იტვირთება

კობა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციული შინაარსის მორიგ ვიდეოს ავრცელებს. მისი მტკიცებით, ვაქცინა არ იცავს სიკვდილისგან, პირიქით, სიკვდილიანობა იზრდება. მისივე თქმით „პანდემიის პერიოდში მასობრივი ვაქცინაცია ახალი, უფრო აგრესიულ შტამების წარმოქმნას განაპირობებს; ი-რნმ ვაქცინები არის გამოუცდელი და კვლევის მესამე ფაზა დაუმთავრებელია“. ეს და სხვა დეზინფორმაციული შინაარსის მტკიცებები „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.

მტკიცება: იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც აცრეს მოსახლეობის 2/3, სიკვდილიანობა არის გაზრდილი, გერმანიაში გაზრდილია 10%-ით... ვაქცინის პროპაგანდისტები გვეუბნებოდნენ, რომ ვაქცინაციის შედეგად სიკვდილიანობა მოიკლებდა, ფაქტებს შევხედოთ, მოიკლო, თუ პირიქით გაიზარდა?!

ვერდიქტი: მანიპულირება

გლობალურად, შემოდგომაზე ეპიდვითარება გაუარესდა, ინფიცირების შემთხვევების მატება კომპლექსური მიზეზებით - ახალი, უფრო მეტად გადამდები შტამების გავრცელებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპით, შეზღუდვების შემსუბუქებით, კოვიდრეგულაციების (პირბადე; სოციალური დისტანცია) ნაკლებად დაცვით, არის განპირობებული. COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას ლოგიკურად სიკვდილიანობის მატება მოჰყვა. მტკიცება, რომ ვაქცინა სიკვდილისგან არ იცავს, მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაცია ცუდად მიმდინარეობს, სიკვდილიანობის დონე შედარებით მაღალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საშიში პათოგენების გუნდის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს განმარტავს - „პირველ რიგში, ეს გახლავთ სხვა შტამების ფონზე უფრო სწრაფად გადამდები „დელტა“ შტამის დომინაცია. სამწუხაროდ, ესაა მთავარი ფაქტორი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ევროპის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია. მესამე მიზეზი კი გახლავთ პანდემიის დაწყებისთანავე შემოღებული რეკომენდაციების შემსუბუქება. რიგ ქვეყნებში ამ აუცილებელ რეკომენდაციებზე უარის თქმამ ინფიცირების შემთხვევები გაზარდა. ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა ჰიგიენის ნორმების დაცვა და პირბადის ტარება. ეპიდვითარების გაუარესება ევროპაში შემოდგომიდან იწყება და ამას სკოლების გახსნამ, სამსახურებში ხალხის მისვლამაც შეუწყო ხელი, ბევრი მოქალაქე დისტანციური მუშაობის შემდეგ ოფისებს დაუბრუნდა... ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, სიკვდილიანობა დაბალია ვაქცინირებულ მოსახლეობაში”.

კობა კუპრაშვილს მაგალითად მოჰყავს გერმანია, სადაც ბოლო პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია. გერმანიაში პანდემიის პერიოდში დღიური ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ნოემბერ-დეკემბერში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად ნაკლებია, ვიდრე ვაქცინაციის დაწყებამდე იყო, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად მაღალი იყო, ვიდრე მიმდინარე პერიოდში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გერმანიაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, „დელტა“ შტამი არის დომინანტური, რომელიც წინა ვარიანტებთან შედარებით უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელია. შესაბამისად, გერმანიის მონაცემები, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვნად იცავს სიკვდილისგან.

გრაფიკი 1: კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა გერმანიაში

წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/country/germany/

გრაფიკი 2: დღიური გარდაცვალების შემთხვევები გერმანიაში

წყარო: https://www.worldometers.info/coronavirus/country/germany/

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სადაც ვაქცინაციის ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს, დღიურად გარდაცვალების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ვაქცინირებულ მოსახლეობაში გლობალურად ტრენდს თუ დავაკვირდებით, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელია მაღალი.

მტკიცება: პანდემიის და ეპიდემიის დროს არ შეიძლება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, რადგან ხდება ვირუსის მუტაცია, რათა ის დაუსხლტეს ვაქცინის მიერ შექმნილ ხელოვნურ დამცავ ზღუდეებს... უფრო აგრესიული, უფრო გადამდები შტამები წარმოიქმნება...

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია ხელს უწყობს ვირუსის მუტაციას და უფრო აგრესიული შტამების წარმოქმნას. პირიქით, რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა (პანდემიის პერიოდში მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა).

ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას უწყობს ხელს, რასაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ვირუსი ძირითადად მუტაციებს იმ რეგიონებში განიცდის, სადაც ვაქცინაციის დონე დაბალია. SARS-COV-2-ის შტამები ნაწილი კი ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყებამდე აღმოაჩინეს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ვირუსებისთვის დამახასიათებელია ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რაც მეტ ადამიანში იმოგზაურებს ვირუსი, მით მეტად განიცდის მუტაციას და ახალი შტამები წარმოიქმნება. რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ვირუსი სუსტდება და მუტაციის უნარი მცირდება. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ვაქცინირებული ადამიანი ხელს უწყობს ვირუსის მუტაციას და უფრო სახიფათო შტამის წარმოქმნას“.

მტკიცება: რნმ ვაქცინები არის გამოუცდელი და კვლევის მესამე ფაზა დაუმთავრებელია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს ი-რნმ ვაქცინები არის გამოუცდელი, არის ყალბი ამბავი. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

კოვიდვაქცინებმა კლინიკური და პრეკლინიკური კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ ანტივაქსერები ხშირად მანიპულირებენ Clinicaltrial.gov-ზე გამოქვეყნებული კვლევით, რომლის თანახმადაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კვლევები ახლაც მიმდინარეობს. აღნიშნული კვლევა მთლიან პოპულაციაში ვაქცინის ეფექტიანობის მონიტორინგის გულისხმობს და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვაქცინა გამოუცდელია. Pfizer-ის ვაქცინამ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე კლინიკური კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარა. მეტიც, Pfizer არის პირველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც 2021 წლის 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16 წლის ზემოთ პირებისთვის სრული ავტორიზაცია მიენიჭა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი (NCDC) „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, რომ „Pfizer/BioNTech ვაქცინის აღნიშნული კვლევა ახალ შტამებთან და ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ვაქცინის ეფექტურობის შეფასებას ეხება. მსგავსი სტატუსი ფაიზერზე სხვა შემთხვევებშიც შეიძლება დაიდოს. მაგალითად, ბავშვებში ქვედა ასაკობრივ ჯგუფში ან ახალ შტამთან დაკავშირებით დამატებითი კვლევისას“. შესაბამისად, აღნიშნული კვლევის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ ვაქცინებს კლინიკური კვლევების სამი ფაზა არ დაუსრულებიათ და ახლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, ყველა პრეზიდენტი, რომელიც წინააღმდეგი იყო ვაქცინაციის გააქრეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოზე, 7 ივლისს საკუთარ სახლში მოკლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მოზე ვაქცინაციის პროცესს სკეპტიკურად უდგებოდა, აღნიშნული ახალი კონსპირაციის გავრცელების წყაროდ იქცა, თითქოს აფრიკული ქვეყნების პრეზიდენტები კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოსვლის გამო მოკლეს.

პირველ რიგში, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ ჰაიტის პრეზიდენტი COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის შეფერხების გამო მოკლეს. რაც შეეხება დანარჩენ პრეზიდენტებს (ტანზანიის, ბურუნდის, სვაზილენდისა და კოტ-დივუარის რესპუბლიკის) ყველა მათგანი ჯანმრთელობის გართულებებით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება: ხალხის გამოსვლამ და აბობოქრებამ გამოიწვია ავსტრიაში კანცლერების (კურცი, შალენბერგი) გადადგომა და გაქცევა, ასე მოუწევთ ყველგან სადაც იტყვიან, რომ ძალით უნდა გაგიკეთოთ ნემსები [ვაქცინა]

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ავსტრიაში 22 ნოემბრიდან სრული ლოქდაუნი გამოცხადდა, მანამდე, 15 ნოემბრიდან ავსტრიის ხელისუფლებამ ლოქდაუნი მხოლოდ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის გამოაცხადა. 2022 წლის 1 თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილებები ავსტრიის ხელისუფლებამ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რაც, თავის მხრივ, ვაქცინაციის დაბალ დონეს უკავშირდება.

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულოობის შესახებ და დაწესებულ შეზღუდვებს ნოემბრის ბოლოს ავსტრიაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თუმცა მტკიცება, თითქოს ხალხის გამოსვლებმა ავსტრიაში კანცლერების გადადგომა და გაქცევა გამოიწვია, არის ყალბი ამბავი.

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი 10 ოქტომბერს, მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიკორუფციული გამოძიების გამო კანცლერის თანამდებობიდან გადადგა. კანცლერის თანამდებობა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა დაიკავა. შალენბერგი 2-თვიანი მუშაობის შემდეგ კანცლერის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის დარჩა ხელისუფლებაში და კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაუბრუნდა. ავსტრიის ახალ კანცლერად კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ნეჰამერი დაინიშნა.

რეალურად, ავსტრიის კანცლერის გადადგომა და შემდგომ განვითარებული პროცესები კორუფციულ საქმეს უკავშირდება და არანაირ კავშირში არაა სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებთან. ამასთან, ავსტრიის ხელისუფლებაში ცვლილებები (რომელიც კურცის გადადგმით იწყება) გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ვაქცინაციის სავალდებულოობის შესახებ გადაწყვეტილება და საპროტესტო აქციები.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3912 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი