ირაკლი ღარიბაშვილი: სისტემამ ძალიან ეფექტიანად გაუძლო პანდემიას და მართა ეს დიდი გამოწვევა

ვერდიქტი: ტყუილი

რეზიუმე

გასული 1 კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ვაქცინაციის დონე კრიტიკულად დაბალია, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 39.6%-ია ვაქცინირებული, აქედან სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 34.6%. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა და საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება დაგვიანდა, მთავრობამ ვერ უზრუნველყო მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და ვაქცინებისადმი ნდობის გაზრდა.

ამ ფონზე კი, მთავრობის მეთაურის მტკიცება რომ პანდემია „წარმატებულად მართეს“, აბსურდულია და „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის ტყუილი.

ანალიზი

23 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: „პანდემია გამოწვევაა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენმა სისტემამ ძალიან ეფექტიანად გაუძლო და მართა ეს დიდი გამოწვევა“.

24 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 1 კვირაში - 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გასულ 7 დღეში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 1.8-ს შეადგენს. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 66.7-ია. საქართველოში COVID-19-ით ჯამში 11,700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ნოემბრის ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირების საშუალოდ 4 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის დაბალ დონესთან. 25 ნოემბრის მონაცემებით, სულ 1 125 073 პირი [სულ მცირე 1 დოზით] არის ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.6%-ია. აქედან სრულად ვაქცინირებული 986 877 ადამიანია - მოზრდილი მოსახლეობის 34.6%. სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად შემცირდა, აგვისტოში დღეში 20 ათასზე მეტი აცრა ტარდებოდა, რაც სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად საკმარისი არ იყო და ეპიდემიოლოგები დღიური აცრების საშუალოდ 30 000-მდე გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა, ვაქცინაციის ტემპი არა თუ გაიზარდა, არამედ მკვეთრად შემცირდა. ნოემბრის ბოლო მონაცემებით, დღიურად ჩატარებული აცრების მაქსიმალური რაოდენობა 10 000-იც კი არ არის (რომელიც მოიცავს როგორც პირველ, ისე მეორე და ბუსტერ დოზებს). ქვეყანაში მოსახლეობის დაახლოებით ის ნაწილია აცრილი, რომელსაც აცრისთვის წინასწარი მზაობა ჰქონდა, რაზეც მიუთითებს სოციოლოგიური კვლევებიც. NDI-ის კვლევის თანახმად, იანვრის მონაცემებით, გამოკითხულთა დაახლოებით 41% აცხადებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინით აიცრებოდა. აგვისტოში, იმ ადამიანების ჯამური რაოდენობა ვინც აიცრა ან აიცრებოდა, კვლავ 41%-იყო.

აღნიშნული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და უმოქმედობის შედეგია, კერძოდ, საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ვაქცინებისადმი ნდობა და ვაქცინებზე მოთხოვნა უნდა გაეზარდა, დაგვიანებით დაიწყო. დაგვიანებით შემოიტანეს ვაქცინაც, თანაც ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ იყო. აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის და სტრატეგიული კომუნიკაციის არ არსებობა მიზანმიმართული იყო, რათა ვაქცინაზე საზოგადოების მოთხოვნა და შესაბამისად, წნეხი მთავრობაზე არ გაზრდილიყო. მიმდინარე წლის ივლისიდან, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო და ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაც იყო, ვაქცინებისადმი საკმარისი ნდობა და ვაქცინაციაზე გაზრდილი მოთხოვნაც არ იყო. შემდგომ კი მთავრობა მეტად ორიენტირებული იყო არჩევნებზე და პანდემიის მართვა და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა მეორე ხარისხოვანი აღმოჩნდა (იხილეთ: ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მართალია, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია გააქტიურდა, ის უკვე დაგვიანებული და, ამასთან, არათანმიმდევრული იყო. ერთი მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. ამ დროს კი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, რომლისთვისაც ვაქცინებისადმი ნდობის გაზრდა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, დღემდე არაა სრულად ვაქცინირებული. რაც ლოგიკურად ვაქცინებისადმი უნდობლობის გაზრდას უწყობს ხელს. ამასთან, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულად დაბალია და სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელი გვაქვს და ეპიდემიოლოგები რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაციის აუცილებლობასა და სავალდებულოობაზე საუბრობენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო განცხადებებს აკეთებს იმის თაობაზე, რომ „სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს“, მსგავსი განცხადებებით ის მხოლოდ ანტივაქსერულ განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი