზრდით ცდილობს. „სპუტნიკმა“ დაასკვნა, რომ სატანკო დანაყოფების, ავიაციისა და არტილერიის ერთობლივად მასობრივი გამოყენება დონბასზე ძლიერ შეტევას და უფრო ფართო ფრონტზე რუსეთის ოპერაციის წარმატებას უზრუნველყოფს.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ ასევე დაიკვეხნა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისთვის მზადმყოფი მეტ-ნაკლებად ყველა ელემენტი სულ რაღაც სამ თვეში გაანადგურა. „სპუტნიკის“ ცნობით, რუსი სამხედროების მტკიცე თავდასხმებისა და აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიური მარცხის გამო დასავლეთმა გააცნობიერა, რომ რუსეთი არასოდეს აპატიებდათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და NATO-ს ტყვიებით, რაკეტებითა და ჭურვებით დახოცილი თითოეული რუსი სამხედროს გამო ფასის გადახდა მოუწევდათ. „სპუტნიკის“ ცნობით, კოლექტიური დასავლეთი მზად არის ნებისმიერ ფასად დაამყაროს რუსეთთან მშვიდობა, თუნდაც უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დათმობა გახდეს საჭირო. თუმცა, ვაშინგტონი და კიევი ყოყმანობენ, რადგან რუსეთთან დამარცხება ნიშნავს ამერიკული განსაკუთრებულობის მითის დასრულებას და შეერთებული შტატების "უკრაინული პროექტის" სამუდამოდ დახურვას.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ ასევე სიხარულით აღნიშნა, რომ უკრაინა სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და აშშ-ის დაზვერვა უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას აღმოსავლეთ ფრონტზე კატასტროფულად, ხოლო რუსი სამხედროების მდგომარეობას კი ხელსაყრელად აფასებს.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ დაასკვნა, რომ უკრაინაში რუსულმა „სპეციალურმა ოპერაციამ“ თანამედროვე ომში ტანკების, განსაკუთრებით რუსული T-90-ის („სპუტნიკის“ მიხედვით, მის დასავლელ ანალოგებთან შედარებით), დომინანტური როლი დაამტკიცა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და NLAW-ის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია.

• და ბოლოს, „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ კიევში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები აშშ-ის საელჩოა და რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში დიდ დანაკარგებს განიცდის, ეს შეიძლება კონფლიქტში NATO-ს და განსაკუთრებით პოლონეთის უშუალო ჩართვის პროლოგი გახდეს. თუმცა, „სპუტნიკმა“ დაიკვეხნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა NATO-მ რუსეთთან კონვენციურ ომში გაიმარჯვოს, ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში კი ალიანსს გამარჯვების შანსი არ აქვს.

• „ალტ-ინფომ“ აღნიშნა, რომ მშვიდობის გარკვეული მონახაზი უკვე არსებობს, მაგრამ უკრაინელები და მათ უკან მდგომი ძალები ომის გახანგრძლივებას კვლავ ცდილობენ. როგორც ჩანს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის 20% აღარასოდეს იქნება უკრაინა, მაგრამ მათი რიტორიკისა და ქმედებების გამო რუსეთს არ ეძლევა შეთანხმების მიღწევის საშუალება და შესაბამისად, უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს კარგავს.

• „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ომის ყველაზე სახიფათო თეატრში იმყოფებიან - სევეროდონეცკში, რომლის ალყაში მოქცევაც პრაქტიკულად გარდაუვალია. შესაბამისად, უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ უკრაინელები ალყისგან იხსნას და სანაცვლოდ ქართველები გაწიროს.

• „ალტ-ინფომ“ ასევე განაცხადა, რომ ომის დასასრული მარიუპოლის სცენარია - უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ უშედეგოდ.

• პრორუსული „სეზონი TV“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ კიევი პოლონეთის მიერ უკრაინის ანექსიის გეგმას დათანხმდა და ამ გეგმის ფარგლებში კიევმა უკვე დაიწყო ეროვნული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის ვარშავისა და ვაშინგტონისთვის გაზიარება.

• Facebook-ის ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გაზის ნაკლებობისა და სიძვირის, ფასების ზრდისა და პროდუქტების დეფიციტის, ასევე მრავალი სამუშაო ადგილის დაკარგვისა და ხელფასების შემცირების გამო უკრაინას ძალიან მძიმე ზამთარს უწინასწარმეტყველებს. Facebook-ის მომხმარებლების ვარაუდით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ, უკრაინა ყალბ ამბებს ავრცელებდა, როცა ამბობდნენ, რომ „ომს ვიგებთ, მოსკოვამდე ჩავალთო. “

პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის შემდეგ, ქვეყანა მილიონობით უკრაინელმა დატოვა, თუმცა უკრაინელ ლტოლვილებს მშვიდად ყოფნის საშუალებას ახლა რუსული პროპაგანდა არ აძლევს. საქართველოში არსებული პრორუსული გამოცემები ხშირად იმეორებენ ყალბ მტკიცებებს უკრაინელი ლტოლვილების შესახებ და მათ როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტრადიციებისთვის საფრთხედ წარმოაჩენენ.

• ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი ცრუ მტკიცებას ავრცელებს, რომ შვედეთმა შესაბამისი კანონი მიიღო და უკრაინელ ქალებს ოფიციალურად მოსთხოვა, რომ მასპინძელ ქვეყანას პატივი სცენ და ქუჩაში შიშველი არ იარონ. უკრაინელი მიგრანტების მიმართ ანტაგონიზმის დანერგვის მიზნით, Facebook-მომხმარებელი პროვოკაციულად სვამს კითხვას, მიიღო თუ არა საქართველომ მსგავსი ზომები უკრაინელი ლტოლვილების ამგვარი ქცევის შეზღუდვის მიზნით.

• პრორუსულ ონლაინგაზეთ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში, რუსული მარიონეტული არასამთავრობო ორგანიზაციის - ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორი და კრემლის დიდი ხნის ადგილობრივი პროპაგანდისტი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ ქართულ ოპოზიციასთან აფილირებულ (რცხილაძის თანახმად) არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ რუსეთს“ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები შემოჰყავს, რათა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიტინგები ჩატარონ და საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის მიზნით ანტირუსული დემონსტრაციები გამართონ.

პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ აშშ-სა და ევროპის მიერ კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების პარალელურად, პრორუსული წყაროები ავრცელებენ გზავნილებს, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული სანქციები, ომის შეჩერებისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანის კუთხით, პუტინზე გავლენას ვერ ახდენს. იგივე წყაროები სანქციების მიმართ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პესიმისტურ დამოკიდებულებას მიესალმებიან. როგორც წესი, პრორუსული საშუალებები ეკონომიკური სანქციების შედეგების უმნიშვნელოდ წარმოსაჩენად ორმხრივ პროპაგანდისტულ ნარატივს იყენებენ - ერთი მხრივ, ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა სანქციებს კარგად უმკლავდება და ის ჩვეულებრივად (ან მხოლოდ მცირედი დაბრკოლებებით) ფუნქციონირებს, მეორე მხრივ კი, ამტკიცებენ, რომ „ანტირუსული“ სანქციების გვერდითი მოვლენების გამო სწორედ დასავლეთია ცუდ მდგომარეობაში.

• პრორუსულმა მედიასაშუალებამ, Sezoni TV, გაავრცელა ვლადიმერ პუტინისა და მარია ზახაროვას ციტატები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთში ინფლაცია სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა სანქციებს კარგად უმკლავდება, ხოლო დასავლეთმა არასწორად გათვალა და შედეგად, მისი ეკონომიკა ბუმერანგის ეფექტს განიცდის.

• ანტიდასავლური ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის მტკიცებით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ მუშაობს და სანქციების ეფექტები პირიქით - დასავლეთს აზიანებს, რადგან „ბაიდენს ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწია“.

დეზინფორმაციული გზავნილების ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმში საქართველოს როლს ეხებოდა:

• პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტია „ქართული იდეის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რამინ აბესაძემ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში ქვეყანას მძიმე შედეგებით ემუქრება, თუ საქართველო საერთაშორისო სანქციებს, რომელსაც თბილისი შეერთებულია და ასრულებს, არ დაემორჩილება. მეტიც, ვიდეოში გაჟღერებული ცრუ მტკიცების მიხედვით, ამ მიდგომით ელჩი კელი დეგნანი საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდა, ხოლო შემდეგ რუსული აგრესიის საპასუხოდ მხოლოდ შეშფოთების გამოხატვას აპირებდა. აღსანიშნავია, რომ ელჩმა კელი დეგნანმა იმავე ვიდეოში ცალსახად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ არ მოუწოდებს; თუმცა, აბესაძემ შეფასებისას აღნიშნული ფაქტი უგულებელყო.

• იგივე რიტორიკა გამოიკვეთა პრორუსული გამოცემა Isari.ge-ის შემთხვევაშიც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, საქართველოს ავალდებულებს მხარი დაუჭიროს უკრაინას (რასაც აღნიშნული გამოცემა კატასტროფული შედეგების მომტანად მიიჩნევს), სანქციები დაუწესოს რუსეთს და კრემლის ქმედებების დასაგმობად მკაცრი ფორმულირებები გამოიყენოს. გარდა ამისა, პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაპირისპირებას საკუთრივ ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც იწვევს, რის გამოც, „ბრიუსელი აგრესიულად მოუწოდებს წევრ ქვეყნებს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ. ყოველივე ეს, გამოცემის მიხედვით, „[ბრიუსელის] ლიბერალურ დიქტატურას“ წარმოადგენს.

• პრორუსული პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი კი, პარტიის მხარდამჭერ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთთან პარალელურ იმპორტში უნდა ჩაერთოს - ანუ შემოიტანოს საქონელი, რომელიც რუსეთისთვის სანქცირებულია, ხოლო შემდგომში ის რუსეთში გაყიდოს. პრორუსი პოლიტიკოსის მიხედვით, ქვეყანა ამით მილიარდობით დოლარის მოგებას მიიღებდა. საუბრისას, თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე სარგებლობს ასეთი სქემით და საქართველოს ტერიტორიას რუსეთში საქონლის ექსპორტზე გასატანად იყენებს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის მტკიცებით, საქართველოს სომხეთზე უკეთ შეუძლია შექმნილი სიტუაციიდან სარგებლის მიღება და თბილისმა აღნიშნული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. თარხან-მოურავის თქმით, რუსეთისთვის სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება ამორალური არ არის, რადგან რუსეთთან დასავლეთიც ვაჭრობს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში.

დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

რუსული პროპაგანდა აფხაზეთში, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავე გზავნილს, რომ რუსეთი უკრაინაში ნაცისტების წინააღმდეგ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს და უკრაინას ნაცისტებისგან ათავისუფლებს. აფხაზეთში კრემლის დეზინფორმაციის მანქანას სათავეში „სპუტნიკ-აფხაზეთი“ უდგას.

უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

რუსეთის წინააღმდეგ ომით ქართული საზოგადოების დაშინება პრორუსული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მთავარი ნარატივი იყო 6-12 ივნისის კვირაშიც. ტრადიციულად, ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას ადანაშაულებენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მმართველი პარტია ოპოზიციას აქტიურად ადანაშაულებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახალი განტევების ვაცი - ევროკავშირი - იპოვა საკუთარი პოლიტიკური წარუმატებლობის გასამართლებლად. „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მის მხარდამჭერებთან, აფილირებულ ექსპერტებთან და ცნობად სახეებთან ერთად, პროკრემლისტურ ჯგუფებთან სრულ უნისონში, ევროპარლამენტი ამოიღო სამიზნეში საქართველოს მთავრობის მიმართ უკიდურესად კრიტიკული რეზოლუციის გამო (რეზოლუცია რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს დაიწყოს მსჯელობა ქართული ოცნების მილიარდერი დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ).

• ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის ლიდერებმა საქართველოს მთავრობის მიმართ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ უყოყმანოდ მიმართეს ანტიდასავლურ პროპაგანდას. კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა და მმართველი ქართული ოცნების ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, განაცხადა, რომ „თითოეული ჩვენგანიც რომ დაგვასანქციროს, ქვეყანა არ ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ ომში“ - მიუხედავად იმისა, რომ ომის შესახებ ჩანაწერი ან მოწოდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ყოფილა. „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ინტერესს, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი, ვინც ხმა მისცა ევროპარლამენტის რეზოლუციას (იგულისხმება 308 ევროპარლამენტარი ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციას).

• არაერთი დეზინფორმაციის აქტორი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურის სტატუსს წინაპირობად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას უყენებს. Space News-ის მტკიცებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ უაღრესად კრიტიკული იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირის მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიდასავლური პოზიციებით, ცრუ დილემის ტექნიკა გამოიყენა და ფეისბუქის საკუთარ ანგარიშზე პროპაგანდისტული შეკითხვა გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოებას არჩევანის გაკეთებას სთხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ევროკავშირში რეალურად გაწევრიანების ნულოვანი პერსპექტივით და საქართველოს ომში ჩართვის სანაცვლოდ“ თუ „მშვიდობა საქართველოში“. მძინარაშვილმა აღნიშნა, რომ თავად მშვიდობას ირჩევს.

• სხვა პროპაგანდის გამავრცელებელი აქტორები აცხადებდნენ, რომ ევროკავშირი და აშშ სჯიან საქართველოს რუსეთთან ომის არდაწყების გამო. პროსახელისუფლებო ექსპერტი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, სპეკულირებდა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოწვეულია აშშ-ის ზეწოლით ევროკავშირზე, რომელსაც სურს დასაჯოს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არგახსნის გამო. ანტიდასავლური პოზიციებით ცნობილი ყოფილი პოლიტიკოსი და მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე (სასცენო სახელით „უცნობი“), სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ასევე აცხადებდა, რომ დასავლეთი სჯის საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. სოსო მანჯავიძე, ულტრამემარჯვენე და პრორუსულ ჯგუფებთან დაკავშირებული ე.წ. პოლიტოლოგი, ასევე ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის უკან დგას ორი მიზეზი: 1. საქართველო არ უერთდება სანქციებს და არ ერთვება ომში-ანუ არ მიდის ფიზიკურ სიკვდილზე; 2. საქართველო ეწინააღმდეგება ლგბტქ+ს და გეი აღლუმს - ანუ არ მიდის სულიერ სიკვდილზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა კიდევ ერთი ანტიდასავლური აქტორი, ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე რომელმაც გააჟღერა საკუთარი ვარაუდი, რომ ეს იყო სასჯელი საქართველოსთვის, რადგან ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობასა და „გეი მარშების“ ჩატარებაზე.

• ულტრამემარჯვენე პრორუსულმა ჯგუფმა Alt-Info-მ კიდევ ერთხელ გაიმეორა კონსპირაციული ნარატივი, რომ დასავლეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფები საქართველოში აპირებენ თბილისი პრაიდი (LGBTQ ღონისძიება) გამოიყენონ როგორც პროვოკაცია ქვეყნის დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის მიზნით, რის შემდეგაც მეორე ფრონტს გახსნიან რუსეთის წინააღმდეგ.

• ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ტელეკომპანია „იმედმა“ ყოფილი მინისტრისა და დეპუტატის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვები დაამახინჯა და მანიპულაციური სათაურით გაავრცელა „იმედის“ ფეისბუქის გვერდზე: „ზურაბ ჭიაბერაშვილი - დიახ, მე ომი მინდა“. ეს სიყალბე მოგვიანებით პრორუსულმა ჯგუფებმა და ფეისბუქის მომხმარებლებმა გაავრცელეს, რომლებიც მთელ ქართულ ოპოზიციას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოს ისინი იმედგაცრუებულნი არიან საქართველოში არსებული მშვიდობით და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ.

• ცნობილმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა, ლალი მოროშკინამ, თავისი „გაბრაზება“ გამოხატა საქართველოში „ომის პროპაგანდისტების“ მიმართ და განაცხადა, რომ კოლექტიურ „მათ“ (ადამიანებს, ვისაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ) სურთ გაანადგურონ ქართველი მამაკაცები, რათა დააზიანონ ქვეყნის დემოგრაფია და მოსპონ ქართველი ერი. მოროშკინამ დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში ქართველი კაცები გაიზიარებენ რუსების მიერ ტყვეობაში აყვანილი უკრაინელი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურის მნიშვნელოვანი ნაწილის ბედს, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. იმავე ნარატივს ავრცელებდა ანტიდასავლური გამოცემა „საერთო გაზეთი“, რომელიც ამტკიცებდა, რომ თუ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება, საქართველოდან აღარაფერი დარჩება, რაც არც დასავლეთს შეაწუხებს და არც აშშ-ს.

პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

დონბასის ბრძოლა, ფაქტობრივად, საარტილერიო დუელში გადაიზარდა; ამდენად, უკრაინის პოლიტიკური ლიდერების მტკიცებით, მათი ქვეყნისთვის მძიმე იარაღს, კერძოდ შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ არტილერიას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ტანკებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსული პროპაგანდისტული კამპანია უკრაინის სამხედრო დახმარების შეფერხების მიზნით გააქტიურდა. ეს გზავნილები ტრადიციულად საქართველოშიც გაჟღერდა:

• პრორუსული ტელეკომპანია „ობიექტივი“ აშშ-ის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ შეერთებული შტატების მიერ ევროპაში გაგზავნილი სამხედრო დახმარება, შავ ბაზარზე ხვდება და ეს პროცესი მსოფლიოს ნგრევამდე მიიყვანს.

• „ალტ-ინფომაც“ გააჟღერა გზავნილი, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი შავ ბაზარზე გადის და სირიაში ხვდება. „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მსგავსი ისტორიები დასავლურ ტაბლოიდებში იმიტომ ჩნდება, რომ დასავლეთს არ სურს ხარისხობრივად მეტი იარაღის მიწოდება და ex-ante იმართლებს თავს.

• ცნობილი ქართველი პრორუსი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის ლევან ვასაძის მიერ დაარსებულმა „ერი მედიამ“ გაავრცელა გზავნილი, რომ უკრაინა შესაძლოა რუსეთის ტერიტორიას თავს დასავლური შეიარაღებით დაესხას. მისი განცხადებით, დასავლეთი უკრაინის არსებული ტემპით შეიარაღებით ომს ხელოვნურად ახანგრძლივებს. „ერი მედიის“ ცნობით, ევროპასა და აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში კიევი საკუთარ ტერიტორიაზე არ გაჩერდება; შესაბამისად, აშშ-სა და ევროპას ეშინია, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრება. აქედან გამომდინარე, "ერი მედიამ" დაასკვნა, რომ დასავლეთი უკრაინას აწვდის იმ ოდენობით შეიარაღებას, რომელიც საჭიროა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის.

• „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ კიევისთვის უფრო მძიმე და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდებას მომწოდებლების (ანუ NATO-ს წევრების) ტერიტორიებზე ლოჯისტიკური ცენტრების დაბომბვა მოჰყვება. „სპუტნიკმა“ ასევე აღნიშნა, რომ მეტი სამხედრო დახმარება შემდგომ ესკალაციას და რუსეთთან კონფლიქტში NATO-ს არმიების ჩათრევას გამოიწვევს.

• პრორუსული „ალტ-ინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ოდენობა საკმარისი არაა. თუმცა, პარადოქსულად, „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი კიევს მაქსიმალურად ეხმარებოდა და შემდგომი დახმარებისთვის დარჩენილი ერთადერთი ინსტრუმენტი დასავლეთის ომში ჩაბმა იქნებოდა. „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინას პრობლემები შეექმნება მიწოდებული ჰაუბიცების მრავალფეროვნებისა და მათი გამოყენების მცოდნე პერსონალის ნაკლებობის გამო.

• პრორუსმა ბლოგერმა ფაქტებისა და საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ თუ რესპუბლიკელები აშშ-ში შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, აშშ ზელენსკის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეწყვეტს.

• „საერთო გაზეთი“ და ტელეკომპანია „ობიექტივი“ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში გაგზავნილმა ამდენმა სამხედრო შეიარაღებამ შედეგი ვერ გამოიღო. აღნიშნული გზავნილის თანახმად, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება უშედეგოა და, შესაბამისად, ამ პოლიტიკის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.

• „ქართული TV-მ“ განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინაში ომის დასრულებას არ ცდილობს და სანქციები და სამხედრო დახმარება რუსეთის დასუსტებასა და უკრაინის დაყოფას ემსახურება.

არა ევროპას, გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები - ამბობენ პრორუსული აქტორები

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი კრიტიკულია საქართველოს მთავრობისადმი და ევროკავშირის ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესების განხილვისკენაც მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რეზოლუცია გააკრიტიკეს და მას სამარცხვინო, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, და ამორალური უწოდეს. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ რეზოლუცია ყალბ ინფორმაციას ეფუძნება. „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა რეზოლუციის საპასუხო განცხადებები გააკეთეს და ისინი კრიმინალური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მომხრეების მოკავშირეობაში დაადანაშაულეს. კობახიძის თქმით, „ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება არ მიენიჭოს“, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ „...[რეზოლუციას] არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“. პრემიერმა ღარიბაშვილი უფრო მწვავე განცხადება გააკეთა და ევროკავშირი ყველაფრისთვის ფარდის ახდით დააშინა, თუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული: „17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“.

მთავრობასთან დაკავშირებულმა წყაროებმა ევროპარლამენტარების წინააღმდეგ ონლაინსივრცეში მასობრივი ცილისმწამებლური კამპანიაც მოაწყვეს. „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა, როგორებიც არიან დიმიტრი ხუნდაძე და ალუდა ღუდუშაური, და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა (მაგალითად, გია გაჩეჩილაძე) ღიად ანტიდასავლური მესიჯები გაავრცელეს:

• დიმიტრი ხუნდაძე: „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!“

• ალუდა ღუდუშაური: „რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი? - ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა“.

• გია გაჩეჩილაძე: „თუ ბიძინას სანქცირებასა და ომში ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს“.

ხელისუფლების აღნიშნული აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ კარგად გამოიყენეს პრორუსულმა აქტორებმა. მათ ხელიდან არ გაუშვეს შანსი და ხელისუფლების მიერ შექმნილი ნიადაგი თავიანთი პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენეს. გააცოცხლეს ნარატივი, თითქოს ევროპა საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს და მის საშინაო საქმეებში ერევა. პრორუსი აქტორები აცხადებდნენ, რომ ევროპარლამენტმა ანტიქართული რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „უპრეცედენტო ცილისწამებას“ შეიცავდა. რეზოლუციის სხვა ინტერპრეტაციამ განავითარა ქვენარატივი, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დასავლეთის მარიონეტები არიან და ევროკავშირი საქართველოს დასჯის, თუ ქვეყანაში „გეი აღლუმს“ არ მოაწყობენ და „მეორე ფრონტს“ არ გახსნიან. ამ ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით, პრორუსული ჯგუფები ღიად ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მსგავსი გაერთიანების წევრობა არ სჭირდება.

აღნიშნული მდგომარეობის ალტერნატივად და გამოსავლად პრორუსული ძალები პროდასავლურ საგარეო კურსზე უარის თქმასა და რუსეთთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებას სახავდნენ. პრორუსული ტელეკომპანია „პატრიოტი TV“-ის დირექტორმა, გიორგი ირემაძემ, განაცხადა, რომ ევროპამ საქართველოს მსგავსი რეზოლუციის მიღებით ზურგი აქცია და დადგა დრო რუსეთთან დიალოგის დასაწყებად, დიდი ალბათობით რუსეთის მოკავშირედ გახდომის შესახებ.

ღიად პრორუსულ ნარატივებთან ერთად, რომლებიც რუსეთთან ალიანს ადვოკატირებენ, პრორუსული პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ ცრუ ნეიტრალიტეტის ნარატივებს გაღვივებას აგრძელებდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, განაცხადა, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების მხოლოდ ორი მოდელი არსებობს: NATO და ნეიტრალიტეტი. მისი მტკიცებით, NATO-მ მსოფლიოში უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და გაიმეორა პუტინის ნარატივი, რომ NATO-ს არსებობა რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა.

ლუგარის ლაბორატორია - რუსეთის გამოგონილი საფრთხეები

დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც თბილისში მდებარეობს და რუსეთის მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტული წყაროების მუდმივი სამიზნეა, გასულ კვირას კვლავ აქტუალური გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა, მარია ზახაროვამ, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ქმედებებით გამოწვეული შიშის შესახებ ისაუბრა და ვაშინგტონისაგან სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაზე პასუხები მოითხოვა. როგორც ზახაროვა ამტკიცებდა, რუსეთის ოფიციალური პირები, საზოგადო მოღვაწეები და ქართველი ექსპერტებიც კი (დიდი ალბათობით პრორუს პროპაგანდისტებს გულისხმობდა) არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ ლუგარის ცენტრის საიდუმლო საქმიანობა სერიოზულ კითხვებს აჩენს აშშ-ის თავსებადობაზე ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებთან. მისი თქმით, აშშ აგროვებს ბიომასალებს და ატარებს კვლევებს მწერების გამოყენებით, რომლებიც საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებს წარმოადგენენ.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

რუსეთის უკრაინის ომთან დაკავშირებული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე გრძელდება. წინა კვირაში (6-12 ივნისი) კრემლის მხარდაჭერილი აქტორები კიდევ ერთხელ ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება რუბლებში დანაზოგის გაკეთებაში, რადგან პროპაგანდის თანახმად, რუბლი „ყველაზე მომგებიანი ვალუტაა“. გასულ კვირას, „ფაქტ-მეტრმა“ გააბათილა გამოგონილი ციტატა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილმა მოადგილემ, სტივენ მ. ტუიტიმ (Stephen M. Twitty) განაცხადა, რომ უკრაინის არმიიდან „200 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაუჩინარდა“. რუსულმა მედიებმა ასევე შეადგინეს სიუჟეტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარჩინ ფშიდაჩის, შესახებ. მცდარი მტკიცებების მიხედვით, ფშიდაჩმა რუსეთი უკრაინაში მიმავალი დასავლური იარაღის განადგურებაში დაადანაშაულა. რეალურად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთი ამ იარაღის განადგურებას ცდილობდა. გასულ კვირას რუსული პროპაგანდის სამიზნე იყო კიდევ ერთი პოლონელი თანამდებობის პირი, ამჯერად პაველ შეფერნაკერი - შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი. დეზინფორმაციის თანახმად, შეფერნაკერმა განაცხადა, რომ „უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების დროა“. სინამდვილეში, ეს ციტატა მას არ ეკუთვნის. გარდა ამისა, იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ნაცისტები არიან, პრორუსმა აქტორებმა გაავრცელეს ფოტო, რომელზეც თითქოსდა გამოსახულია უკრაინელი სამხედრო ტყვეები ტატუებით, მაგრამ ეს ფოტო რეალურად ელ სალვადორში, ცენტრალურ ამერიკაშია გადაღებული.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4015 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი