იტვირთება

დეზინფორმაცია: ბილ გეითსი ჩამოახრჩვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ბილ გეითსის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. TVM.ge-ზე გამოქვეყნებული მცირე ზომის სტატიის თანახმად, ბილ გეითსი სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დათქმულ დროზე, 5 ოქტომბერზე ადრე ჩამოახრჩვეს. მასალაში ასევე ნახსენებია, რომ ფაიზერის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი მედიკამენტ „ივერმექტინის“ იდენტურია, ხოლო 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „ციფრული დიქტატურის“ დამყარება მიმდინარეობს. მასალაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის წყაროს ორი ამერიკული გამოცემა: Real Raw News და Globalresearch.ca წარმოადგენს. ინფორმაციაში წარმოდგენილი მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

ბილ გეითსის დათქმულ დროზე, 5 ოქტომბერზე ადრე ჩამოხრჩობის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია გამოცემა Real Raw News ეკუთვნის. Real Raw News-ის „ჩვენს შესახებ“ სექციაში აღნიშნულია, რომ ვებგვერდი საგანმანათლებლო და გასართობი მიზნებისთვის შეიქმნა და მასზე გამოქვეყნებული მასალები იუმორს, პაროდიასა და სატირას შეიცავს. Media bias factcheck-ის თანახმად, ვებგვერდი მიმდინარე თანამედროვე საკითხების შესახებ ირონიული და სატირული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდის მიზანი არ არის მომხმარებლის შეცდომაში განზრახ შეყვანა. მიუხედავად ამისა, ანტივაქსერული ჯგუფები Real Raw News-ზე გამოქვეყნებულ მასალებს რეალური ინფორმაციის სახით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც ავრცელებენ.

Real Raw News-მა ბილ გეითსთან დაკავშირებით აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით რამდენიმე სატირული შინაარსის სტატია გამოაქვეყნა. სტატიებში აღწერილი იყო გამოგონილი სიუჟეტები სათაურებით: „ბილ გეითსის სამხედრო სასამართლო: დღე 1“; „ბილ გეითსის სამხედრო სასამართლო განახლდება სამშაბათს, 31 აგვისტოს“; „ბილ გეითსის სამხედრო სასამართლო: დღე 2“, „დღე 3“, „დღე 4“; „ბილ გეითსმა უარყო განმეორებითი სასამართლო პროცესი“. 1 ოქტომბერს კი ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ბილ გეითსი დათქმულ დროზე ადრე ჩამოახრჩვეს“. მოცემულ სტატიებში წარმოდგენილი დიალოგები და ფაქტები გამოგონილია. ბილ გეითსის ჩამოხრჩობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება მტკიცებებს, რომ ფაიზერის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი მედიკამენტ „ივერმექტინის“ იდენტურია, ხოლო 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „ციფრული დიქტატურის“ დამყარება მიმდინარეობს, ორივე მათგანის წყაროს მასალაში მითითებული ვებგვერდი globalresearch.ca წარმოადგენს. Globalresearch.ca-ს შესახებ Media bias factcheck წერს, რომ ვებგვერდი გადაუმოწმებელ ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალა არ არის სანდო. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ინფორმაცია შემდეგ გადამოწმებას საჭიროებს.

Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტისა და Ivermectin-ს იდენტურობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ უკვე გადაამოწმა. პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა დოქტორმა კევინ ჯ. დაუნსმა apnews.com-თან აღნიშნა, რომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტს და პრეპარატ Ivermectin-ს მკვეთრად განსხვავებული მოლეკულური აგებულება აქვს. აღნიშნული პრეპარატები განსხვავდება მათი სტრუქტურით და მოლეკულების ზომით. ჰალის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორმა შერილ ვოლტერმა კი აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ორ მედიკამენტს პროტეაზას ინჰიბიტორული მსგავსი აქტივობა აქვთ, არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნაირად მოქმედებენ, რადგან ეს ორი მედიკამენტი სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა შექმნილი.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით „ციფრული დიქტატურის“ დამყარება მიმდინარეობს, შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს. ხშირად კონსპირატორები 5G-სა და კორონავირუსს ერთმანეთთან ხელოვნურად აკავშირებენ. რეალურად, 5G-სა და კორონავირუსს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, ხოლო 5G ინტერნეტ-ქსელი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 5G მობილური ქსელები COVID-19-ს არ ავრცელებს. ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2.

tvm.ge-ის შესახებ:

მედია პლატფორმა tvm.ge კორონავირუსთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და მსგავს საკითხებზე უამრავ ყალბ ამბავსა და შეთქმულების თეორიას ავრცელებს, მათ შორის, პირდაპირ უარყოფდა კორონავირუსის არსებობას. გარდა ამისა, ვებგვერდს არაერთხელ გამოუქვეყნებია ანტიდასავლური და დეზინფორმაციული სახის მასალები ისეთი პრორუსული გამოცემებიდან, როგორებიცაა „საქართველო და მსოფლიო“, „ნიუსფრონტი“, „საქინფორმი“. მაგალითად, tvm.ge-მ გამოაქვეყნა „ნიუსფრონტის“ სტატია, სადაც მოცემული იყო მტკიცება, რომ კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოშობილა და ალტერნატიული წარმოშობის ადგილად ლუგარის ლაბორატორიაზე მიანიშნებდა.

tvm.ge-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაცია/პროპაგანდის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ანგარიშებში - „დეზინფომეტრი“.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი