საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია და ჯანდაცვის სექტორს ეპიდემიის მართვა ძალიან უჭირს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საშუალოდ, ყოველდღიურად, ინფიცირების 4 ათასი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგების განმარტებით, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მაღალია და COVID-19-ით დღეში 10 ათასამდე ადამიანი მაინც ინფიცირდება. ასევე, გარდაცვლილთა რაოდენობაც, კრიტიკულად გაიზარდა. ყოველდღიურად საშუალოდ COVID-19-ით ინფიცირებული 40-მდე პაციენტი იღუპება. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იყო დაფიქსირებული.
პანდემიის პირველ ეტაპზე, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, თუ საქართველოს ევროპის მასშტაბით ვირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, შემოდგომაზე სიტუაცია შეიცვალა და ქვეყანა ე.წ. წითელ ზონაში გადავიდა. 22 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების [1] მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით სურათი ახლაც ანალოგიურია.
3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველო, სადაც ვირუსის ეპიდაფეთქება რეალურად შემოდგომაზე დაიწყო, პანდემიის პერიოდში, 1 მლნ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური ოდენობით, მსოფლიოში მე-17 ადგილს იკავებს. გარდაცვალების მონაცემებით, შედარებით უკეთესი სტატისტიკა აქვს, 1 მლნ მოსახლეზე [2] 348 გარდაცვალება, ამ მაჩვენებლით ის 45-ე ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული პაციენტების მესამედზე მეტი მკურნალობას სახლში ან კოვიდ სასტუმროში გადის. 3 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 655-ია, აქედან სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ, მხოლოდ 6 561 პირია.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ სტატიაში მიმოიხილავს, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველო კრიტიკულად მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში და რა შეცდომები იქნა დაშვებული.
2 თვით ჩაკეტილი ქვეყანა, ანუ როგორ მოვახერხეთ ეპიდემიის შეკავება
კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ვირუსის გავრცელების შეკავებაზე იყო ორიენტირებული და პრევენციისთვის აგრესიულ ზომებს იღებდა. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ იყო. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყნებს მყისიერი და აგრესიული ქმედებისკენ მოუწოდა. 17 მარტს ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგარეო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ვირუსის შესაკავებლად, ბევრმა ქვეყანამ მკაცრ შეზღუდვებს მიმართა და საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა (ამ მხრივ გამონაკლისი შვედეთი იყო). საწყის ეტაპზე ეს შეიძლება გამართლებულიც იყო, რადგან ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა. ქვეყნებს დროის მოგება სჭირდებოდათ, რათა დაგროვილი ცოდნა პანდემიის უკეთ სამართავად გამოეყენებინათ.
ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 1 მლნ ადამიანზე გაანგარიშებით, COVID-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ ვირუსი საქართველოში შედარებით გვიან შემოვიდა და საქართველომ ზომების გამკაცრება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე დაიწყო. ამასთან, თუ სხვა ქვეყნებმა ეპიდაფეთქების შემდგომ მიიღეს მკაცრი ზომები და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, საქართველომ მანამდე ჩაკეტა ქვეყანა, სანამ ვირუსი გავრცელდებოდა.
ქვეყანაში პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე, 28 იანვარს, კორონავირუსთან დაკავშირებით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭო მთავრობის წევრების, პარლამენტის წევრების, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება. 29 იანვარს ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა. 23 თებერვალს კი, საქართველომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.
საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. აღნიშნული მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში საზღვრიდანვე გადაიყვანეს. საქართველოში ვირუსის შემდგომი გავრცელება ძირითადად იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.
1 მარტს სასწავლო პროცესი სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში შეჩერდა. ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გაიცა. ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა იყო დადასტურებული. 6 მარტიდან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 12 მარტიდან, საჯარო და კერძო სამსახურები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ზომები ეტაპობრივად მკაცრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევა იყო. 21 აპრილს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. საყოველთაო კარანტინის პერიოდში, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო.
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებისა, რომ ეკონომიკასა და ინფიცირების გავრცელების შემზღუდავ ქმედებებს შორის ბალანსი უნდა ყოფილიყო დაცული, მიღებული გადაწყვეტილებებიდან ჩანდა, რომ პრიორიტეტი, ნებისმიერ ეკონომიკურ ფასად, ეპიდემიის მასშტაბის მინიმუმზე შენარჩუნება იყო. მკაცრი რეგულაციის პირობებშიც კი, არსებობს გონივრული ზღვარი, რომლის გადაბიჯების ეკონომიკური ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მიღებული დამატებითი დადებითი ეპიდემიოლოგიური შედეგი. ხელისუფლებამ აკრძალა ისეთი ეკონომიკური აქტივობებიც კი, რომლებიც მომეტებული რისკის მატარებელი არ იყო. ამის მაგალითი არასასურსათო პროდუქციით ონლაინვაჭრობაა. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაციის მსგავსი ფორმით განხორციელებისას ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია და დასაქმების ნაწილობრივ შენარჩუნება შეიძლებოდა, ამ მიმართულებით შემოღებულმა ზედმეტად მკაცრმა რეგულაციამ (თანაზომადი შედეგის მიღების გარეშე), ეს ეკონომიკური აქტივობაც შეაჩერა. სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდა და დღის წესრიგში შეზღუდვების გამკაცრების აუცილებლობა დადგა, თუმცა ეკონომიკისათვის, პანდემიის პირველ ეტაპზე მიყენებული ზიანის პირობებში, ანალოგიური მკაცრი შეზღუდვების კვლავ დაწესება, სერიოზული ეკონომიკური რისკის მატარებელია.
მწვანე ზონა და ზაფხულის თვითკმაყოფილება
მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველო ეპიდემიოლოგიურად ე.წ. მწვანე ზონა იყო. ზაფხულში შეზღუდვები პრაქტიკულად მოიხსნა, რასაც ხალხმრავალი ღონისძიებები მოჰყვა. ჩაკეტილი საზღვრებიდან გამომდინარე, დაიწყო შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილობა. მთავრობა, გარკვეულწილად, მოდუნდა და თვითკმაყოფილებას მიეცა, მეტიც - რიგ შემთხვევაში თვითონ არღვევდა რეკომენდაციებს. კიკვიძის პარკის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ცოტათი ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ ორას ადამიანზე, თბილისელები გვაპატიებენ“. ზაფხულში, 15 ივლისს გაიხსნა დენდროლოგიური პარკიც, სადაც გახსნის დღიდან ხალხმრავლობა და რიგები იყო. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, წესები არ იყო დაცული, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ევროკავშირის საბჭომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და 1 ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები შეინარჩუნა, თუმცა ქვეყნის შიგნით სიტუაცია, პრაქტიკულად, მიშვებული იყო. 1 აგვისტოდან საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა, თუმცა, გარკვეული რეგულაციები მაინც დააწესა. აღსანიშნავია, რომ ამ რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ყოველგვარი წინაპირობის (კარანტინის, თვითიზოლაციის და კოვიდანალიზის ცნობის) გარეშე შეეძლოთ, ხოლო იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, 14-დღიანი კარანტინის გავლა უწევდათ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სექტემბრიდან ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას აანონსებდა. ანალოგიურად, საქართველოში ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე ვირუსის ახალ ტალღას ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდნენ. 15 ივნისს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებდა, რომ ზაფხულში ვირუსის გავრცელება შესუსტდებოდა და ოქტომბერ-ნოემბერში მეორე ტალღა იქნებოდა. შემოდგომაზე რესპირატორული დაავადებების მატება ვირუსის ეპიდაფეთქებას მოსალოდნელს ხდიდა. ამას ისიც დაემატა, რომ ზაფხულის სეზონზე შეზღუდვები, ფაქტობრივად, არ მოქმედებდა და ქვეყანაში შიდა ტურიზმისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილობა გვქონდა.
პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა, რასაც ჯანდაცვის სექტორი გვთავაზობს, პირბადის ტარება, ხელების ჰიგიენის და სოციალური დისტანციის დაცვაა. აღნიშნული წესები ზაფხულის პერიოდში, პრაქტიკულად დაცული არ იყო. ხელისუფლების მხრიდან კრიზისის ეფექტურ მენეჯმენტზე მუდმივმა აპელირებამ მოსახლეობას უსაფრთხოების ილუზია შეუქმნა. იმ ფონზე, როცა შემოდგომაზე ვირუსის ეპიდაფეთქება მოსალოდნელი იყო და ქვეყნის ეკონომიკასაც მკაცრი შეზღუდვების რესურსი აღარ ჰქონდა, ზაფხულის „თვითკმაყოფილება“ ყველაზე დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
ოქტომბრის არჩევნები და კრიტიკული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის არ აღიარება
საქართველოში, სექტემბრის დასაწყისიდან, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი აჭარის რეგიონი გახდა. 10 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „პანდემიის მეორე ტალღა იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია“.
საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ყოველდღიურად, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ათეულის ფარგლებში მერყეობდა. სექტემბრიდან ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. სექტემბრის ბოლოსკენ ყოველდღიურად 300-მდე ახალი შემთხვევა დასტურდებოდა. ოქტომბრის პირველ ნახევარში, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ზე მეტი იყო, ოქტომბრის ბოლოსთვის კი, დღეში საშუალოდ 1700-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ასევე მკვეთრად იზრდებოდა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან „გვარწმუნებდა“, რომ „სრული გახსნის პირობებში, ეკონომიკის სრული გახსნის პირობებში, საზღვრების ფართოდ გახსნის პირობებში, კოვიდის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს“.
ოქტომბერში საქართველომ ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა. 7 ოქტომბერს, გერმანიამ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. 21 ოქტომბრის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.
არჩევნებამდე მთავრობა ზომების გამკაცრებას არ აპირებდა და მინიმალური/წერტილოვანი შეზღუდვებით შემოიფარგლებოდა. ოქტომბერში, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, სასწავლო პროცესი განახლდა. სწავლის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლების გადაწყვეტილება, ეპიდვითარების განსაკუთრებული სიმძიმის გამო, აჭარაზე თავიდანვე არ გავრცელდა, თუმცა მალევე სასწავლო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბითაც დისტანციურ რეჟიმში დაბრუნდა. წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ე.წ. „ლოქდაუნი“, ანუ მკაცრი და მასშტაბური შეზღუდვები, არ იქნებოდა.
თუ წინასაარჩევნოდ მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებას „წარმატებულად“ მართავდა და საგანგაშო არაფერი იყო, უკვე ნოემბერში, როდესაც საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა, მთავრობამ კრიტიკული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ოპოზიციას და ხალხს გადააბრალა. 24 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „ინფიცირების შემთხვევების ზრდა უპასუხისმგებლო აქციებს უკავშირდებოდა“. ანალოგიური განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს ქვეყანა უკვე ვირუსის გავრცელების წითელ ზონაში იყო და ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში, საქართველოში დღეში 3-4 ათასი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაფასა, როგორც ძალიან რთული და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა, მათ შორის ადამიანური რესურსი, ვეღარ უძლებს. ეპიდემიოლოგმა თავის საუბარში ყურადღება გაამახვილა, რომ ზაფხულში სიტუაცია მიშვებული იყო, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონში - აჭარაში. „არავინ არ იცავდა უსაფრთხოების წესებს (პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა) და შეცდომა იყო, რომ არ მოვითხოვეთ ღონისძიებების გამკაცრება“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
პანდემიის ე.წ. პირველი ტალღის მძიმე და რადიკალური შეზღუდვების მიზანი იყო, რომ ხელისუფლებას, მეორე ტალღისა და პანდემიის ფართო გავრცელების შესაკავებლად, ეფექტური მობილიზება მოეხერხებინა. აქ იგულისხმება, რომ ხელისუფლებას უნდა მოემზადებინა საწოლფონდი, ჟანგბადის აპარატები, ბინაზე მკურნალობის ეფექტური მეთოდები, ცხელი ხაზი მაქსიმალურ დატვირთვაზე სამუშაოდ, მომზადებულიყო მასობრივი ტესტირებისთვის, შეემუშავებინა ქვეყანაში კოვიდის გარდა სხვა სამედიცინო საჭიროებების მართვის გეგმა და ა.შ. პანდემიის მართვაში ხელისუფლებას, თვითკმაყოფილების, ცრუ ეიფორიის და ილუზიების შექმნასთან ერთად, სწორედ მოსამზადებელი დროის არაეფექტურ გამოყენებას უწუნებენ. წინასაარჩევნოდ, მთავრობა მოსახლეობას ეპიდსიტუაციის ეფექტურად მართვის ილუზიას უქმნიდა. ამასთან, ხელისუფლებამ დროის მოსაგებად, ეკონომიკა საფრთხის ქვეშ დააყენა, თუმცა, შემდგომ ეს დრო არ გამოიყენა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამ არგუმენტებს არ იზიარებს. ამირან გამყრელიძის თქმით, მზადების პერიოდი კრიზისის მართვაში გამოიყენეს, თუმცა პანდემიის მასშტაბი, უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ და სწორედ ამან გამოიწვია ის პრობლემები, რაც ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას თან ახლავს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სისტემური შეცდომები კრიზისის მართვაში არ დაუშვიათ და პანდემია, სხვადასხვა ეტაპზე, ეფექტიანად და ადეკვატურად მართეს.
ხელახალი „ლოქდაუნი“
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თანახმადაც, 2 თვის განმავლობაში (28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით) ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა: გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; აიკრძალა საქალაქთაშორისო მოძრაობა (მგზავრთა გადაყვანა); დაიხურა: რესტორნები და კვების ობიექტები (მხოლოდ მიტანის სერვისი იმუშავებს); ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები; აიკრძალა ყველა სახის კონფერენცია, ტრენინგი, კულტურული, გასართობი ღონისძიება (დასაშვებია მხოლოდ ონლაინ);
ამასთან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა და დაიხურა სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა). დაიხურა ღია და დახურული ბაზრობები, გარდა აგრარული ბაზრებისა; ამასთან, ზამთრის/სათხილამურო კურორტები 31 იანვრის ჩათვლით დაიხურა. 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში, ქვეყანაში ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. შეზღუდვები გარკვეული შემსუბუქდება საახალწლო პერიოდში (24 დეკემბერი - 2 იანვარი). ქვეყნის მასშტაბით აღდგება ტრანსპორტის მუშაობა და იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები.
კრიტიკულად მძიმე ეპიდსიტუაციის გამო შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო. საქართველოს მთავრობის მიერ, პანდემიის საწყის ეტაპზევე გრძელვადიანი და საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების გატარების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის სერიოზული დამძიმების შემთხვევაში (რაც დღეს რეალობას წარმოადგენს), მკაცრი შეზღუდვების შედარებით უმტკივნეულოდ გატარების შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შემცირდა. გრძელვადიანად და ხშირად ჩაკეტვის რესურსი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ეკონომიკას არ აქვს. რაციონალურობის ფარგლებში, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ მცირემასშტაბიანი ლოქდაუნის შემოღებაა დასაშვები. შედარებით უკეთესი ეპიდსიტუაციის პირობებში გამოვლენილმა ხისტმა რეაგირებამ, ეკონომიკა იმდენად დააზარალა, რომ გაუარესებული ეპიდსიტუაციის პირობებში, საჭირო შეზღუდვების დაწესებას, ქვეყნის ეკონომიკა მკვეთრად შემცირებული უსაფრთხოების ბალიშით ხვდება.
[1] იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი სწორად შეფასდეს, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე გაიანგარიშება
[2] ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორად შესაფასებლად დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 1 მლნ მოსახლეზე გაიანგარიშება (მსგავსად, როგორც 100 ათას მოსახლეზე)