ირაკლი კობახიძე: არც ეკონომიკა დაზარალდა და ჯანდაცვის კუთხით ოპტიმალური სურათი გვქონდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სურათი აქვს. 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. 1 მლნ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით კი მე-8 ადგილზეა. ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ჯანდაცვის კუთხით „ოპტიმალური სურათი“ გვქონდა, არის აბსურდული.
ამასთან, მტკიცება თითქოს ეკონომიკა არ დაზარალდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად, 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა. 2021 წელს, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა. წინასწარი შეფასებით, გასულ წელს რეალური მშპ 10.6%-ით გაიზარდა, თუმცა აღნიშნული დიდწილად საბაზისო ეფექტით არის განპირობებული. პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით - რეალური ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით არის გაზრდილი.
ანალიზი
„არც ეკონომიკა დაზარალდა და ჯანდაცვის კუთხით ოპტიმალური სურათი გვქონდა“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვა. „შარშან გვქონდა თითქმის 11%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამასთან ერთად გვქონდა ოპტიმალური სურათი ჯანდაცვის კუთხით. როგორც იცით, მსოფლიოს მასშტაბით იყო ძალიან მძიმე ვითარება. საქართველოში ციფრებზე ეს აისახა, თუმცა ოპტიმალური სურათის შენარჩუნება ჩვენ მოვახერხეთ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელთან ერთად, რაც იყო მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პანდემიის პირველ ეტაპზე, [2020 წლის გაზაფხული], ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 1 მლნ ადამიანზე გაანგარიშებით, COVID-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ ფასად, ეპიდემიის მასშტაბის მინიმუმზე შეენარჩუნებინა. შემდგომ კი ხელისუფლება ცდილობდა, შეექმნა ილუზია, თითქოს ეპიდვითარებას „წარმატებულად მართავდა“. რეალურად, კი 2020 წლის შემოდგომაზე ქვეყანა ვირუსის გავრცელების „წითელ ზონაში“ აღმოჩნდა, რასაც კვლავ მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით მოჰყვა. 2021 წლის გაზაფხულიდან, პრემიერის ცვლილების შემდეგ, ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გასული წლის ზაფხულის დასაწყისში კი, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის მინიმალური ნაწილიც კი არ იყო ვაქცინირებული, არსებული შეზღუდვები ერთბაშად გაუქმდა, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც გაუქმდა და შედეგად უკონტროლო ეპიდემიოლოგიური ვითარება მივიღეთ. ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში მთავრობა მეტად ორიენტირებული იყო არჩევნებზე, შესაბამისად პანდემიის მართვა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა.
2021 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების კატასტროფულად მაღალი რაოდენობა ფიქსირდებოდა. ნოემბრის ბოლოს 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს. Worldometers-ის მონაცემებით, 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. საქართველოზე უარესი შედეგი მხოლოდ - პერუს, ბულგარეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს აქვთ.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო მხოლოდ 1.2 მლნ პირი, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს შეადგენს. აღნიშნული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და უმოქმედობის შედეგია, კერძოდ, საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ვაქცინებისადმი ნდობა და ვაქცინებზე მოთხოვნა უნდა გაეზარდა, დაგვიანებით დაიწყო. დაგვიანებით შემოიტანეს ვაქცინაც, თანაც ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ იყო. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა - ერთი მხრივ, ვაქცინებისადმი ნდობის გაჩენა მოქალაქეებში, რადგან ვაქცინის ჩამოტანას ვერ ახერხებდა, ხოლო როცა ჩამოიტანა - ვაქცინებისადმი ნდობისა და მოთხოვნის არარსებობა პირდაპირ აისახა ვაქცინაციის ტემპზეც. მთავრობამ ვერც შემდგომ პერიოდში უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება.
გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაგვიანებული იყო, ის არათანმიმდევრულიც იყო. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი გვქონდა, ეპიდემიოლოგები რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის აუცილებლობასა და სავალდებულოობაზე საუბრობდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო განცხადებებს აკეთებდა, რომ „სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებდა“. (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ამ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის დონე კრიტიკულად დაბალია, რაც, დიდწილად, მავნე დეზინფორმაციის შედეგია, მნიშვნელოვანია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ამ დროს, პრემიერი კვლავ ანტივაქსერულ განწყობებს აღვივებს და აცხადებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინები ინფიცირებისგან არ იცავს, რითაც ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისედაც სკეპტიკურ განწყობებს, კიდევ უფრო აძლიერებს.
პანდემიის პერიოდში მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკა ეკონომიკაზე შესაბამისად აისახა. 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით შემცირდა, რაც დიდწილად ხელისუფლების მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. გასულ წელს ეკონომიკურ შეზღუდვების შემსუბუქებას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო ზრდამ 10.6% შეადგინა. 2021 წლის „მაღალი“ ზრდა კი საბაზო ეფექტით გამოწვეული ტექნიკური სიდიდეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკის რეალური ზრდა 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 3%-ს შეადგენს, რაც წარმატების მაგალითი ნამდვილად არ არის.