იტვირთება

„პატრიოტთა ალიანსთან“ აფილირებული მედიაკავშირი „ობიექტივი“ საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი ნეიტრალიტეტია. მისი თქმით, აღნიშნულს უამრავი ადამიანი უჭერს მხარს, რაც ქუჩის გამოკითხვებით დასტურდება. ინაშვილი აცხადებს, რომ ესაა რეალური საქართველოს პოზიციაა, რასაც სხვა მედიები მალავენ. ანალოგიური ინფორმაცია ჟღერდება სხვა სიუჟეტებშიც, სადაც ჟურნალისტი რამდენიმე მოქალაქის მოსაზრებას იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს ის მთელი საქართველოს პოზიციას წარმოადგენდეს. „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული სხვა პირები კი სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეა“.

რეალური მონაცემები

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს არ ემხრობა. 2022 წლის 21 აპრილს მიუკერძოებელმა არასამთავრობო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს მოიცავს. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში +/-1.8%, მარტის კვლევაში კი +/- 1.6%-ია. კვლევა საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე არის განზოგადებული ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.

აღნიშნული კვლევის თანახმად, ქართველი მოსახლეობის 71-74%-ისთვის NATO-ში ინტეგრაციაა მისაღები. 10-13% აცხადებს, რომ პასუხი არ იცის, 16-15% კი NATO-ს წევრობის წინააღმდეგია.

კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI), 2022 წლის 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2022 წლის 4-24 მარტს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ასახავს. კვლევა IRI-ის სახელით, ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუისკინეს მიერ ჩატარდა. საველე სამუშაოებს IPM ატარებდა. მონაცემები პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% NATO-ში ინტეგრაციას სრულად უჭერს მხარს, 15% - ნაწილობრივ. NATO-ში შესვლას მკაფიოდ გამოკითხულთა მხოლოდ 12% ეწინააღმდეგება. ფოტოზე მოცემულია 2011 წლიდან დღემდე NATO-ში ინტეგრაციისადმი ქართველი მოსახლეობის დამოკიდებულება:

„პატრიოტთა ალიანსის“ კვლევის ხარვეზები და არავალიდურობა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ გაკეთებული კომენტარებიდან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ მას ბევრი ხარვეზი აქვს და არ შეიძლება რეპრეზენტაბელურად ჩაითვალოს. მათ შორისაა უზუსტობა შერჩევის პრინციპებში, კვლევის ეთიკის დარღვევა, გამოკითხულთა ინტერესების დაუცველობა და კითხვების ფორმულირება.

საინფორმაციო სააგენტო On.ge-სთან საუბრისას, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა განაცხადა, რომ კვლევისთვის კონკრეტული ასაკობრივი, სქესობრივი ან დემოგრაფიული კატეგორია შერჩეული არ იყო და ისინი ეკითხებოდნენ „ყველას“, ვის ნომერსაც ინტერნეტში განთავსებულ სატელეფონო ნომრების ბაზაში ნახავენ. ბაზების ნაწილი ძველია და მათში ნომრის ძველი მფლობელების სახელები წერია, რომლებიც უკვე სხვაზეა გადაფორმებული. ასევე, ბაზებში არ არის საქართველოს ყველა მოქალაქის ტელეფონის ნომერი.

გარდა ამისა, კითხვარში, რომლის ბეჭდური ვერსია, რომელიც პარტიამ თავად გაავრცელა, რესპონდენტებს აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ მათ პასუხებს გამოიყენებენ და დაამუშავებენ. აქვე მოთხოვნილია პირადი ინფორმაციის ველის შევსება, შემდეგ კი არის სამი ძირითადი კითხვა:

თუმცა, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია სატელეფონო გამოკითხვისას. რესპონდენტთა ნაწილი, რომელმაც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, On.ge-სთან ამბობს, რომ მათთვის არ უკითხავთ პირადი ნომერი, თუმცა სახელი და გვარი ზოგიერთ შემთხვევაში წინასწარ იცოდნენ. ასევე, კითხვა, რომელიც ბეჭდურ კითხვარში მოქალაქეს სამხედრო მიუმხრობლობაზე სთხოვს პოზიციას, სატელეფონო საუბარში „სამხედრო ნეიტრალიტეტად“ ან „ჯარის დამოუკიდებლობად“ იყო წარმოჩენილი. გარდა ამისა, რესპონდენტთა ნაწილს პასუხების მხოლოდ ორ ვარიანტს სთავაზობდნენ და „არ ვიცი“ ან „არ მაქვს გადაწყვეტილი“ პასუხების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

ამ და სხვა ხარვეზების შესახებ ვრცლად იხილეთ On.ge-ის სტატია.

რას ნიშნავს საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსი?

ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსია, რომელიც სხვა ქვეყნების მიერაა აღიარებული. სახელმწიფო მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დროს, იღებს ვალდებულებას, არ მიიღოს მონაწილეობა სხვა სახელმწიფოებს შორის შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში, არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში, არ განათავსოს თავის ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარები და სამხედრო ბაზები.

იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად პირობებს:

ა) არ უნდა წარმოადგენდეს სხვა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელოვან ობიექტს და გეოგრაფიულად „მარგინალურ ზონაში“ უნდა მდებარეობდეს;

ბ) უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა;

გ) მისთვის უცხო უნდა იყოს ყოველგვარი ექსპანსიონიზმი;

დ) უნდა ახასიათებდეს შიდა შეკავშირებულობის მაღალი დონე.

ე) უარი უნდა თქვას ყოველგვარ იდეოლოგიურ საგარეო პოლიტიკაზე.

აღნიშნული პუნქტებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მიღება, ამ პირობებში, პირველ რიგში, შეუძლებელია, შემდეგ კი - დამღუპველი.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული ინიციატივის - NATO-ზე უარის თქმა და ნეიტრალიტეტის გამოცხადება - სიმცდარე, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების ისტორიულმა გამოცდილებებმა არაერთხელ დაადასტურა. რუსეთისთვის ნეიტრალიტეტი/მიუმხრობლობა ან ე.წ. უბლოკო სტატუსი თავისი საგარეო-პოლიტიკური ინტერესების აგრესიულად გატარებისთვის დაბრკოლება არასოდეს ყოფილა. NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება რუსეთისთვის არა თავისთავადი მიზანი, არამედ მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებაა - რუსეთის უმთავრესი ამოცანა საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, თავისი გავლენის სფეროში ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“ დაბრუნებაა. სწორედ ამ მიზნის შესრულებისთვის რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას საქართველოს არც NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია და არც მისი დემოკრატიული განვითარება.

საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შევუერთდით. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებად 1999 წლიდან საქართველოს NATO-ს „დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში“ ჩართვაც შეიძლება ჩაითვალოს, რამაც საქართველოს სამხედრო ძალების მართვის სისტემის რეფორმირებისთვის პირველი პრაქტიკული ინსტრუმენტი მისცა. თუმცა საქართველომ NATO-ში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად პირველად მხოლოდ 2002 წელს, NATO-ს პრაღის სამიტზე დააფიქსირა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ დროიდან იწყება.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა კი 1991-1992 წლებში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების გაჩაღებისთანავე დაიწყო, ანუ მანამ, სანამ საქართველო NATO-ში ინტეგრაციის სურვილს ოფიციალურად გამოთქვამდა. ორივე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ 1993 წელს მაინც გადაწყვიტა რუსეთის მიერ მართულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ (დსთ) გაწევრიანება, ხოლო მოგვიანებით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ შეერთება. ორივე ორგანიზაცია მოსკოვის ინტერესების გატარებისათვის იყო შექმნილი, ხოლო საქართველოს გაწევრიანების მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის შენარჩუნება იყო. მიუხედავად ამისა, 2000 წელს რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო. 2000-2002 წლებში კი, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტერიტორია არაერთხელ დაბომბა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მაშინაც კი, თუ საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგში NATO-სთან ინტეგრაციის საკითხი არ იდგებოდა, რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის საწინააღმდეგო მოქმედებებს მაინც გააგრძელებდა.

კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ რუსეთს არც მაშინ ჰქონია განსხვავებული პოლიტიკა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით კონფლიქტებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია გაცხადდა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო საქართველომ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ საკუთარ მიწაზე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯარებს არ განალაგებდა. თუმცა, ვერც ნეიტრალიტეტის სტატუსმა და ვერც საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების არგანლაგების შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რუსეთს ხელი ვერ შეუშალა, 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა.

ნეიტრალური სტატუსის გაუმართლებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამრიგად, „პატრიოტთა ალიანსის“ და მასთან დაკავშირებული პირების მტკიცება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (ზოგიერთი წყაროთი - 70%) ნეიტრალიტეტს ემხრობა და სამხედრო ბლოკებში გაერთიანებაზე უარს ამბობს, ყალბია.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი