ირაკლი კობახიძე: ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის წევრმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ.“
შეხვედრა, რომლის შესახებაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ბაკურიანში მართლაც გაიმართა. „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში გიორგი მშვენიერაძემ შეხვედრის შინაარსზე ისაუბრა: "ამ შეხვედრაზე განხილული იყო პროტესტის ის არაძალადობრივი ფორმები, რომელმაც შეიძლება აიძულოს ხელისუფლება, რომ ხალხის სასარგებლოდ გადადგას ნაბიჯები და მიხედოს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას." მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს აქციებზე, საინფორმაციო კამპანიაზე და არაძალადობრივი პროტესტის იმ ფორმებზე, რომლებიც დემოკრატიის დასაცავადაა საჭირო.
მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც გამოეხმაურა: „როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე სახის დაფარული შეხვედრა სასტუმროში ღიად, უამრავ ხალხთან ერთად და ამ ღია შეხვედრაზე რაიმე საიდუმლოებაზე საუბარი. ეს არის იმის ექო, ახლა რომ პრობლემა აქვთ, არ ვიცი, ვისთან აქვთ პრობლემა, რომ უკრაინაში წასვლა დაგეგმილია, მეტი გამოსავალი არ აქვთ და ახლა საუბრობენ გადატრიალებაზე.“
ირაკლი კობახიძის მხრიდან მსგავსი ბრალდება ოპონენტების მიმართ ადრეც გაჟღერებულა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია). მსგავსი ბრალდება საკუთარ თავში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით, შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, მართალია, მაშინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, გამოძიება უნდა დაიწყოს და სახელმწიფო გადატრიალებისა და დამხობის მომზადებაზე კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლოა.
უსაფუძვლო ბრალდებების ქრონოლოგიის შესახებ იხილეთ ნაწყვეტი ფაქტ-მეტრის სტატიიდან:
ე.წ. „საბურავების“ საქმე
აღნიშნულის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ე.წ. „საბურავების“ საქმე. 2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგეგმებოდა „ზონდერჯგუფების“ ჩამოყალიბება და ეს ჯგუფები ქვეყანაში აურზაურის გამოწვევას შეეცდებოდნენ.
ამის შემდგომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წარიმართა, რაც ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.
თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომვე განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, იურიდიული პირის, პოლიტიკური პარტიის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ე.წ. „საბურავების საქმის“ მსვლელობის დეტალები, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის.
გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის დაანონსება
ჯერ კიდევ 2013 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მიმართ საქმის აღძვრა დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, ბოკერიამ საქართველოს ბიუჯეტიდან
„ნაციონალური მოძრაობის“ პიარისთვის, ლობისტებზე, მხოლოდ 2012 წელს, 16 მილიონი ლარი დახარჯა. მისივე თქმით, ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნებოდა.
გიგა ბოკერია პროკურატურაში, მოწმის სახით, არაერთხელ დაიბარეს, თუმცა, საჯაროდ გავრცელებული ბრალდებების მიუხედავად, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
აღსანიშნავია, რომ საქმეს, რომელიც ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.
ბრალდებები ამბოხზე „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით
უახლოესი წარსულიდან საყურადღებო იყო მმართველი გუნდის ბრალდებები ოპონენტების წინააღმდეგ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ დრომდე ახსენებენ ამბოხს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სხვა მძიმე ბრალდებებს 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას. მიუხედავად ამისა, ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების (სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით) ბრალდებით ამ დრომდე არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
ირაკლი კობახიძე „ხელისუფლების აყირავების“ გეგმაზე
„ხელისუფლების აყირავების“ კიდევ ერთ მცდელობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე 4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი მტკიცებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიას, არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის მიერ აღწერილი გადატრიალების გეგმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, გავრცელებულ ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.
გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი კობახიძე ყოველგვარი დამაჯერებელი საფუძვლის გარეშე, საჯაროდ ავრცელებს ბრალდებებს, რაზეც გამოძიებაც არაა დაწყებული; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს აქამდე არაერთხელ მიუმართავს ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და კონსპირაციის გამოყენებით დისკრედიტაციისთვის, განსაკუთრებით, არჩევნების წინ, „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. ჩვენი მეთოდოლოგიიდან პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისთვის განკუთვნილი ვერდიქტები, ირაკლი კობახიძის განცხადებას არ მიესადაგება, ვინაიდან ეს განცხადება წარმოადგენს კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მოცემული განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ მიერ, შეფასდა ვერდიქტით ყალბი ამბავი.
გამოუძიებელ საქმეებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები არქივიდან:
• გამოუძიებელი საქმეების ქრონიკა - https://bit.ly/39gWbRf
• გამოუძიებელი საქმეების ქრონიკა (ნაწილი 2) - https://bit.ly/3u1ritC