ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 75-ე ასამბლეა 22-28 მაისს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიმართა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, შეერთებული შტატების მიერ ჯანდაცვის რეგულაციებში ცვლილებების შესახებ წარმოდგენილი ინიციატივის საფუძველზე რეზოლუცია მიიღეს. ასამბლეა სამომავლოდ პანდემიისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებისა და ეფექტური მოქმედებისთვის საჭირო ცვლილებების მიღების მიზნით ჩატარდა.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დეზინფორმაციული ჯგუფები და Facebook-მომხმარებლები სოციალურ ქსელში ყალბ ამბებს ავრცელებენ. კერძოდ, ერთ-ერთი Facebook-მომხმარებელი “შერი შერი” აქვეყნებს ვიდეოს, სადაც დენის ივანოვი, რომელიც პანდემიის შესახებ დეზინფორმაციას მანამდეც ავრცელებდა, ამტკიცებს, რომ 22-28 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე ე.წ პანდემიური ხელშეკრულების დამტკიცება იგეგმება, რაც, პრაქტიკულად, შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს ჯანმოს. ამასთან, ამ ხელშეკრულების თანახმად, როგორც ივანოვი ამტკიცებს, როცა განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, ნებისმიერ ქვეყანაში, 24-48 საათის განმავლობაში, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ეს „ვითომ პანდემია“ ფიქსირდება, საგანგებო სიტუაციას ამტკიცებენ.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 22-28 მაისის ასამბლეაზე პანდემიის ხელშეკრულების მიღება იგეგმება, რომელიც ჯანმო-ს შეუზღუდავ უფლებებს მიანიჭებს, ყალბია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Reuters-ს განუცხადა, ასამბლეაზე ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების ცვლილება იქნება განხილული, ხოლო ე.წ პანდემიის ხელშეკრულება პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების გასაძლიერებლად შექმნილი ინიციატივაა, რომლის მიღებაც 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

თავის მხრივ, საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებით წევრი სახელმწიფოების უფლებები და ვალდებულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საგანგებო სიტუაციების დროს განისაზღვრება, თუმცა რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები არ გულისხმობს ჯანმოს მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღებას და სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვას.

“ჯანმოს ქვეყნების ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაზე კონტროლი არ აქვს და აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია” - ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის სამართლის პროფესორი, ლოურენს გოსტინი ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების შესახებ FachtCheck.org-თან მიმოწერაში.

ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაცია იურიდიულ შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც პირველად ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის მიერ 1969 წელს ევროპაში გაჩენილი პანდემიების საპასუხოდ იქნა მიღებული. შეთანხმებას 196 ქვეყანა აწერს ხელს.

ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაცია სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემების მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სახიფათო შემთხვევების აღმოჩენის, შეფასების, რეაგირებისა და ჯანმოსთვის საერთაშორისო საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას გულისხმობს. შეთანხმება იურიდიულად სავალდებულოა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აღნიშნული ვალდებულებების შესულების უნარი მხოლოდ მსოფლიოს ქვეყნების მესამედს აქვს.

„ეს მსოფლიოსთვის შესაძლებლობას წარმოადგენს უფრო სწრაფად აღმოაჩინონ და ერთობლივად უპასუხონ დაავადებებს ან ცნობილ პათოგენებს“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა 17 მაისს მედია ბრიფინგის დროს - “სამწუხაროდ, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს. ჯანმოს დღის წესრიგი არის საჯარო, ღია და გამჭვირვალე. ჯანმო პატივს სცემს ინდივიდუალურ უფლებებს და ყველაფერს აკეთებს ჯანმრთელობის უფლებების რეალიზებისთვის”.

გამოქვეყნებულ ვიცდეოში დენის ივანოვი იმასაც ამტკიცებს, რომ ჯანმო-ს წევრ სახელმწიფოებში განსაკუთრებული შემთხვევების დროს 24-48 საათის ვადაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია.

სინამდვილეში, ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებში მოქმედების ვადებთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა გულისხმობს, რომ ქვეყნებმა საფრთხის შესახებ ჯანმოს 48 საათის განმავლობაში აცნობონ, ხოლო ჯანმომ 24 საათის განმავლობაში შესთავაზოს მას თანამშრომლობა. წევრ სახელმწიფოებს ამის შემდეგ 48 საათი ექნებათ, რომ მიიღონ ან უარყონ ჯანმოს შეთავაზება.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, ჟენევის 75-ე ასამბლეაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ჯანდაცვასთან დაკავშირებული კრიზისების რეაგირების წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე კომპრომისს მიაღწიეს. თუმცა, წევრ სახელმწიფოებს ჯანდაცვის რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებების უარყოფა მომდევნო 10 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი