სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ანგარიში გამოაქვეყნა.
მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესში თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მუნიციპალიტეტი საკუთარი უფლებამოსილებების უკეთ განსახორციელებლად არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს - ა(ა) იპ-ებს, აფუძნებს. ჩვეულებრივ, აღნიშნულ ორგანიზაციებს თვითმმართველობები კონკრეტულ სფეროში (მაგალითად კულტურა, ჯანდაცვა, სპორტი და ა.შ.) ქმნიან, რათა მოსახლეობამ უფრო ხარისხიანი სერვისით სარგებლობა შეძლოს. ა(ა)იპ-ების დაფუძნების ძირითადი უპირატესობები ის არის, რომ ისინი კონკრეტული სერვისის მიწოდებაზე არიან სპეციალიზებული და ნაკლები ბიუროკრატიით გამოირჩევიან. ამასთანავე, მათი დაფუძნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ იგი საქმიანობის უფრო ეფექტიანად, პროდუქტიულად და ეკონომიურად წარმართვას უზრუნველყოფს.
ჩვენ აუდიტის ანგარიშიდან რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დაფინანსება და საქმიანობის სფეროები
აუდიტის საფუძველზე თვითმმართველი ერთეულებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 64 მუნიციპალიტეტში შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა 723 ა(ა)იპ, რომელთა ჯამური გადასახდელები იმავე წელს 714 861 400 ლარი იყო, რაც ადგილობრივი ბიუჯეტების მთლიანი გადასახდელების 28%-ს შეადგენდა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, იურიდიული პირების საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ გვხდება. მსგავსი სურათი განსაკუთრებით არის დამახასიათებელი კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა.შ.). აუდიტის დასკვნის მიხედვით, ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა) იპების დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და ხშირია მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია. მთლიანობაში, 2014-2019 წლებში, დასახული მიზნის მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. შესაბამისად, მათ დაფინანსებაზე გადახდილი 61 591 800 ლარი, აუდიტორების მიერ შეფასებულია, როგორც არაეფექტური ხარჯი.
აღნიშნული დასკვნის მიხედვით, 2019 წლისთვის მუნიციპალიტეტებში 67 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა, რომელთაც საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და ა.შ) არ გააჩნდათ. ისეთი ორგანიზაციის დაფინანსებაზე, რომელთაც სათანადო მატერიალური ბაზა არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნის მიღწევას, 2014-2019 წლებში, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამში 45 062 900 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალური ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა და ხელფასების რაოდენობა
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალურ ა(ა)იპებში 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალი - 25%-ით, შრომის ანაზღაურება კი 71%-ით გაიზარდა.
მუნიციპალიტეტების მერიებიდან მიღებული ინფორმაციების მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 40,074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ბოლოსთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58, 006 კაცი შეადგინა. შედარებისთვის, საქსტატის მონაცემის მიხედვით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლისთვის დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპებში იმავე პერიოდში ზრდამ 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც დასაქმებულთა ზრდის 45%-ია. 2019 წლის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 299,700 ადამიანი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში მომუშავეთა რაოდენობა მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დასახელებულ პერიოდში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, 2019 წელს მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 234 094 600 ლარი დაიხარჯა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლები - 119 844 100 ლარი იყო.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულების რაოდენობა, როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს (აღნიშნულის შესახებს საუბარი არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში), განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ იზრდება, რაც ძირითადად იმით არის განპირობებული, რომ ყველა ხელისუფლება (ყოფილიც და მოქმედიც) პარტიული აქტივის დასასაქმებლად ძირითადად მუნიციპალურ ა(ა)იპებს იყენებს. სწორად აღნიშნულით არის განპირობებული, რომ ა(ა) იპებში იმაზე მეტი პირია დასაქმებული, ვიდრე ამის საჭიროებაა და მუნიციპალიტეტებს წინასწარი არ აქვთ დასაბუთებული თითოეული დასაქმებულის საჭიროება ( მუნიციპალიტეტების მართვის აუდიტის ანგარიშები).
როგორც აღვნიშნეთ, აუდიტის ანგარიში სწორედ დასახელებულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ანგარიშებს უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მუნიციპალიტეტების მხრიდან მათ მუშაობაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები არ ან ძალიან იშვიათად იდგმება.