იტვირთება

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ქართული TV”-ის გადაცემის ჩანაწერი, სადაც კორონავირუსის პანდემიასთან, „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებასთან და მისი გადაცემის გზებთან დაკავშირებით არაერთი ყალბი მტკიცება გაჟღერდა.

გადაცემაში გაჟღერდა შეთქმულების თეორია, თითქოს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „მაიმუნის ყვავილის“ სახით, ახალი პანდემიის გამოცხადებას გეგმავს, რომლის მიზანიც სუვერენული სახელმწიფოების უფლებების მიტაცება და ერთიანი მსოფლიო მართვის სისტემის გამოცხადება იქნება“. აღნიშნული მტკიცება აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება. პრორუსული ჯგუფები მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციას დასავლეთის და ჯანმოს დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ.

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ენდემურია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. მიმდინარე წლის მაისში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება არაენდემურ ტერიტორიებზე დაიწყო. შესაბამისად, ის გლობალური ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მოექცა (იხილეთ მეტი ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ).

15 ივნისის მონაცემებით, ჯანმოს წევრ 42 ქვეყანაში, სადაც დაავადება არ არის ენდემური, „მაიმუნის ყვავილის“ 2103 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის - 1 სიკვდილი, აღირიცხა. შემთხვევების უმეტესობა ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, არაენდემურ ქვეყნებში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რეალური რისკი არსებობს. თუმცა ვირუსის გავრცელების შეკავება შესაძლებელია, ამიტომაც სახელმწიფოებს ჯანდაცვის მონიტორინგის ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

ჯანმოს ცნობით, ამ ეტაპზე მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობა არ არსებობს. ასევე, მკაცრი შეზღუდვების, მათ შორის - მასშტაბური ღონისძიებების გაუქმების, რეკომენდაციას არ გასცემს.

შესაბამისად, „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის საფრთხე არ არსებობს. სხვა ვირუსებთან [როგორებიცაა: კორონავირუსი, ადამიანის ყვავილი, წითელა და სხვა ინფექციური დაავადებები] შედარებით, „მაიმუნის ყვავილის“ გამომწვევი ვირუსის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. ამასთან, ამ დროისთვის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა არსებობს, რომელიც ეფექტურად იცავს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც. ამასთან, ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატებიც ხელმისაწვდომია.

მტკიცება: „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს ინფიცირებულ მაიმუნთან ახლო კონტაქტით გადაეცემა, ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ სქესობრივი გზით (ანალური სექსით) ვრცელდება.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„მაიმუნის ყვავილი“ ადამიანიდან ადამიანზე სხვადასხვა გზით ვრცელდება:

• პირდაპირი კონტაქტი ინფექციურ გამონაყართან, ნაწიბურებთან ან სხეულის სითხეებთან;

• რესპირატორული გზით ინფიცირებულ პირთან პირისპირი კონტაქტის დროს ან/და ახლო ფიზიკური კონტაქტით (როგორებიცაა: კოცნა, ჩახუტება ან სექსი);

• დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით;

• ორსულებს შეუძლიათ ვირუსის გავრცელება ნაყოფზე.

ადამიანს „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება გადაეცეს ინფიცირებული ცხოველებისგან (მღრღნელებისგან და პრიმატებისგან), ცხოველის ნაკაწრით ან კბენით. ასევე, დაავადებული ცხოველის ხორცის მომზადებით ან ჭამით.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ინფორმაციით, ევროპაში შემთხვევების უმეტესობა ჰომოსექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „მაიმუნის ყვავილი“ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დაავადებაა, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ვირუსი არ არის მიმაგრებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე“.

რეალურად, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება, მათ შორის - სქესობრივი გზითაც. ვირუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სქესობრივი კონტაქტი როგორ და რომელი ორიენტაციის ადამიანებს შორის მოხდება. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციის მიზანი სექსუალურ უმცირესობათა დისკრედიტაციაა.

მტკიცება: კორონავირუსის პანდემია იყო ცრუპანდემია... არანაირი ახალი კორონავირუსი არ არსებობდა, ეს იყო ჩვეულებრივი კორონავირუსების მორიგი აფეთქება... არანაირი ახალი ტალღები არ არსებობდა..

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19 ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვითარდება SARS-CoV-2-ით (მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2) ინფიცირების შემთხვევაში. SARS-CoV-2 არის ახალი ვირუსი, კორონავირუსების ოჯახიდან, რომელიც მანამდე ადამიანში არ დაფიქსირებულა. ის პირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოვლინდა და მალევე გლობალური ჯანმრთელობის უდიდეს გამოწვევად იქცა.

2020 წლის 11 მარტს კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველს ქმნიდა ის ფაქტი, რომ COVID-19 იყო ახალი დაავადება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწრაფად ვრცელდებოდა. იმ დროისთვის COVID-19 დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა), მსოფლიოს 114 ქვეყანაში იყო გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით მსოფლიოში 544 მლნ.ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 6.3 მლნ-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემია ახალი დაავადების გლობალური გავრცელებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, „პანდემია წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც ჰკვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. ეპიდემია კი ეწოდება დაავადების აფეთქებას, როდესაც სიტუაცია უკონტროლო ხდება, მაგრამ ის, ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე, ლოკალურად მიმდინარეობს.

დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების საფუძველი არ არსებობდა და ეს არის ცრუ პანდემია, მუდმივად ვრცელდება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არის გენური თერაპია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შესახებ ანტივაქსერები მუდმივად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინებით ადამიანებს გენურ თერაპიას უტარებენ და მათ გენეტიკურ კოდს ცვლიან. რეალურად, mRNA ვაქცინებსა და გენურ თერაპიას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. გენური თერაპია ექსპერიმენტულ ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციის მიზნით, გენების მოდიფიკაციას ითვალისწინებს. ვაქცინები, მათ შორის mRNA ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4150 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი