2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიის ახალი წესდება მიიღო. წესდებამ განსაზღვრა პარტიის სტრუქტურა და შემოიღო ახალი პარტიული თანამდებობა - „პარტიის საპატიო თავმჯდომარე“. წესდების მე-61 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც ქვეყნისა და პარტიის წინაშე „განსაკუთრებული დამსახურება“ მიუძღვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. წესდებით დადგენილ ახალ პარტიულ თანამდებობაზე პოლიტიკიდან რამდენიმეჯერ წასული და რამდენიმეჯერ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.
პოლიტიკური საკითხების გადაჭრა სახელმწიფო მნიშვნელობის მრავალი საკითხის გადაწყვეტას მოიცავს. იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურადაა ჩართული, ირაკლი კობახიძის 2025 წლის 18 თებერვლის განცხადებაც ადასტურებს: „ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაადასტურა, თუ როგორ ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა (მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა), ივანიშვილის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩევის დღეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა: „მე მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად ეს არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მე მქონია კონსულტაციებიც, ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, მე ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებზე“.
შესაბამისად, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მინიმუმ მონაწილეობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებაში. სახელმწიფოს მართვისას კი, გადაწყვეტილების მისაღებად ხშირად საჭიროა ისეთი ინფორმაციის ცოდნაც, რაც საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არაა და სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფო საიდუმლოებას განმარტავს. კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოება არის ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ გასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.
ვინაიდან სახელმწიფო საიდუმლოების ცოდნა ზოგიერთი საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ შეიძლება იყოს, კანონმა საიდუმლოებაზე „დაშვების“ ინსტიტუტი შემოიღო. არსებობს დაშვების რამდენიმე ფორმა. მე-18 მუხლი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებულ უფლებას შეეხება და ჩამოთვლის სახელმწიფო თანამდებობის პირთა წრეს, რომელთაც აქვთ საიდუმლოებაზე გარანტირებული დაშვების უფლება: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, მთავრობის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური. დაშვების გარანტირებული უფლება პირს ეძლევა თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნისთანავე.
ამავე კანონის მე-19 მუხლი სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებას შეეხება. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათზე დაშვების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ამ ინფორმაციის გაცნობის საჭიროება. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს არ აქვს არანაირი სახელმწიფო თანამდებობა და არც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელია, მას ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება ვერ ექნება.
ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც პირს აქვს აუცილებლობა ინფორმაციას გაეცნოს, თუმცა მე-18 და მე-19 მუხლებში განსაზღვრულ წინაპირობებს არ აკმაყოფილებს, კანონის მე-20 მუხლი სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების საკითხს აწესრიგებს: კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეზე, შესაბამისი შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ინდივიდუალური დაშვება შეიძლება გაიცეს. [1]
ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ ფიზიკური პირის სახელმწიფო საიდუმლოსთან ინდივიდუალური დაშვება მოხდეს. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფოს არაფორმალურ მმართველობას კანონიერ საფუძვლად არ ცნობს. ამასთან ერთად, ყოფილი თანამდებობის პირი, თანამდებობის დატოვების შემდეგ საიდუმლოზე დაშვებასაც კარგავს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრის შემდეგ აღარ იკავებს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილისთვის, წესით, სახელმწიფო საიდუმლოზე დაშვება 2013 წლის 20 ნოემბრის შემდეგ კანონით შეზღუდულია. ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2018-2020 წლებში იკავებდა, თუმცა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობა, ისევე როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების სამართლებრივი საფუძველი არაა.
მიუხედავად ამისა, თუ მთავრობა მაინც გადაწყვეტდა მისთვის საიდუმლოებაზე დაშვების მინიჭებას, უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება ნებადართულია. თავის მხრივ, ამგვარ დოკუმენტში სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, დასაბუთებული უნდა იყოს კანონიერი საფუძველი და ამასთან, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს შემოწმებული.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ჩართულია სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების განხილვებში და ამგვარ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ხშირად საიდუმლო ინფორმაციის ცოდნას მოითხოვს. ამისათვის საჭიროა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურები დაცული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა კანონდარღვევა იქნებოდა, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ასევე მისთვის ინფორმაციის მიმწოდებლის მხრიდანაც [2].
[1] სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას; ბ) პირის შემოწმების პროცედურას; გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას; დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.
[2] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხლი 313), სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება (მუხლი 320) და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა (მუხლი 321) სისხლის სამართლის დანაშაულია.