მიხეილ სააკაშვილი: პანდემია არასწორად მართეს.. საქართველო 1 მლნ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაშია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ჯამურმა მაჩვენებელმა 15 ათასს გადააჭარბა. 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. თებერვლის დასაწყისში, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 33% [ზრდასრული მოსახლეობის 42.6%]. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა და საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება დაგვიანდა, მთავრობამ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება ვერ უზრუნველყო.
ანალიზი
3 თებერვალს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკური ხედვის ძირითადი თეზისები გამოაქვეყნა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „პანდემია არასწორად მართეს, შედეგად საქართველომ 15 000-მდე სიცოცხლე დაკარგა. ამ მაჩვენებლით საქართველო 1 მილიონ ადამიანზე გაანგარიშებით მსოფლიოში ყველაზე უარესი შედეგის მქონე 5 ქვეყანაში მოხვდა“.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ჯამურმა მაჩვენებელმა 15 ათასს გადააჭარბა. 3 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილის 15 102 შემთხვევა იყო აღრიცხული, რაც 1 მლნ მოსახლეზე გაანგარიშებით დაახლოებით 4,050 -ს შეადგენს.
Worldometers-ის მონაცემებით, 1 მლნ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. საქართველოზე უარესი შედეგი მხოლოდ - პერუს, ბულგარეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, უნგრეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს.
2021 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალების ყოველდღიური შემთხვევების კატასტროფულად მაღალი რაოდენობა ფიქსირდებოდა. ნოემბრის ბოლოს კი 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან პირდაპირ კავშირშია. თებერვლის დასაწყისში, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო მხოლოდ 1.2 მლნ პირი, რაც >18 ასაკის დაახლოებით 42.6%-ს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 33%-ს შეადგენს.
აღნიშნული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და უმოქმედობის შედეგია, კერძოდ, საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ვაქცინებისადმი ნდობა და ვაქცინებზე მოთხოვნა უნდა გაეზარდა, დაგვიანებით დაიწყო. დაგვიანებით შემოიტანეს ვაქცინაც, თანაც ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ იყო. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ერთი მხრივ, ვაქცინებისადმი ნდობის გაჩენა მოქალაქეებში, რადგან ვაქცინის ჩამოტანას ვერ ახერხებდა, ხოლო როცა ჩამოიტანა - ვაქცინებისადმი ნდობისა და მოთხოვნის არარსებობა პირდაპირ აისახა ვაქცინაციის ტემპზეც. მთავრობამ ვერც შემდგომ პერიოდში უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება. მეტიც, საარჩევნო პერიოდში მთავრობა მეტად ორიენტირებული იყო არჩევნების მოგებაზე და პანდემიის მართვა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა მეორე ხარისხოვანი აღმოჩნდა. ზაფხულის დასაწყისში, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის მინიმალური ნაწილიც კი არ იყო ვაქცინირებული, შეზღუდვების ერთბაშად გაუქმება, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ მიშვებაც წინასაარჩევნო მიზნებით იყო განპირობებული (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაგვიანებული იყო, ის არათანმიმდევრულიც იყო. ეპიდემიოლოგები რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის აუცილებლობასა და სავალდებულოობაზე საუბრობენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო განცხადებებს აკეთებდა იმის თაობაზე, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებდა, მსგავსი განცხადებებით კი ის მხოლოდ ანტივაქსერულ განწყობების გაღვივებას უწყობდა ხელს (ვრცლად იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 1 მლნ ადამიანზე გაანგარიშებით, COVID-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. აღნიშნული იმით აიხსნება, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ხელისუფლების პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ ნებისმიერ ეკონომიკურ ფასად, ეპიდემიის მასშტაბის მინიმუმზე შეენარჩუნებინა. შემდგომ კი ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა ილუზია, თითქოს ეპიდვითარებას „წარმატებულად მართავდა“, რეალურად, კი ქვეყანა ვირუსის გავრცელების „წითელ ზონაში“ აღმოჩნდა და COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს.