27 აგვისტოს, ინფექციონისტმა, გიორგი კანდელაკმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერებაზე -VADE-ზე საუბრობდა. VADE ე.წ. ქოლგა ტერმინია და ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას -ADE და გაძლიერებულ რესპირატორულ დაავადებას -ERD, გულისხმობს. კანდელაკის თანახმად, სწორედ VADE-მ განაპირობა ზოგიერთი ვაქცინის წარუმატებლობა, ამის მაგალითად მას სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და SARS-ის და MERS-ის ვაქცინების შემთხვევები მოჰყავს.
კოვიდვაქცინებთან მიმართებით ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადების (ADE) რისკებზე გიორგი კანდელაკი წერს: „როდის არის ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე მოსალოდნელი, რომ ვიხილოთ ასეთი გართულება? იმ დროს როდესაც ვაქცინის მანეიტრალიზირებელი აქტივობა ქვეითდება! ტიპურად ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ვაქცინირებიდან ან მაშინ როდესაც რაიმე მიზეზით, ეპიდემიის დროს ხდება ვაქცინის ეფექტის მიმართ გამძლე, რეზისტენტული შტამის ჩამოყალიბება. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ხდება ამ მძიმე და ტრაგიკული ეფექტის მანიფესტაცია. ემპირიული, პრეკლინიკური, ცხოველებზე ინტენსიური კვლევების გარეშე, სრულიად შეუძლებელია ამ ფენომენის პროგნოზირება, მითუმეტეს ისეთი პათოგენების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის დროს, რომელთა მონათესავე პათოგენების ვაქცინებს აღმოაჩნდათ ეს გადაულახავი პრობლემა“.
გიორგი კანდელაკის ჰიპოთეზური მოსაზრება, რომ ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად შეიძლება განვითარდეს, არის დაუსაბუთებელი. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კოვიდვაქცინები ADE-ს რეაქციას იწვევენ, ვაქცინის პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ეტაპზე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამასთან იმუნიზაციის პროცესში აცრილ ადამიანებში ADE-ს არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი.
დეზინფორმაცია, თითქოს კოვიდვაქცინები ADE რეაქციას იწვევენ, ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა. აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა საერთაშორისო ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა და შეაფასა, როგორც მცდარი ინფორმაცია. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, აღნიშნული მტკიცება, Facebook-ს მონიშნული აქვს როგორც ყალბი.
ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, PolitiFact-ის ინფორმაციით, „თუ დავუშვებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ADE რეაქციას უკავშირდება, მაშინ ბევრი სხვა აცრილი ადამიანი მძიმედ დაავადდებოდა. სინამდვილეში, პირიქით ხდება: COVID-19 ჰოსპიტალიზაციებისა და გარდაცვალების აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებს შორისაა, ვინც არ არის აცრილი“. სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორი, მედიცინის, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი, დევიდ რელმანი განმარტავს: „არ არსებობს მტკიცებულება, რომ (ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერება) არის პასუხისმგებელი ამ ზრდაზე. ყველა ეპიდემიოლოგიური მონაცემი შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოში აშკარად აჩვენებს, რომ ეს მომატება არავაქცინირებულ ადამიანებში ხდება, -აღნიშნა მან. გარდა ამისა, დელტა ინფექციური დაავადებების მქონე ვაქცინირებულ ადამიანებს ნაკლებად მძიმე დაავადება აქვთ, ვიდრე დელტა ინფექციის მქონე არავაქცინირებულებს“.
ბრიტანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის Fullfact.org-ის ინფორმაციის თანახმად, „ანტისხეულებზე დამოკიდებული გაძლიერება იშვიათი, მაგრამ ნამდვილი რისკია, როდესაც საქმე ახალი ვაქცინების შექმნას ეხება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს არ ეხება Covid-19-ის ვაქცინებს, რაც დასტურდება ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, ადამიანებზე ჩატარებული გამოკვლევებით და ვაქცინაციის შედეგების არსებული მონაცემებით“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ანტივაქსერებს Covid-19-ის ვაქცინებსა და ADE-ს შორის კავშირის შესახებ დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებიათ, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.
კოვიდვაქცინების პრე-კლინიკური, კლინიკური და ვაქცინაციის რეალური მონაცემების შეფასების საფუძველზე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) დაადასტურა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ADE რეაქციებს არ იწვევს.
გიორგი კანდელაკის პოსტს აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი და ექიმ-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე გამოეხმაურა. ანტისხეულებით დაავადების გაძლიერებაზე (ADE) მან განმარტა: „ეს თემა 1 წლის წინ იყო ყველაზე აქტუალური (2020-ს ზაფხულში ბევრი სტატია დაიბეჭდა ამ პოტენციურ რისკზე) და აქტიურად განიხილებოდა სამეცნიერო წრეებში ვაქცინის შექმნის დღიდან; როდესაც ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა ხდება უსაფრთხოებისთვის, ADE-ს რისკი არის ერთ-ერთი ის კითხვა, რომელსაც მწარმოებელმაც და საბოლოოდ, მარეგულირებელმაც პასუხი უნდა გასცეს, სანამ ის ფართო მასებამდე მივა. შევეცდები მარტივად ავხსნა, როდესაც შეგეყრება ვირუსის ერთი ვარიანტი/შტამი, მის საპასუხოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებ, შემდეგ შეგეყრება იგივე ვირუსის ახალი ვარიანტი და ანტისხეული ვირუსს მხოლოდ ებმის, მაგრამ არ ანეიტრალებს, ვირუსი მას იყენებს მტარებლად, როგორც „ტროას ცხენს“, შედეგად შედის ბევრ უჯრედში, უფრო მეტად მრავლდება და/ან უფრო ძლიერ ანთებით პასუხს (ციტოკინურ შტორმს) რთავს, ესაა მარტივად ADE, მაგრამ ეს ვირუსს შეუძლია გააკეთოს მინიმუმ 5 სხვადასხვა გზით, რაც აღწერილია სხვადასხვა ვირუსებზე წარსულში (დენგე, რსვ, აივ, სარსი, მერსი..). რადგანაც მსგავსი რისკი წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა ვაქცინების გამოკვლევებისას, ყველა ცხოველური კვლევის მოდელი ზუსტად ისეა აწყობილი, რომ ADE-ს სიგნალი ადრევე დაიჭიროს (ანუ ცხოველებს აინფიცირებენ ჯერ ერთი შტამით, მერე მეორეთი და ზომავენ სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების ტიტრს; ან ცრიან და შემდეგ აინფიცირებენ), რასაც მოწმობს ის ისტორიული ფაქტები, რომ ვაქცინების კვლევები შეჩერდა ებოლას, აივ-ის, სარსის, მერსის და წითელას ერთ-ერთი ვაქცინის ადრეული კვლევების დროს, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით. უფრო მეტიც, როდესაც SARS-CoV-2-ის კანდიდატ ვაქცინების კვლევები დაიწყო, ერთ-ერთი ვირუსის სამიზნე ნაწილი (ანუ სპაიკ ცილის მაგივრად) ე.წ ნუკლეოპროტეინი იყო, რომელმაც ADE-ს სიგნალი აჩვენა და ამ მიმართულებით კვლევები მაშინვე გაჩერდა, ანუ მეცნიერებმა ერთ დღეს კი არ გაიღვიძეს და თქვეს, რომ სპაიკ ცილა კარგი სამიზნე იყო, არამედ მივიდნენ აქამდე, როგორც იმუნოგენურობის და უსაფრთხოების ყველაზე სასარგებლო პროფილის მქონე სამიზნე ცილამდე. უნდა იცოდეთ, რომ ADE-ს განვითარებას საერთოდ!! არ ჭირდება ვაქცინა, ანუ სანამ ვაქცინები ჯერ ჩანასახოვან ფაზაში იყო, ვირუსი ჩინეთიდან იტალიამდე უკვე აქტიურად მუტირებდა, ანუ ADE-ს განვითარების წინაპირობა უკვე შექმნილი იყო“.
მამუკა მაჩაიძე შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ვაქცინებსა და ADE- შორის კავშირს გამორიცხავს. მისი განცხადებით: „კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების არცერთმა კვლევამ ცხოველებში (თაგვებში, მაკაკებში) ADE-ს არცერთი შემთხვევა არ გამოავლინა; რაც მთავარია, უკვე გვყავს მილიარდობით აცრილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ახალი შტამით დაინფიცირდა; ADE არ არის მიოკარდიტის მსუბუქი შემთხვევა და ამიტომ ვერ დაიმალება, სიგნალს ამხელა პოპულაციაში აუცილებლად დაინახავ, კერძოდ მასიური ციტოკინური შტორმით სიკვდილობა დაფიქსირდება, რაც არსად არ მომხდარა. აქ კი პირიქით ვხედავთ, სიკვდილობასთან ერთად, მასიურად შემცირდა დაავადების მძიმე ფორმები და ჰოსპიტალიზაცია. ის რომ ვაქცინების ეფექტურობა დელტა შტამის მიმართ იკლებს და ვერ ვხედავთ სიკვდილობის მასიურ ზრდას, ეს ზუსტად ADE-ს საწინააღმდეგო არგუმენტია და არა პირიქით“ (იხილეთ შესაბამისი მტკიცებულები/კვლევები - ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4).
გიორგი კანდელაკის პოსტს ასევე გამოეხმაურა ექიმი არჩილ მარშანია. „შესაძლებელია თუ არა ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარდეს კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად? ეს შეკითხვა ერთი წლის წინ, ვაქცინების გამოსვლამდე იყო აქტუალური, ისიც თეორიის, კითხვის ნიშნის და არა მტკიცებითი სახით. მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო და ხუთ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა, შესაბამისად დღეს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს მაღალ რისკებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში, სერიოზულად, მითუმეტეს მტკიცებით ფორმაში, მაღალ სამეცნიერო წრეებში აღარავინ აღარ საუბრობს. ჩვენ უკვე ვნახეთ ვაქცინების ეფექტურობაც და ისიც თუ სად წარმოიშვა საშიში შტამები, მაღალი ვაქცინაციის მქონე ქვეყნებში თუ პირიქით. ის ცნობილი ენდემური შტამები არ წარმოქმნილა იქ, სადაც ვაქცინაცია სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ გაჩნდა იქ სადაც ვირუსი სწრაფად და „ჯოგური იმუნიტეტის“ სტილში გავრცელდა: ინდური შტამი, ბრიტანული შტამი, ბრაზილიური შტამი, სამხრეთ აფრიკული შტამი“.
არჩილ მარშანია განმარტავს თუ რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:
✅ პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველებში) ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ კლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ პოსტკლინიკურ დაკვირვებაში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ მანეიტრალიზებელი ანტისხეულიების ტიტრი შესწავლილია და ამის მიხედვით დგება ვაქცინის დოზების განსაზღვრა, დამატებითი დოზები აჩვენებს, რომ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას და ამ დროს ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ ვაქცინა არის ეფექტური. არავაქცინირებულთან შედარებით საშუალოდ 90% მეტი შანსი აქვს ვაქცინირებულს, რომ გადარჩეს და არ განუვითარდეს მძიმე გართულება, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ განვითარებულ ქვეყნებში სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, სტატისტიკა აჩვენებს რომ სიკვდილიანობა მცირდება, ანუ აცრილებში დაავადება უფრო მწვავედ არ მიმდინარეობს, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ ერთი ტიპის (ადამიანის კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული 4 ტიპი არსებობს) კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მეორე (სხვა) ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ ვაქცინა გართულებების პრევენციის კუთხით რჩება მაღალეფექტური ახალწარმოქმნილი შტამების წინააღმდეგაც, ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;
✅ როდესაც უკვე ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას აწვდიან მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა), ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს.
„რომ გავამარტივოთ და რისკი და სარგებელი ავწონ-დავწონოთ: დღეს ერთ მხარეს გვაქვს: სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, ყოველ დღე (მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ) საქართველოში ათეულობით მკვდარი ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა, გადატვირთული კლინიკები, ეფექტური ვაქცინა და ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების არც ერთი ფაქტი. მეორე მხარეს კი გვაქვს: ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების შესაძლო თეორია ერთი წლის დაძველებით, რომელიც არც ერთი ფაქტით არ დასტურდება“ ,- წერს ექიმი არჩილ მარშანია.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი გრიგოლ ხურციძე, გიორგი კანდელაკის მოსაზრებას, რომ კოვიდვაქცინებმა შესაძლოა ADE-ს რეაქცია გამოიწვიოს, შემდეგნაირად გამოეხმაურა: „კოვიდის ვაქცინები როგორც ახალი, ისე ძველი ტექნოლოგიებით დამზადებულნი წინასწარი კვლევებით, თეორიული ანალიზით და პრაქტიკული ექსპერიმენტებით არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას. დღემდე ADE-ს არცერთი შემთხვევა არაა აღწერილი 2 მილიარდი დოზის და 2 ახალი ვარიანტის გამოჩენის მერე. ამას უყურებს WHO, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკისა და ევროპის ინფექციური დაავადებების საზოგადოებები სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებს თავი რომ დავანებოთ. სანამ ანტივაქსერები ამ თეორიულ საკითხს ეჭიდებიან, ვიმეორებ თეორიულს, რომელიც იყო გათვალისწინებული, გამოცდილი და დღემდე დაკვირვებაშია, დაღუპული ადამიანების 99% აუცრელია“ .
გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომ „ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება ძირითადად გამოვლინდება, როდესაც მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად დაიწევს, რასაც რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება“, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) ექიმმა თამარ ჟამურაშვილმა უპასუხა: „რეინფექცია ან ვაქცინაციის შემდეგ ინფექცია ვერ განვითარდება მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის დაქვეითების გარეშე და ეს ნიშნავს, რომ ყოველი რეინფექციის ან ვაქცინის შემდგომი ინფექციის დროს ანტისხეულების ტიტრი დაქვეითებულია და შესაძლებელია ADE-ს განვითარება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება დელტა შტამს, ის სულ რამდენიმე თვეა რაც გვაქვს და საიდან მოდის თეორია, რომ ანტისხეულების ტიტრის დაქვეითებას 6-9 თვე სჭირდება? ეს პროცესი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ანტისხეულების გამომუშავება და თვითონ ვირუსის გარდა მასპინძელი ორგანიზმის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“.
ექიმი თამარ ჟამურაშვილი განმარტავს: „კოვიდ-ის გადატანის შემდეგ ან კოვიდ-ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებით გაძლიერებული დაავადება რომ ვითარდებოდეს, დღემდე მრავალი ასეთი შემთხვევა გვექნებოდა. ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადებას მძიმე მიმდინარეობით ამოვიცნობთ. რეინფიცირებულებს ან ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირებულებს რომ ჰქონდეთ მასიურად მძიმე მიმდინარეობა, შეიძლებოდა ADE გვეეჭვა, თუმცა ეს ასე არ არის. ორივე შემთხვევაში კოვიდ-მიმდინარეობა მსუბუქია და ეს თავისთავად გამორიცხავს ADE-ს არსებობას“.
თამარ ჟამურაშვილი, კიდევ ერთხელ განმარტავს იმ არგუმენტებს, თუ რატომ არ აქვს კოვიდ-ვაქცინებს ADE-ს რისკი:
- ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების პრეკლინიკურ კვლევებში ცხოველებზე;
- ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების კლინიკური კვლევების დროს ადამიანებზე;
- ADE არ დაფიქსირებულა კოვიდ-ვაქცინების ადამიანებზე გამოყენებისას. შეგახსენებთ, მსოფლიოში აცრილია 5,4 მილიარდი ადამიანი, აქედან 2,1 მილიარდი სრულყოფილად!!
- ADE არ დაფიქსირებულა დღემდე არც სხვადასხვა შტამით ინფიცირებისას!
ვაქცინების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების რისკი, არაერთი ვაქცინის გამოკვლევისას ADE-ს შემთხვევები დაფიქსირებულა, რის გამოც შეჩერდა ვაქცინის ცდა. თუმცა კოვიდვაქცინების პრე-კლინიკური, კლინიკური და ვაქცინაციის შედეგები აჩვენებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ADE რეაქციებს არ იწვევს. ამ კონტექსტისა და ფაქტობრივი ინფორმაციის აღნიშვნის გარეშე, ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის განცხადება მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.
-----------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.