დეზინფორმაცია: მსოფლიოში ცრუ პანდემია გამოაცხადეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლის თანახმად მსოფლიოში ცრუ პანდემია არის გამოცხადებული. შანიძის მტკიცებით, ეპიდემიის დროს, ერთდროულად ერთ დღეს დაავადებული ანუ ინფიცირებული უნდა იყოს მოსახლეობის 5% და ამ დაავადებულებიდან 10-20% გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე კი შანიძეს დასკვნა გამოაქვს, რომ პანდემია არ არსებობს. შესაბამისად - კომენდანტის, ვაქცინის და პირბადის საჭიროება არ არსებობს. პოსტში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

რეალურად, ჯანმოს ვებგვერდიდან ეპიდემიისა და პანდემიის განმარტება არ ამოუღია. პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: „ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში, რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმურია - არ ფიგურირებს. ეპიდემია კი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით არის „საზოგადოებაში ან რეგიონში დაავადების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ქცევის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების შემთხვევები, რომელიც ცხადად აჭარბებს მოსალოდნელ ნორმებს“. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად არის მითითებული საზოგადოება, რეგიონი და დროის პერიოდი, რომელშიც შემთხვევები ფიქსირდება. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ეპიდემია, როგორ წესი, ჰქვია სიტუაციას, როცა დაავადების აფეთქება უკონტროლო ხდება, მაგრამ ის, ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე, მაინც ლოკალურად მიმდინარეობს. პანდემია კი ახალი დაავადების „გლობალური გავრცელებაა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „პანდემია არის ეპიდემია, რომელსაც პასპორტი აქვს და მოგზაურობს“.

უშუალოდ შორე შანიძის მოყვანილი ეპიდემიის განმარტება - „ეპიდემიის დროს ერთდროულად ერთ დღეს დაავადებული ანუ ინფიცირებული უნდა იყოს მოსახლეობის 5% და ამ დაავადებულებიდან 10-20 %გარდაცვლილი“, ჯანდაცვის ოფიციალურ დოკუმენტებში, ჯანმოს ან ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებგვერდებზე არ მოიპოვება. მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ ru.wikipedia.org-ზეა წარმოდგენილი, სადაც ნათქვამია, რომ „ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნივერსალური ეპიდემიოლოგიური ბარიერი ითვლება ტერიტორიის მცხოვრებთა 5%-ის, ან ზოგჯერ ნებისმიერი სოციალური ჯგუფის 5%-ის დაავადებად“. ხოლო უშუალოდ სიკვდილიანობის 10-20%-იანი მაჩვენებელი, ამავე „ვიკიპედიის“ სტატიაში ესპანურ გრიპზე საუბრისას არის ნახსენები - „ ესპანური გრიპით დაახლოებით 50-100 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 2.7-5.3% გარდაიცვალა, რაც საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ეს ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კატასტროფად. ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 10-20% იყო“. შესაბამისად, შორე შანიძის მიერ შემოთავაზენული ეპიდემიის განმარტება, ოფიციალურ წყაროებს არ ეყრდნობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს არ აქვს რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმური ხდება, მას პანდემიის განგაშის ექვსფაზიანი ეტაპები (WHO phase of pandemic alert for Pandemic) აქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც პანდემიის გამოცხადება მიზანშეწონილია, თუ ახალი ვირუსი მეექვსე ფაზას უახლოვდება. პირველი ფაზა ვირსუსის მხოლოდ ცხოველებში არსებობით ხასიათდება და ადამიანებზე არ გადადის. რაც შეეხება მეხუთე ფაზას, ის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადებით და ფართო გავრცელებით ხასიათდება (ჯანმოს მიერ შესწავლად მინიმუმ ორ ქვეყანაში). მეექვსე ფაზის დროს, ვირუსი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და მეხუთე ფაზის დროს დაფიქსირებულ ქვეყნებთან ერთად, დამატებით, სხვა რეგიონში, მინიმუმ ერთ - ჯანმოს მიერ შესწავლად ქვეყანას მოიცავს.

თავდაპირველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიად გამოცხადებას ერიდებოდა, რადგან ორგანიზაციაში მიიჩნევდნენ, ვირუსის აფეთქება ჩინეთში, კორეაში, ირანსა და იტალიაში ლოკალურად მიმდინარეობდა და ყველა მათგანი დაკავშირებული იყო პირველწყაროსთან. თუმცა, უკვე 2020 წლის 11 მარტს, როცა მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Covid-19 პანდემიად გამოაცხადა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). ამასთან, ზემოთაღნიშნულ 4 ლოკაციაზე (ჩინეთი, იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა) მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

პანდემიის გამოცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სახელმწიფოებს ვირუსზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა. ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის მოწოდებებიც იმავე შინაარსის იყო: „მე ყველა ქვეყანას შევახსენებ, რას მოვუწოდებდით: გაააქტიურეთ და გაზარდეთ საგანგებო ზომები; გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს ხალხთან რისკებსა და ვირუსისგან თავის დაცვაზე; იპოვეთ, მოაქციეთ იზოლაციაში და უმკურნალეთ ყველა პაციენტს, ვისაც COVID-19 აქვს და გამოიკვლიეთ მასთან კონტაქტში მყოფი პირები. მზად გქონდეთ საავადმყოფოები და ჩაუტარეთ დამატებითი სწავლებები მედიცინის მუშაკებს. ყველამ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ“.

ინფექციის კონტროლის ექსპერტის, პროფესორი მერი-ლუის მაკლოუსის თქმით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მრჩევლად მუშაობდა „როცა WHO პანდემიას აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ მეტ მხარესა და ძალას სთხოვს მობილიზებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება. ეს ფაზა დაკავშირებულია ფინანსების მობილიზებასთანაც, რათა ქვეყნები ერთობლივი ძალით გაუმკლავდნენ საშიშროებას“.

ამასთან, როგორც Healthfeedback.org აღნიშნავს, ახალმა კორონავირუსმა, გლობალურად გავრცელების გარდა, სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში სიკვდილიანობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. 2020 წელს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობის შედარება წინა წლების სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელთან, ცხადყოფს, რომ 2020 წელს - ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში, როგორიცაა ეკვადორი, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი, ჭარბი სიკვდილიანობაა. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ Covid-19-ის ვირუსის გავრცელება პანდემიის კლასიფიკაციას არ შეესაბამება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოში პანდემია სრულიად ლეგიტიმური მიზეზებით გამოცხადდა.

პოსტში ასევე წარმოდგენილია მოსაზრება, რომ ვინაიდან და რადგანაც მსოფლიოში ე.წ. „ცრუ პანდემიაა“ გამოცხადებული, ვაქცინებსა და პირბადეებზე საუბარი აზრს მოკლებულია. რეალურად, როგორც უკვე აღინიშნა, მსოფლიო პანდემიის პირისპირ ნამდვილად არის. 2021 წლის 26 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 147,801,542 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 125,352,400 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,122,712 გარდაიცვალა. ამრიგად, პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა პირბადეების გამოყენება და მოსახლეობის ვაქცინაციაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. ხოლო უშუალოდ ვაქცინაცია ადამიანს იცავს როგორც ვირუსით დაინფიცირებისგან, ასევე დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმს ვირუსთან მარტივად გამკლავების საშუალებას აძლევს.

შესაბამისად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ცრუ პანდემია გამოაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასრულებაში პირბადის ტარება და Covid-19-ის ვაქცინები უმნიშვნელოვანეს ელემენტებს წარმოადგენს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი