ზაურ დაგალი: [მარნეულში] ხიდის ქვედა ნაწილში ახალი სკვერი მოეწყობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის დაპირება არ შესრულდა.

განცხადება:

რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა ზაურ დარგალმა, ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს, თქვა, რომ ქალაქ მარნეულს სამომავლოდ სხვადასხვა სიახლე ელოდება. კონკრეტულად კი, დაპირების თანახმად, ქალაქ მარნეულში მდებარე ყველა სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, ახალი სკვერები გაიხსნებოდა. მათ შორის, ახალი სკვერი ხიდის ქვედა ნაწილშიც მოეწყობოდა.

„ფაქტ-მეტრის“ კვლევით, მარნეულის გასული წლების ბიუჯეტში აღნიშნული სკვერებისა და ხიდის ქვედა ნაწილის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ ყოფილა და ვერც მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხვდა. აღნიშნული კი იმის დასტურია, რომ ქალაქში არსებული სკვერების რეაბილიტაცია, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელებულა და დაგეგმილიც არაა. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას, „ფაქტ-მეტრმა“ სტატია მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა. დაპირება ამ შემთხვევაშიც არ შესრულდა. მერიამ 2022 წელს მხოლოდ ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა.

ანალიზი:

2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი მოსახლეობას ქალაქ მარნეულში არსებული სკვერების რეაბილიტაციას, ასევე, ახალი სკვერების გახსნასა და ხიდის ქვედა ნაწილში ახალი სკვერი მოწყობას დაჰპირდა. კონკრეტულად კი, ზაურ დარგალმა ადგილობრივი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: „რა თქმა უნდა, ხიდის ქვედა ნაწილი ძალიან საინტერესო ადგილია. იმ ტერიტორიას მოსახლეობისთვის ძალიან ლამაზ პარკად გადავაქცევთ. ჩვენ ამჟამად ვაცხადებთ კონკურსს, ძალიან გვაინტერესებს რა სახის წინადადებებს მივიღებთ. ჩვენ უკვე გვაქვს ამაზე შეხედულება. ჩვენ გვინდა, რომ იმ ადგილს მეგობრობის მოედანი ვუწოდოთ. მომავალ წელს, ეტაპობრივად, ჩვენი ქალაქის განახლებისთვის გვექნება ძალიან დიდი სიახლეები, როგორიცაა მარნეულის ყველა პარკის, სკვერის სრული განახლება, ხიდის ქვედა ნაწილის სრულად განახლება და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, შესრულდა, თუ - არა ზაურ დარგალის დაპირება. როგორც ირკვევა, მარნეულში არსებული სკვერების რეაბილიტაციის, ასევე, ახალი სკვერების, მათ შორის, ხიდის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხი, ზაურ დარგალის მერობის დროს და მერეც, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. „ფაქტ-მეტრის“ კვლევით, აღნიშნული ადგილის სკვერად გადაკეთებისთვის საჭირო თანხა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ვერ მოხვდა.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ხიდის ქვეშ არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა. დასახელებულ ლოკაციაზე სკვერი არ დაგვხვდა. უფრო მეტიც, ინფრასტრუქტურა იმდენად დაზიანებულია, რომ მოსახლეობას ფეხით გადაადგილებაც კი უჭირს. იხ. ჩვენ მიერ გადაღებული ფოტო.

მარნეულის მუიციპალიტეტის ხიდი

აღსანიშნავია, რომ არც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელებულა. ჩვენ ამ თემაზე მიმდინარე წლის თებერვალში ვიმუშავეთ და გავარკვიეთ, რომ მერიამ 2022 წელს მხოლოდ ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის დაპირება არ შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი