ირაკლი კობახიძე: არავითარი სამსახური არ გაუქმებულა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე:
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის, საგამოძიებო ფუნქციების კუთხით, სხვაობა ფაქტობრივად მინიმალურია. ამასთან, ცვლილებების შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში შემატებული მუხლებით განსაზღვრული დანაშაულები არ მოექცევა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსჯადობაში, თუ ეს დანაშაულები პროკურორის მიერ არის ჩადენილი. ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების შემცირებად შეიძლება შეფასდეს. სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ერთი მხრივ, ცვლილებები დამოუკიდებელი ინსტიტუტის მდგომარეობას არ აუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფორმა - რა ფორმითაც ეს ცვლილებები მიიღეს, კანონშემოქმედების დემოკრატიულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
ანალიზი:
2021 წლის 22 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და მომიჯნავე კანონებში შესატანი ცვლილებათა პაკეტი დააინიციირა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ცვლილებათა პაკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი უწყების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, შექმნას ითვალისწინებდა.
30 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები მაინც მიიღო. კანონპროექტით განსაზღვრული ნორმები 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
2022 წლის 3 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა. საელჩოს შეფასებით, „მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა“. მათივე თქმით, „საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“. განცხადების მიხედვით, „ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“.
2022 წლის 4 იანვარს აშშ-ის საელჩოს განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საელჩოს განცხადების შინაარსი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს და არასამართლიანია. აღნიშნული კობახიძემ ადამიანური შეცდომებით ახსნა და დასძინა: „არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორ ნაწილად გაყოფა და არათუ არ შემცირებულა კომპეტენციები, პირიქით, გაფართოვდა ჯამურად ამ სამსახურის უფლებამოსილებები“. მისივე თქმით, „არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ!“.
რა იცვლება კანონპროექტის მიღების შემდეგ.
ცვლილებების მიღებამდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში შედიოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; ასევე, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი რიგ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა ან/და გადამეტების და განმარტების, ჩვენების დასკვნის მიცემის იძულების მუხლებით განსაზღვრული დანაშაულები.
ცვლილებების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არსებული ფორმით გაუქმდა. მის ნაცვლად, შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს უფლებამოსილებებში მოექცა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციები.
რაც შეეხება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მის დაქვემდებარებაში მოექცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ჩადენილი ზემოხსენებული დანაშაულების გამოძიება. ამასთან, საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებას დაემატა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლების და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული რიგი დანაშაულები.
არასამთავრობო ორგანიზაციის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, გურამ იმნაძის განმარტებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებას შემატებული დანაშაულების დიდი ნაწილი ან ისედაც შედიოდა ინსპექტორის განსჯადობაში, ან ისინი, უბრალოდ, „მკვდარი მუხლებია“. მისი შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებაში ახალი მუხლების დამატებით „უბრალოდ უნდათ გვაჩვენონ, თითქოს როგორ ფართოვდება სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია, რაც არ არის სიმართლე. მით უმეტეს, რომ ამ დამატებითი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული თუ პროკურორების მიერაა ჩადენილი, ინსპექტორს მათი განსჯის და გამოძიების უფლება არა აქვს“.
სახალხო დამცველის შეფასებით, კანონში შესული ცვლილებები „არ გვთავაზობს რამე შინაარსობრივ სიახლეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადგილზე იქმნება 2 ახალი ორგანო და მხოლოდ მიზერულად იზრდება საგამოძიებო იურისდიქცია. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურაზე დამოკიდებულების კუთხით არ არის რამე სიახლე შემოთავაზებული (რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა დღესდღეობით). ამის საწინააღმდეგოდ, კანონპროექტის მიხედვით პროკურატურის თანამშრომლები აღარ მოექცევიან სამსახურის საგამოძიებო მანდატის ქვეშ“.
კანონში შესული ცვლილებების მიმართება არსებულ რეკომენდაციებთან
საყურადღებოა ისიც, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე სახალხო დამცველი და მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მიღებულ ცვლილებებში გათვალისწინებული არ არის არცერთი აქამდე უკვე არსებული რეკომენდაცია, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულები უფრო ეფექტიანად გამოძიების საკითხს ეხება.
2021 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების მიხედვით, 24 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა იყო, თუმცა პარლამენტს ამ წინადადების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს. მათივე თქმით, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში არ მოისმინა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით მომზადდა და ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
„რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ლონდა თოლორაიამ განმარტა, თუ რას შეეხებოდა მათი მიერ მომზადებული კანონპროექტი. მისი თქმით, ცვლილებამდელი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა არ ვრცელდება გენერალურ პროკურორზე, შინაგან საქმეთა მინისტრზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, ამგვარი გამონაკლისები არ უნდა იყოს. სახლელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, სწორედ ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებულ ცვლილებებს გულისხმობდა. ინსპექტორის სამსახურის მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებები ევროსაბჭოს რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.
ასევე, ახალი კანონით უნდა შექმნილიყო მყარი გარანტიები იმისათვის, რომ უწყებებიდან აღარ მომხდარიყო მტკიცებულებების მოწოდების გაჭიანურება. შექმნილიყო ასევე უფრო მყარი გარანტიები იმისა, რომ ხვალ და ზეგ ამ სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც იქნებიან არჩევით თანამდებობაზე, ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის წინაშე აღარ აღმოჩნდნენ.
2021 წლის 30 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე მოკლე მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. „ქართული ოცნების” წევრებმა ცვლილებების ინიციირება არსებული გამოწვევების შესწავლისა და კონსულტაციების გარეშე განახორციელეს და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს. ნამდვილი მიზანი კი, როგორც ჩანს, არა რეალური რეფორმის ჩატარება, არამედ სტრუქტურის მექანიკური დაშლა და თანამდებობაზე ახალი პირების არჩევაა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, მიღებული ცვლილებები არ პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაცემულ რეკომენდაციებს. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების და დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ცვლილებებში უნდა ასახულიყო შემდეგი რეკომენდაციები:
1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ რეგულაციებთან ( მაგ. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების წესების სრულყოფა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, არასრულწლოვან პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დადგენა და ა.შ.)
3. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერება, რაც პირველ რიგში უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობისა და მისი მანდატის ზრდას გულისხმობს. უწყების გამომძიებელი აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების საკმარისი გარანტიებით. ასევე, უნდა სარგებლობდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებით, მათ შორის ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიებების, სასამართლოში მოწმეთა გამოკითხვისა და სხვა საკითხებზე.
4. დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურისათვის დევნის ფუნქციის მინიჭება.
5. სახელმწიფო ინსპექტორის არა უბრალო უმრავლესობით არჩევა, არამედ მაღალი კვორუმით, რაც უზრუნველყოფდა პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას და გაზრდიდა ინსპექტორის ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლებამოსილების უმნიშვნელო გაფართოების გარდა, საგამოძიებო კუთხით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის არსებითი განსხვავება არ არის. აღნიშნული მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, კიდევ უფრო გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის. მეტიც, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო რიგგარეშე სესიაზე ცვლილებების დაჩქარებული წესით და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე მიღება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ინიციატორები ცვლილებების საჭიროებას ეფექტური რეფორმების გატარების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ხსნიან. კერძოდ, ისინი აპელირებენ 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციაზე, რომელიც ერთი უწყების ფარგლებში საგამოძიებო ფუნქციებისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის კონტროლის ფუნქციის თავმოყრას არამართებულად მიიჩნევდა. როგორც ცნობილია, 2018 წელს ხელისუფლებამ ზემოხსენებული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა 3 წლის დაგვიანებით ისეთი ცვლილებების მიღება, რომელშიც მხოლოდ ეს რეკომენდაცია არის ასახული, ხოლო სხვა დანარჩენი რეკომენდაციები კვლავ ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
ასევე, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ახალი კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში, როცა იმავე პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორმაც წარადგინა შესაბამის კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელისუფლების მიერ ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მუშავდებოდა და სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეალურ გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
საბოლოო ჯამში, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ცვლილებების შედეგად შექმნილი სამსახურების უფლებამოსილებები ჯამურად გაფართოვდა, არის ფაქტებით მანიპულირება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის, საგამოძიებო ფუნქციების კუთხით სხვაობა ფაქტობრივად მინიმალურია. ამასთან, ცვლილებების შემდეგ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში შემატებული მუხლებით განსაზღვრული დანაშაულები არ მოექცევა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსჯადობაში, თუ ეს დანაშაულები პროკურორის მიერ არის ჩადენილი. ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების შემცირებად შეიძლება შეფასდეს.
სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ერთი მხრივ, ცვლილებები დამოუკიდებელი ინსტიტუტის მდგომარეობას არ აუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ცვლილებები მიიღეს, კანონშემოქმედების დემოკრატიულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ზემოხსენებული კითხვები, რომელიც ხელისუფლებამ პასუხგაუცემელი დატოვა, კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს, რომ განხორციელებული ცვლილებების რეალური მიზანი არა დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის გაძლიერება, არამედ კონკრეტული უწყების მოშლა და მასზე საკუთარი გავლენის გავრცელება იყო.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ხელისუფლებამ ცვლილებების მიღების პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების მოწოდებები, ფაქტობრივად არ გაითვალისწინა. მსგავსი მნიშვნელობის თემაზე ფართო საჯარო დისკუსიის დაწყებისა და შესაბამისი მხარეების სამუშაო პროცესში ჩართვის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნებისმიერ გამოთქმულ კრიტიკას აგრესიით პასუხობდნენ. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენს, ირაკლი კობახიძის განცხადების ის ნაწილი, სადაც აშშ-ის საელჩოს მწვავე კრიტიკას ადამიანური შეცდომით გამოწვეულ გაუგებრობად წარმოაჩენს და მას ამერიკის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობის შერყევაში ადანაშაულებს.
ცვლილებებთან დაკავშირებით, ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები
25 დეკემბერს ინიციირებულ ცვლილებებს მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ინსპექტორის სამსახურისთვის „ინტერპრესნიუსიდან“ გახდა ცნობილი, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით, დაინიიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ“. მისივე თქმით, 9 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე საქართველოს პარლამენტთან ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიიცირების გამო, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა, თუმცა პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებული ფორმით გაუქმების ინიციატივის შესახებ არაფერი თქმულა.
26 დეკემბერს ცვლილებათა პაკეტს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. 16 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:
„მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიციირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება“.
27 დეკემბერს დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. განცხადების მიხედვით, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი, შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს - სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ზემოხსენებული ტიპის შემთხვევას არ განეკუთვნება, რადგან ცვლილებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტობრივად არ იცვლება. ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს.
27 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, „მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიციირება და დაჩქარებული წესით განხილვა!“. ასევე, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის შეწყვეტისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის პარლამენტში საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საშუალების მიცემისკენ მოუწოდა.
ადგილობრივ აქტორებთან ერთად, ცვლილებებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც გამოეხმაურნენ. 27 დეკემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე შეშფოთება გამოთქვა.
28 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა საქართველოს პარლამენტის ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ის ზიანს მოუტანს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. მან საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
28 დეკემბერს ცვლილებებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი გამოეხმაურა. მისი შეფასებით:
„ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად და, შესაბამისად, კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საკვანძო ინსტიტუტს წარმოადგენს. ევროკავშირი ჩართული იყო ამ სამსახურის შექმნაში და მის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ინვესტირება მოახდინა. ამიტომ, ჩვენ ამ ქმედებებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლების პარლამენტთან ურთიერთქმედება შესაძლებელი არ აღმოჩნდა“.
2022 წლის 5 იანვარს 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ კიდევ ერთი, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს. მანამდე, 2021 წლის 29 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადების საჭიროებაზე სახალხო დამცველმა გაამახვილა ყურადღება.
მოწოდებების მიუხედავად, 13 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ხელი მოაწერა.
დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულმა ცვლილებებმა ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, რომ ნაჩქარევი ცვლილებების ერთადერთი მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე მთავრობის გავლენების გაზრდა იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ცვლილებებთან დაკავშირებულ როგორც შინაარსობრივ, ასევე პროცესუალურ კითხვებს არგუმენტირებული პასუხები ვერ გასცა. მეტიც, რიგ შემთხვევებში, საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული რიტორიკით და თავდასხმით პასუხობდნენ.