ირაკლი კობახიძე: თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მართლაც მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, მაშინ მმართველ გუნდს აღნიშნული მოსაზრება არ გაუთვალისწინებია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც არ იქნა გათვალისწინებული.
გასული წლის ბოლოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე, კვლავაც არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მოამზადა და დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება იქმნება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მანიპულირებაა. ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ცდილობს, შთაბეჭდილება შექმნას, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. სინამდვილეში, მმართველმა გუნდმა, როგორც ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, ისე ამავე უწყების გაუქმებაზე კანონპროექტის მომზადებისა თუ მიღების პროცესში, არასამთავრობო სექტორის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და მოწოდება უგულებელყო და არ გაითვალისწინა.
ანალიზი
გასული წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, იქმნება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, სამოქალაქო საზოგადოების - არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველი გუნდის ინიციატივა სამსახურის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნიეს.
ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასებაც საკმაოდ მწვავე იყო. 3 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ თემას 19 იანვარს „ღამის კურიერში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ სამსახურს უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით. ,,თავის დროზეც იყო რეკომენდაცია, რომ ამ უწყებას უნდა ეფუნქციონირა ორი დამოუკიდებელი უწყების სახით. გუნდის შიგნით მეც ვიყავი ამ პოზიციის მომხრე თავის დროზე, როცა პოლიტსაბჭოში განიხილებოდა ეს საკითხი და გარეთაც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო რეკომენდაციებიც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერდნენ სწორედ ორი დამოუკიდებელი უწყების სახით ამ ინსტიტუციის არსებობას“ - განაცხადა მან. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილების ინსტიტუციურ ნაწილზე - ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებაზე, არავინ დავობს.
ირაკლი კობახიძის განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.
სამოქალაქო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 2015 წელს შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული.
2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, 2019 წლის 1 ნოემბრიდან კი უწყებამ მოქმედება დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მართლაც მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გარდა ამისა, არსებობდა კიდევ სხვა მთელი რიგი პრობლემური საკითხები (რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებდნენ), რომლებიც მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა. კერძოდ, მთავარ პრობლემებს შორის იყო:
• შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების არქონა;
• გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის შენარჩუნება იმ უწყებებისთვის, რომლის წარმომადგენლების მხილებული არიან დანაშულის სავარაუდო ჩადენაში;
• სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე საქართველოს პროკურატურისთვის საპროცესო ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნება.
სამსახურის ამოქმედების შემდეგ მასზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა. თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, საერთაშორისო აქტორები და თვითონ - სახელმწიფო ინსპექტორიც.
სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე მიუთითებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილება, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა იყო, თუმცა პარლამენტს ამ წინადადების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს. უწყების განცხადებით, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში არ მოისმინა.
საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა, ისე დაამტკიცა ცვლილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, რომ თითქმის არცერთი არსებული რეკომენდაცია, რომელიც უწყების გაძლიერებას ეხებოდა, არ გაითვალისწინა.
მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე სახალხო დამცველი და მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის რამე შინაარსობრივ სიახლეს არ გვთავაზობს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ პასუხობს.
2021 წლის 30 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე მოკლე მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. „„ქართული ოცნების” წევრებმა ცვლილებების ინიციირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს. ნამდვილი მიზანი კი, როგორც ჩანს, არა რეალური რეფორმის ჩატარება, არამედ სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, მიღებული ცვლილებები არ პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაცემულ რეკომენდაციებს. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ცვლილებებში უნდა ასახულიყო შემდეგი რეკომენდაციები:
1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან ( მაგ. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესების სრულყოფა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, არასრულწლოვან პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დადგენა და ა.შ.)
3. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერება, რაც პირველ რიგში უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობისა და მისი მანდატის ზრდას გულისხმობს. უწყების გამომძიებელი აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების საკმარისი გარანტიებით. ასევე, უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებით, მათ შორის ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვისა და სხვა საკითხებზე.
4. დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურისათვის დევნის ფუნქციის მინიჭება.
5. სახელმწიფო ინსპექტორის არა უბრალო უმრავლესობით არჩევა, არამედ მაღალი კვორუმით, რაც უზრუნველყოფდა პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას და გაზრდიდა ინსპექტორის ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს.
სიახლე გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. მისი შეფასებით, კანონში შესული ცვლილებები „არ გვთავაზობს რამე შინაარსობრივ სიახლეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადგილზე იქმნება 2 ახალი ორგანო და მხოლოდ მიზერულად იზრდება საგამოძიებო იურისდიქცია. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურაზე დამოკიდებულების კუთხით არ არის რამე სიახლე შემოთავაზებული (რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა დღესდღეობით). ამის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტის მიხედვით პროკურატურის თანამშრომლები აღარ მოექცევიან სამსახურის საგამოძიებო მანდატის ქვეშ“.
დასკვნა
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები - როგორც გასული წლის დეკემბერში, ცვლილებების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, ისე 2018 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს, უგულებელყო. მათ შორის, თავის დროზე, არ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაცია ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რამდენადაც მაშინ ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საკანონმდებლო ორგანომ რატომღაც „ვერ დაინახა“.
ამის ფონზე, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მანიპულირებაა. მსგავსი ტიპის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ერთი მხრივ სამსახურთან დაკავშირებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურებოდა და ემსახურება; მეორე მხრივ კი, მმართველი გუნდი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.
სინამდვილეში, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და თავად, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, არამედ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებებიც - შეჩერებულიყო დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე მიმდინარე კანონპროექტის მიღების პროცესი.
საბოლოოდ, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო ინსპექტორის ბოლოდროინდელ კრიტიკულ გამოხმაურებებსაც [1] სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებზე, დახურულ კარს მიღმა მომზადებული და დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები (რომელიც არავითარ მნიშვნელოვან სიახლეს არ გვთავაზობს უწყების გაძლიერების კუთხით), მმართველი გუნდის მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს. კრიტიკული შეფასებებისა და განსხვავებულ აზრის საპასუხოდ სამაგიეროს გადახდასა და ერთგვარ დასჯაზე მიუთითებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო პარტნიორები.
[1] მაგალითად, ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა და ფარული მიყურადების/თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებაზე გამოხმაურება; მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციური სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრება.