არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

არჩილ გორდულაძე: არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ გორდულაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ „სრული პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ არ არსებობს ისეთი სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც კონკრეტული კანონების არგაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველს იძლევა.

„ფაქტ-მეტრმა“ არჩილ გორდულაძის განცხადება გადაამოწმა.

ევროკავშირის რეგულაციის 2018/1806 შესაბამისად, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია ყოველ წელს აქვეყნებს ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და აფასებს მათ მიერ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას.

ევროკომისია ქვეყნების შეფასებას რამდენიმე მიმართულების მიხედვით ახდენს, რაც ძირითადად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან (VLAP) გამომდინარეობს. ესენია:

  1. სავიზო პოლიტიკის თანხვედრა;
  2. დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით;
  3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა;
  4. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  5. მიგრაციისა და რეადმისიის ტენდენციები:
  6. საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

ამავე რეგულაციის 8(4) მუხლის თანახმად, ქვეყნის შეუსაბამობა ერთ ან მეტ კრიტერიუმთან შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციირების საფუძველი გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ საჭიროებს ევროკავშირის სრული შემადგენლობის თანხმობას და ამისთვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის (ანუ 2/3-ის) მხარდაჭერაა საკმარისი.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის ბოლო, რიგით მეშვიდე ანგარიში, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კომისიის შეფასება განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმის მიმართ. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომლის გამოყენებაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს“. კერძოდ, ანგარიშში მოყვანილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, და აღნიშნულია, რომ ეს კანონები „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“.

ანგარიშში მოცემულია რვა რეკომენდაცია, რომელიც, მათ შორის, ზემოხსენებული კანონების გაუქმებასაც მოიცავს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ უნდა მიიღოს მყისიერი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება“.

2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია მოითხოვა. მოგვიანებით, ევროკავშირმა დააზუსტა, რომ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს. ამავე წერილის თანახმად, კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის კონტექსტში, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, და შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, სავიზო რეგულაციების მე-8 მუხლის საფუძველზე, განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებლობაზე მიუთითა. მეტიც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის დე ფაქტო შეჩერებას დაუდო დასაბამი. 2024 წლის განმავლობაში არაერთი გაფრთხილების კვალდაკვალ, 30 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ კომუნიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, უპირველესად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და სხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიღებამ, ასევე ოფიციალური პირების მხრიდან გაძლიერებულმა ანტი-ევროპულმა რიტორიკამ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, რამაც გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა.

კანონმდებლობის კრიტიკისას, ევროკავშირი აპელირებდა ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე, რომელმაც ორივე კანონი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნები მოამზადა.

კერძოდ, „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლისა და კომისიის წინა დასკვნების გათვალისწინებით, რიგი მიზეზების გამო ვერ დაადგინა მისი დებულებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებას სრულად გადაეხედა ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის და მისი მიღების პროცესი არ გაეგრძელებინა. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მის დამტკიცებას მაინც გადაწყვეტდა, კომისიამ მას რიგი შესწორებების შეტანის რეკომენდაციით მიმართა. კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, „ქართულმა ოცნებამ“ ის 2024 წლის 14 მაისს ისე დაამტკიცა, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად, ვენეციის კომისიის მოსაზრებას არც კი დაელოდა.

თავის მხრივ, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით გამჭვირვალობის კანონით დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის პრინციპებს. დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ კანონი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საბაბით, სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს ფაქტობრივად სტიგმატიზაციის, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ლიკვიდაციის რისკის ქვეშ აყენებს. კომისიამ ხელისუფლებას კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმება „კატეგორიულად“ ურჩია, ვინაიდან მისი ფუნდამენტური ხარვეზები უარყოფით გავლენას მოახდენს დისკრიმინაციისგან დაცვაზე, ღია, ინფორმირებულ საჯარო დისკუსიებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამასთან, კომისიის განმარტებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშგების ვალდებულებას აკისრებს, და არავითარი დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა, თუ რატომ არ იყო ეს ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად; ასე რომც ყოფილიყო, ხელისუფლებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებები უკვე არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეეტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიის არც ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა. მეტიც, მმართველმა პარტიამ მის დასკვნაში „სამართლებრივი, პროფესიული დასაბუთება“ ვერ დაინახა და განაცხადა, რომ კომისიის პლატფორმა „მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად“ გამოიყენეს.

აქვე საგულისხმოა, რომ ორივე კანონზე მოსაზრების თხოვნით

ვენეციის კომისიას არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმართა.

ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა, რომელსაც საკუთარ რეკომენდაციებში ევროკავშირი ეყრდნობა, საკმარისი სამართლებრივი საფუძველი უნდა იყოს იმ ქვეყნისთვის, რომლის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციითაა განმტკიცებული და რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.

გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 დღის წესრიგით აქვს აღებული. კერძოდ, „საკვანძო პრიორიტეტების“ თავის 5.3 ქვეთავის თანახმად, „საქართველო განახორციელებს უწყვეტ ქმედებას და გაითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებში წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რათა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად უზრუნველყოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ნიშნულების უწყვეტი შესრულება“.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია ზემოხსენებული ორი კანონის გაუქმების თაობაზე არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოთხოვნას წარმოადგენს, არამედ გამყარებულია სიღრმისეული სამართლებრივი ანალიზით ვენეციის კომისიის მხრიდან, რომელმაც მათი ევროპულ სტანდარტებთან არსებითი შეუთავსებლობა დაადგინა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინების სამართლებრივი ვალდებულება გააჩნია, „ფაქტ-მეტრი“ არჩილ გორდულაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.