დეზინფორმაცია: კორონათი გაბრიყვებული მსოფლიო გონს მოსვლას იწყებს - ისრაელის მაგალითი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:

Tvm.ge-ის სტატიაში ისრაელის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მაგალითია განხილული. მიუხედავად იმისა, რომ სტატია ვებ-გვერდზე 31 აგვისტოს არის გამოქვეყნებული, Facebook-გვერდი სტალინი მას სექტემბრისა და ნოემბრის თვეებშიც აზიარებდა. აღნიშნულ დროის მონაკვეთში კი ისრაელში სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა. სტატიის ავტორის აზრით, ისრაელმა გაზაფხულზე ლოქდაუნის დაწესებით შეცდომა დაუშვა, რადგან შეზღუდვებს ვირუსული ინფექციის გავრცელება არ შეუჩერებია. აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან კარანტინმა მართლაც შეაფერხა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ასევე სტატიის მიხედვით, ისრაელმა ვირუსთან ბრძოლის სტრატეგია შეცდომებზე დაყრდნობით შეცვალა და ე.წ. „შუქნიშნის გეგმა“ დაამტკიცა. ავტორის მტკიცებით, აღნიშნული გეგმა წერტილოვან შეზღუდვებს მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად საშიშ ადგილებზე ითვალისწინებდა, თუმცა სინამდვილეში, გარკვეული ტიპის შეზღუდვები ქვეყნის ყველა ქალაქზე ვრცელდებოდა. სტატიაში პროფესორების მარკ ლასტისა და იორამ ლასის მოსაზრებებია მოცემული, რომლის თანახმად, ვირუსის დამარცხება „კოლექტიური იმუნიტეტის“ გამომუშავებითაა შესაძლებელი. რეალურად, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის სტრატეგიით ხელმძღვანელობა პანდემიის პირობებში მიზანშეწონილი არ არის. ბოლოში კი ნახსენებია, აქამდე არაერთხელ გაჟღერებული შეთქმულების თეორია, რომ გაზაფხულზე შექმნილი კრიზისი რეალურად გარკვეული პირების ინტერესებს ემსახურებოდა.

ანალიზი:

2020 წლის 31 აგვისტოს, ვებ-გვერდზე tvm.ge გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით - „კორონათი გაბრიყვებული მსოფლიო გონს მოსვლას იწყებს“. აღნიშნულ სტატიას 31 აგვისტოდან Facebook-გვერდი „სტალინი“ პერიოდულად აზიარებდა სხვადასხვა წარწერით. სტატიაში აღწერილია ისრაელის კორონავირუსთან ბრძოლის მაგალითი, რომლის მიხედვითაც, ავტორი ცდილობს, მკითხველს დაანახოს, რომ „დაავადების გავრცელების შესამცირებლად არ არის საჭირო ლოქდაუნი, რადგან დაავადების გადადება ისედაც იწყებს კლებას“. სტატიაში მიმოხილულია ისრაელის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „შუქნიშნის გეგმა“, ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული პროფესორი იორამ ლასის მოსაზრება, რომ სინამდვილეში მსოფლიოში კორონვირუსის არც პირველი და არც მეორე ტალღა არ არსებობს. სტატიაში გაჟღერებული ინფორმაცია დეზინფორმაციას შეიცავს და ყალბი ამბავია.

ისრაელი კორონავირუსის პირველი ტალღის დროს

პანდემიის დასაწყისში ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა და გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესება დაიწყო. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 21 თებერვალს დაფიქსირდა. ისრაელმა უკვე 9 მარტიდან საზღვარგარეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის ორკვირიანი თვითიზოლაცია დააწესა, 12 მარტიდან მთავრობის ბრძანების მიხედვით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა და დაწესებულებები ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 14 მარტს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებით, 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა. ასევე გაიცა კაფეების, რესტორნების, თეატრების და სხვა დაწესებულების დახურვის ბრძანებები და მოქალაქეებს არასაჭირო მგზავრობებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. 19 მარტიდან ქვეყანაში COVID-19-ის ყოველდღიურმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 100-ს გადააჭარბა. ამ დროიდან, მთავრობამ ყველა არაძირითადი ბიზნენის დახურვის ბრძანება გასცა, დასაქმებულებს სოციალური დისტანციის დაცვა მკაცრად მოეთხოვათ, ასევე, შეძლებისდაგვარად, სახლიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაციაც გაიცა. ამ დროისთვის ისრაელში ხალხის გადაადგილება სახლებს გარეთ უკვე მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. 23 მარტიდან დადასტურებულმა შემთხვევებმა 1000-ს მიაღწია, ხოლო მომდევნო სამი დღის განმავლობაში ეს რიცხვი თითქმის გასამმაგდა. 29 მარტს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა და, ამის შემდეგ, კლება დაიწყო.

შეზღუდვების პოლიტიკას თან ისიც დაერთო, რომ ქვეყანაში ტესტირების შესაძლებლობა მაქსიმალურად გაფართოვდა და ამავდროულად შემცირდა ტესტის დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა. აპრილის შუა რიცხვებში კლება დაიწყო აქტიურმა შემთხვევებმაც (active cases) და ახალ დადასტურებულ შემთხვევებსა და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის თანაფარდობამ დაახლოებით ასეთი სახე მიიღო - ყოველ ახალ დადასტურებულ შემთხვევაზე თითქმის 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა მოდიოდა. worldmeters.info-ზე გამოსახულ გრაფიკაშიც ნათლად ჩანს, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, დაახლოებით 20 აპრილიდან თითქმის მაისის ბოლომდე, საგრძნობლად აღემატება დადასტურებულ ახალ შემთხვევებს. შესაბამისად, როგორც ვხედავთ, სტატიაში მოყვანილი მტკიცება, რომ გაზაფხულზე შეზღუდვებს შედეგი არ მოუტანია და ვირუსის გავრცელება არ შეუფერხებია, მცდარია.

წყარო: worldmeters.info

ერთი მხრივ, ქვეყანაში უმუშევრობის პიკმა და, მეორე მხრივ, ინფიცირების შემთხვევების კლებამ, ისრაელის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მაისის შუა რიცხვებისთვის, რადგანაც ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ რამდენიმე ათეულზე დავიდა, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ „ეკონომიკის გახსნა“ გადაწყვიტა და ვირუსზე გამარჯვება გამოაცხადა. რაც შეეხება უმუშევრობას, უმუშევრობის დონემ დაახლოებით 24%-ს მიაღწია, რაც ძირითადად დასაქმებულების უხელფასო შევებულებაში გაშვებით იყო განპირობებული. ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა გადაწყვიტა. მაღაზიების გახსნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილობრივ აღდგენით, ბავშვების თანდათანობით სკოლებში დაბრუნებითა და გადაადგილებაზე შეზღუდვების შემსუბუქებით ისრაელი ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ისრაელი კორონავირუსის „მეორე ტალღის“ ზღვარზე

აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებამ ისრაელს ვირუსთან ბრძოლაში უფრო მეტი პრობლემა მოუტანა. ფაქტობრივად, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ზრდა ივნისიდან ეტაპობრივად დაიწყო და ივლისიდან ამ მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა. შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირების დონე ფაქტობრვად 500 პროცენტით გაზარდა, ტესტირების შესაძლებლობებიც მაქსიმალურად გადატვირთა და საბოლოოდ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაც კი გამოიწვია. მინისტრის აზრით, ეკონომიკის გახსნა ზედმეტად სწრაფი ტემპებით ხდებოდა, რაც უარყოფითად იმოქმედებდა ინფიცირების დონეზე და ამგვარი ქმედება ფაქტობრივად, პირველი ლოქდაუნის მონაპოვარს წყალში ჩაყრიდა. მოვლენები მართლაც აღნიშნული სცენარით განვითარდა. შესაბამისად, სტატიაში მოყვანილი მტკიცება, რომ ლოქდაუნს ვირუსის გავრცელების შემცირებაზე არ უმოქმედია, მცდარია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მარტში დაწესებული შეზღუდვების ფონზე ნამდვილად შემცირდა. ივლისში ვირუსის გავრცელების ზრდა კი სწორედ ზემოთხსენებული შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია.

ქვეყანაში შექმნილმა გაუარესებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ მთავრობას ბარებისა და სადღესასწაულო დარბაზების დახურვისკენ კიდევ ერთხელ უბიძგა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრის იერუსალიმის რეზიდენციასთან ათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით იკრიბებოდა. მათი აზრით, პრემიერის მიერ პანდემიის არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია.

როგორც ფაქტებითაც დასტურდება, ისრაელში, ეპიდემიის საწყის ეტაპზე, შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ისრაელმა მთავარ მიზანს მიაღწია - კონკრეტულ პერიოდში სამედიცინო სისტემა გადატვირთვისგან დაიცვა და ვირუსული ინფექციის გავრცელება შეამცირა.

კორონავირუსთან ბრძოლის „შუქნიშნის გეგმა“

სტატიაში, პანდემიის კონტროლის მიზნით სპეციალურად დანიშნული კოორდინატორის რონი გამზუს ე.წ. „შუქნიშნის გეგმაზეა“ საუბარი. სტატიის ავტორის აზრით, ეს გეგმა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, თუმცა ასე არაა, რადგან განსხვავებული სიმძიმის შეზღუდვები ყველა ზონაზე ვრცელდება. რონი გამზუს გეგმის მიხედვით, კორონავირუსის მართვა ადგილობრივ დონეზე უნდა მომხდარიყო და შესაბამისად, მკურნალობის სადავეებიც ადგილობრივ ხელისუფლებებს გადაეცემოდა.

შუქნიშნის გეგმის თანახმად, თითოეულ ქალაქს ორ კვირაში ერთხელ მიენიჭებოდა ქულა 1-დან 10-მდე. ეს რიცხვი გამოითვლებოდა რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, მათ შორის ახალი შემთხვევების რაოდენობით 100 ათას მოსახლეზე, ყოველკვირეულად ტესტირების დადებითი პასუხების მთლიანად ჩატარებულ ტესტებთან ფარდობით მაჩვენებელზე და ქალაქში პაციენტების ზრდის რაოდენობაზე. ქვეყნის მასშტაბით ქალაქებს მიენიჭებოდა „წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე“ სტატუსი. მაგალითად, ქალაქები, რომელთა საშუალო ქულა 7,5 ან მასზე მეტი იქნებოდა განისაზღვრებოდა „წითლად“, 6-7,5 ქულებს შორის ნარინჯისფრად, 5-6 ქულის ფარგლებში „ყვითლად“, ხოლო 4.5-ზე ნაკლები ქულის მქონე ქალაქები „მწვანედ“ მოინიშნებოდა.

„წითელ“, „ნარინჯისფერ“, „ყვითელ“ და „მწვანე“ ქალაქებში დახურულ სივრცეში შეკრებები იზღუდებოდა ჩამოთვლილი ზონების ფერების შესაბამისად - 10, 25, 50, 100 კაცამდე, ღია სივრცეში კი 20, 50, 100, 250 კაცამდე. სპეციალური ნებართვით შეზღუდვა „მწვანე“ ზონაში, შესაძლებელია, 500 კაცამდეც გაზრდილიყო. რაც შეეხება კერძო და საჯარო დაწესებულებებს, ქალაქების მიხედვით აქაც დაწესდა შესაბამისი შეზღუდვები. მაგალითად, „ნარინჯისფერ“, „ყვითელ“, „მწვანე“ ზონებში დახურულ სივრცეში დაწესებულებებს შეკრებებისთვის შეეძლოთ შესაბამისად სივრცის 20, 40, 60 პროცენტი, ღია სივრცეში კი 40, 60 და 80 პროცენტი გამოეყენებინათ.

აღნიშნული გეგმით დაშვებული იყო ლოცვის ჩატარება 250-მდე ადამიანს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, 20-კაციან ჯგუფებად დაიყოფოდნენ. თითოეულ ჯგუფში წევრებს, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არ იყვნენ, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია უნდა დაეცვათ. მლოცველებს შეეძლოთ დახურული სივრცის გამოყენებაც, ეს სივრცე კი მინიმუმ 40 კვადრატული მეტრის სიდიდის უნდა ყოფილიყო, რათა მასში ადამიანებს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შეძლებოდათ. უფრო დიდ სივრცეში, 1000 ადამიანის მოთავსებაც შეიძლებოდა თუ ოთხ კვადრატულ მეტრზე ერთზე მეტი ადამიანი არ იდგებოდა.

შუქნიშნის სისტემის მიხედვით,საგანმანათლებლო სფეროს, საზოგადოებრივი ტრასპორტის, სამუშაო ადგილების, ღონისძიებების, პარკების, მოლებისა და მუზეუმების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსხვავებული შეზღუდვები დაწესდა. მაგალითად, „წითელი“ კატეგორიის ქალაქებში სკოლების გახსნის მოწინააღმდეგე იყო თავად გეგმის ავტორი. გამზუს თქმით, ქალაქებში დაწესდებოდა ძალიან ბევრი შეზღუდვა, როგორც ბიზნესზე, ასევე კომერციულ აქტივობაზე, ქუჩაში გადაადგილებაზე და, შესაძლოა, სრული ლოქდაუნიც გამოცხადებულიყო. შესაბამისად, მტკიცება, რომ მხოლოდ ეპიდემიოლოგიურად საშიში ანუ წითელი ზონები იქნება შეზღუდვების ობიექტი და არა მთელი ქვეყანა ერთდროულად, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, შეზღუდვებიი შეეხო ყველას, იმის მიხედვით, კონკრეტულ ზონაში როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყო.

მარკ ლასტი, იორამ ლასი და „კოლექტიური იმუნიტეტი“

სტატიაში, პროფესორ მარკ ლასტის მოსაზრებებია მოყვანილი პანდემიასა და „კოლექტიური იმუნიტეტის შესახებ“. მტკიცება, რომ “დაავადების გავრცელების შესამცირებლად არ არის საჭირო ლოქდაუნი, რადგან დაავადების გადადება ისედაც დაიწყებს კლებას”, მცდარია. თავად ისრაელის მაგალითზეც ნათელია, რომ ლოქდაუნმა და სხვა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ინფექციის გავრცელების მასშტაბები. ლასტის აზრით: „ვირუსი, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ვრცელდება მთელ მოსახლეობაში და შემდეგ მოსახლეობა, და არა რისკის ქვეშ მყოფი პირები, ექვემდებარებიან ვირუსს და ამავდროულად, სხეული ქმნის ანტისხეულებს დაავადების გასაჩერებლად და თავიდან ასაცილებლად“.

როგორც ვხედავთ, პროფესორი ლასტი „კოლექტიური იმუნიტეტის“ ან ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მომხრეა. მისი აზრით, ისრაელში მალე ინფიცირებულებისა და უკვე გამომუშავებული ანტისხეულების მქონე ადამიანების რიცხვი დაახლოებით ერთნაირი იქნებოდა. შესაბამისად, ვირუსის შეკავება ბუნებრივად მოხდებოდა და ლოქდაუნის ან მკაცრი ზომების დაწესება ამისთვის საჭირო არ იქნებოდა.

ცნობისთვის, ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტი“ მიიღწევა მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნური ხდება დაავადების ან ვირუსის მიმართ. ამ დროს დაავადების გავრცელება ჩერდება, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი რჩება, ვინც შესაძლოა, ვირუსით დაავადდეს. შესაბამისად, ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ორი გზით არის შესაძლებელი- ფართო ინფიცირებით და ვაქცინაციით. ფართო ინფიცირება საკმაოდ რთული მისაღწევია, მაგალითად, წითელაზე ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როცა 20-დან 19 ადამიანი მოიხდის დაავადებას. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ რეალურად COVID-19 ბოლომდე შესწავლილი ვირუსი არ არის, შესაბამისად, დარწმუნებით არავინ იცის, ადამიანების მასობრივ დაინფიცირებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ერთი ფაქტი რაც ცნობილია არის ის, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის მცდელობა ძალიან ბევრი ადამიანის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გაზრდას და უარეს შემთხვევაში, გარდაცვალებას გამოიწვევს.

სტატიის დასაწყისში, კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე რაციონალურ მებრძოლად შვედეთია მოხსენიებული. სავარაუდოდ, სტატიის ავტორის კეთილგანწყობა შვედეთმა მნიშვნელოვანი შეზღუდვების არ არსებობისა და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის პოლიტიკით დაიმსახურა. ცნობისთვის, tvm.ge-ის სტატიის გამოქვეყნების დროს (31 აგვისტო), შვედეთში სულ სხვა მდგომარეობა იყო და დღეს შვედეთშიც მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებს (სტატიის გავრცელების პერიოდში სურათი უკვე რადიკალურად შეცვლილი იყო). სწორედ, შვედური მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის ნათელ მაგალითად, რომ ჯოგური იმუნიტეტის სტრატეგია ნამდვილად არ ამართლებს. ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შვედეთში არ გამოცხადებულა კარანტინი, ამასთანავე არ დახურულა მაღაზიები, რესტორნები, ბარები, სკოლები, ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს (19 მარტიდან მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჩაკეტა საზღვრები, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ისლანდიისა და ნორვეგიის გამოკლებით). მარკ ლასტის მსგავსად, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ადერ ტეგნელიც ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავების იმედზე იყო. მისი ვარაუდით, ნაკლებად შემზღუდველი პოლიტიკის ხარჯზე, მოსახლეობას შემოდგომისთვის მაღალი დონის იმუნიტეტი გამოუმუშავდებოდა, რაც კორონავირუსის მეორე ტალღის დარტყმის ეფექტებს უფრო ნაკლებ დამაზიანებელს გახდიდა. თუმცა, რეალურად შემოდგომაზე შვედეთში საპირისპირო სურათი დადგა.

როგორც ჩანს, შვედურმა მოდელმა მართლაც არ გაამართლა. 16 ნოემბერს სახელმწიფო პირებმა შეზღუდვების დაწესება დაიწყეს (8 პირზე მეტის შეკრების აკრძალვა, საღამოს 10 საათის მერე რესტორნებსა და ბარებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა და სხვა). სამთავრობო მოწოდებებიც მაქსიმალურად მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება თავყრილობებს მოერიდოს. შვედეთის შერბილებულმა პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან 10-მილიონიან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 380 095 ადამიანს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 8 000-ს გადააჭარბა (2020 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით). როგორც ვხედავთ, შვედეთი ვერც პანდემიის მეორე ტალღას გადაურჩა და შედეგად მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მიიღო. ჯოგური იმუნიტეტი ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რომ არ არის, ამაზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

სტატაში ასევე ნახსენებია პროფესორი ლასი, რომელიც პანდემიის დასაწყისიდანვე გამოირჩეოდა განსხვავებული პოზიციით. მისი აზრით, ჩვეულებრივი გრიპი უფრო მომაკვდინებელი ვირუსია, ვიდრე კორონავირუსი. ამის გამო, პროფესორს ისრაელში კორონაპანდემიის დროს დაწესებული კარანტინი არამიზანშეწონილად მიაჩნდა. მისი აზრით, საზოგადოებაში დათესილი პანიკა და ნეგატიური განწყობა უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე კორონავირუსის არსებობა და მისი შედეგები. ლასის აზრით, მსოფლიო მონაცემების თანახმად, საგანგაშო არაფერია, ხოლო კარანტინს და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოსახლეობისთვის მხოლოდ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მოაქვს. პროფესორის თქმით, ნებისმიერი ვირუსი ან თუნდაც ბოლო წლებში ცნობილი ღორის გრიპი, მთავრობებს არ შეუჩერებიათ და მათი დამარცხება ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავების შედეგად მოხდა, შესაბამისად პროფესორი ლასიც კოლექტიური ანუ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მომხრეა.

იორამ ლასი, ასევე მკაცრად უარყოფს იმ იდეას, რომ ისრაელში კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღები იყო. ის სწორებას გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობაზე აკეთებს. ჯერ კიდევ ივლისში, მისი აზრით, ისრაელი არანაირ მეორე ტალღაში არ შედიოდა, რადგან რეალურად ქვეყანაში პირველი ტალღაც არ ყოფილა. სინამდვილეში, ისრაელში ივნისის ბოლოს უკვე აქტიურად კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღაში შედიოდა. ლასის აზრით, სახეზე სიკვდილიანობის გადაჭარბებული რაოდენობა უნდა იყოს, რომ ვირუსის გავრცელება ეპიდემიად ჩაითვალოს, რაც კორონავირუსის შემთხვევაში არ მომხდარა. თუმცა, პროფესორის მიდგომას ექიმი რაჰავი უპირისპირდებოდა და ამბობდა, რომ მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე დაკვირვება არასწორია. კორონავირუსისგან ბევრი ადამიანი იღუპება და გამოჯანმრთელებულ პაციენტებსაც ბევრ პოსტკოვიდურ გართულებასთან უწევთ ბრძოლა. აქვე აღსანიშნავია, რომ პროფესორი ლასი კორონავირუსს, ფაქტობრივად, ადარებს გრიპის ვირუსს, მაშინ როდესაც უკვე არაერთხელ ითქვა, რომ მათი ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ამ თემასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა.

ისრაელი და მეორე საყოველთაო ლოქდაუნი

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუქნიშნის გეგმა ძალაში 6 სექტემბერს შევიდა, რონი გამზუს გეგმა რეალურად მიზნად საყოველთაო ლოქდაუნს არ ითვალისწინებდა. თუმცა, ისრაელის გეგმები ინფიცირების დონის მატებამ შეცვალა. ისრაელში ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევები 3-4 ათასის ფარგლებში მერყეობდა, საერთო ჯამში კი 40 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა. ვინაიდან და რადგანაც, წინ ტრადიციული რელიგიური დღესასწაულები იყო, რაც ბუნებრივია გულისხმობდა იმას, რომ ხალხი ოჯახებში და მლოცველები სინაგოგებში შეიკრიბებოდნენ, საავადმყოფოს დირექტორებმა მთავრობა გააფრთხილეს, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდიდა თუ შემთხვევათა რაოდენობა ამ დღეებში ისევ გაიზრდებოდა. მაგალითად, ჩრდილოეთ ისრაელში საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი განაცხადა გადატვირთულობის გამო.

შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ისრაელმა მეორე საყოველთაო კარანტინის დაწესება გადაწყვიტა. ლოქდაუნი 18 სექტემბერს ამოქმედდა, ებრაულ ახალ წელს და ის დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კარანტინი ქვეყანას ძვირად დაუჯდებოდა, მაგრამ ინფიცირების ასეთი დონით (4 000 შემთხვევა დღეში) სხვანაირად მოქცევა არ შეიძლებოდა.

მოსახლეობას კარანტინის ფარგლებში საკუთარი სახლებიდან 500 მეტრზე მეტი მანძილით მოშორება აეკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა დაეკისრებოდათ. ასევე გავრცელდებოდა შეზღუდვები მაღაზიებზე, მოლებზე და სხვა დაწესებულებებზე, მსგავსად პირველი კარანტინისა.

მთავრობის ყველა წევრი ამ შეზღუდვების მომხრე არ ყოფილა, ულტრაორთოდოქსული პარტიის ლიდერმა იაკოვ ლიცმანმა მინისტრის თანამდებობა დატოვა, რადგან მისი აზრით, აღნიშნული ზომები ებრელებს ხელს შეუშლიდა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაში, რაც ლიცმანისთვის თავის მხრივ მიუღებელი იყო.

ისრაელში მეორე საყოველთაო ლოქდაუნი ოქტომბრის ბოლოდან მოიხსნა. მოქალაქეებს კვლავ თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება სახლებს გარეთ, ასევე დაიშვა შეკრებები ძველი დაწესებული ნორმების ფარგლებში (10 დახურულ სივრცეში, 20 ღია სივრცეში), გაიხსნა სკოლებიც. თუმცა, ამჯერად შეზღუდვების ბოლომდე შემსუბუქება 2021 წლის თებერვლამდე გადავადდა. ამასთანავე, ნოემბერში რონი გამზუმ თანამდებობა დატოვა და ის ახმან აშმა ჩაანაცვლა. 14 დეკემბრის კვირიდან ისრაელში მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, ღია ბაზრები კვლავ გაიხსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ამუშავდა.

ლოქდაუნი არ არის საჭირო და მისით გარკვეული პირები სარგებლობენ

სტატიაში მოყვანილია მტკიცება, რომ გაზაფხულზე გამოცხადებული ლოქდაუნი შეცდომა იყო და „მსოფლიო კრიზისით გარკვეულმა პირებმა ხელი მოითბეს და ათეულობით მილიარდი დოლარი ასეულ მილიარდ დოლარად აქციეს“. აღნიშნული მტკიცება მცდარია. ლოქდაუნს, ბუნებრივია, ბევრი უარყოფითი თანმხლები შედეგები აქვს, რაც სულ მცირე ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და უფრო დიდი მასშტაბით - ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. თუმცა კონკრეტულად ისრაელის მაგალითზეც ნათელია, რომ როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, პირველ ეტაპზე უკეთესი მობილიზაციისა და სიტუაციის კონტროლისთვის ლოქდაუნი ერთ-ერთი კარგი გზა გამოდგა. ამასთანავე, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ასოცირებული დეკანი ელიზაბეთ სტიუარტი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ინფექციური დაავადებების ექსპერტი დოქტორი სტიუარტ რეი, ლოქდაუნის დადებით ეფექტს აღნიშნავენ. ლოქდაუნი SARS-Cov-2–ის გადაცემას ამცირებს და შეზღუდვების უფრო „მიზანმიმართულმა“ ან „პროპორციულმა“ მიდგომამ შეიძლება შეამციროს ზოგადად ინფექციის რისკი, ასევე ეკონომიკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დაბალანსებაც მოახდინოს. აქვე, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ისრაელი ნანობდა გაზაფხულზე დაწესებულ შეზღუდვებს, რეალურად კი ისრაელი პირველი ტალღის ბოლოს ლოქდაუნის მოხსნას, შეზღუდვების ნაადრევ შემსუბუქებასა და ეკონომიკის სწრაფად გახსნის პროცესს მიიჩნევს შეცდომად, რამაც უკვე ზემოთ აღწერილი მეორე ტალღა, მეორე საყოველთაო ლოქდაუნი და სხვა შეზღუდვები გამოიწვია.

რაც შეეხება, მტკიცებას, რომ მსოფლიო კრიზისით გარკვეული პირები სარგებლობდნენ, ნამდვილად არ არის ახალი. პანდემიის დასაწყისიდან აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორია თუ დეზინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ბევრი იმასაც ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს, რომ რეალურად პანდემია არ არსებობს და შეზღუდვები თუ ლოქდაუნები სახალხო პანიკის დასათესადაა გამიზნული და რეალურად შექმნილი მდგომარეობით მხოლოდ გარკვეულ ადამიანთა წრეები ან ქვეყნები სარგებლობენ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: