[მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე]  ახლა ხდება ერთადერთი  რამ, თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ ნორმა არ იცვლება

მამუკა მდინარაძე: [მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე] ახლა ხდება ერთადერთი რამ, თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ ნორმა არ იცვლება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

27 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მდინარაძის თქმით, „ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არცერთი პუნქტი არ იცვლება, ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

განცხადების ავტორის მიერ ნახსენებ კანონპროექტს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 4 მარტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების პროექტით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები ფართოვდება, არსებული რედაქციის რიგ მუხლებში შინაარსობრივი ცვლილებები შედის და კანონს ახალი მუხლები ემატება.[1]

ცვლილებებამდე, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში იყო შესაძლებელი. პროექტის მიხედვით კი, ამ დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს, როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფარგლებში.

მოთხოვნები, რომელთა დარღვევის შესახებ დაინტერესებულ პირს, მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში შეეძლო გასაჩივრება, შემდეგია: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება (მუხლი 52), სამართლიანობა და მიუკერძოებლობა (მუხლი 54), პროგრამული შეზღუდვები (მუხლი 56), ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გაშუქება (მუხლი 59).

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, „ევროპის საბჭოს მინისტრთა კონფერენციის რეკომენდაციით, თვითრეგულირება უნდა იყოს მაუწყებლობის სტანდარტების რეგულირების მთავარი გზა ტრადიციული მედია საშუალებებისთვის, როგორიც არის ტელე და რადიო მაუწყებლები.[2] ამასთან, მაუწყებლობის შინაარსობრივ სტანდარტებში სახელმწიფოს მიერ ჩარევისა და რეგულირების შემთხვევაში, არ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ფარგლები, პირობები და უფლებაში ჩარევის კრიტერიუმები“ [3]

აღსანიშნავია, რომ თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანის ტენდენცია საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წლებია მიუთითებენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც კომისიის უფლებამოსილებების თვითმიზნურად გაფართოებას უკავშირდება. მთავარი აქცენტები, ძირითადად, ისეთ საკითხებს მოიცავს როგორებიცაა, კომუნიკაციების კომისიის პოლიტიზება და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, სასამართლოს დემოუკიდებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს რეალობაში ვერ დააბალანსებს/გამოასწორებს კომისიასთან მიმართებით არსებულ პრობლემებს, მმართველი ძალის მუდმივი მიდრეკილება, გააქროს თავისუფალი სივრცეები ქვეყანაში და ყველაფერი (მათ შორის საჯაროდ ცირკულირებადი ინფორმაცია) დაუქვემდებაროს მის კონტროლს და სხვ.

კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებების გაფართოების გარდა, რიგი მუხლები მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით იცვლება/ზუსტდება.

ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის ვალდებულების ფარგლებში, სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელი ვალდებული გახდება, მიუთითოს ინფორმაციის წყარო; მაუწყებელს აეკრძალება ახალი ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება; მაუწყებელს დაევალება ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება, ხოლო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, წყაროს ანონიმურობის შესახებ ნათლად მითითება (ვრცლად იხ. კანონპროექტის 52-ე მუხლი).

ანალოგიური მიმართულებით იცვლება კანონის 54-ე მუხლიც სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. არსებული რედაქცია, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, მაუწყებლებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ასევე, ახალი ამბების პროგრამებში ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მუხლის ახალ რედაქციას, ბუნდოვანი და მარეგულირებლის ინტერპრეტაციაზე მინდობილი შეზღუდვები შემოაქვს. მაგალითად, დაუშვებელი ხდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ის, თუ რა დაიდენტიფიცირდება მაუწყებლის პირად დამოკიდებულებად/მოსაზრებად, ბუნდოვანია და ამის გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიაზეა მინდობილი. ასევე, დაუშვებელი ხდება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, რაც პირდაპირ შეიცავს მედიის გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტის რისკს.

საავტორო პროგრამის გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებული ხდება, ადეკვატურად წარმოადგინოს „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“, ხოლო, იმას, თუ რა იქნება „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“ კვლავ კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მედიის პასუხისმგებლობა შესაძლოა გამოიწვიოს იმ „საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრებების“ განუხილველობამ, რომელსაც მედია, მაგალითად, კონსპირაციის თეორიას მიაწერს და მის ობიექტურ, ლოგიკურ ჩარჩოებში განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს.

ამავე მუხლში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებელი ვალდებული ხდება ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს; ასევე, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მისცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. განსაკუთრებით ყურადსაღებია, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში“, ამ შემთხვევაშიც, მედიისთვის ბუნდოვანია, რა დაიდენტიფიცირდება „თავდასხმად“ , სად გადის ზღვარი პოლიტიკურ გამოხატვასა თუ მედიის დამოუკიდებლობასა და ნორმით გათვალისწინებულ „თავდასხმას“ შორის. (ვრცლად იხ. კანონპროექტის 54-ე მუხლი).

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, კანონპროექტში მოცემული არაერთი ბუნდოვანი დებულება, არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი შინაარსი და ფარგლები გაუგებარია. შესაბამისად, ბუნდოვანია, თუ როგორ განმარტავს მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონს რამდენიმე ახალი მუხლიც ემატება:

541 მუხლი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ - ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოტივით, დამატებით შეზღუდვებს უწესებს მედიას. მათ შორის, ითვალისწინებს საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობას (საგამონაკლისო შემთხვევის გარდა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით), ზღუდავს პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან/და სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების გავრცელებას და სხვ.

542 მუხლი - მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებას ან/და გადაცემას დაარეგულირებს. მუხლი განსაზღვრავს თუ როდის არის გამართლებული მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის ეთერში გაშვება.

მუხლი 553 - შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებას, ხოლო, მუხლი 564 პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხებს მოაწესრიგებს.

აღსანიშნავია, რომ ახალი მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება, ასევე შეიძლება განხორციელდეს, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის და კომისიის ფარგლებში.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ახალი კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებების გაფართოების გარდა, რიგი მუხლები მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით იცვლება/ზუსტდება. ასევე, კანონს რამდენიმე ახალი მუხლიც დაემატება და ისეთ საკითხებს შეეხება, რომელთაც მანამდე კანონი საერთოდ არ მოიცავდა. შესაბამისად, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ კანონპროექტით ერთადერთი რამ, რაც ხდება, ის არის, რომ საკითხები თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებაში გადადის, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.

[1] ამავე სხდომაზე მხარდაჭერილ იქნა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას ითვალისწინებს.

[2] 1st Council of Europe Conference of Ministers responsible for Media and New Communication Services - Resolution “Towards a New Notion of Media’’, 29 May 2009, Paragraph 6:

[3] იქვე.